რესპუბლიკის ამბები

აფხაზეთის სახალხო საბჭო საქართველოს მთავრობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 29 მაისი, N116

აფხაზეთის სახალხო საბჭო აფხაზეთის ხალხის სახელით სალამს უძღვნის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას. მთელი წლის განმავლობაში მას მიჰყავდა თავისი ხალხი დემოკრატიული წყობილების განმტკიცების გზაზე. იცავდა მას შინაურ ანარქიიდან და გარშემოსეული კონტრ-რევოლუციონერთაგან. საბჭოს ღრმად სწამს, რომ საქართველოს დემოკრატია შესძლებს დაიცვას და შეინარჩუნოს რევოლუციის მონაპოვარნი და თანაც მიაღწიოს სხვა დემოკრატიასთან სოლიდარობას.

სახალხო საბჭოს თავმჯდომარე  შერვაშიძე

აფხაზეთის სახალხო საბჭო – ლეგიტიმური საკანონმდებლო ორგანო, რომელიც აირჩა აფხაზეთის ტერიტორიაზე პირველი საყოველთაო არჩევნების შედეგად 1919 წლის 13 თებერვალს.

აფხაზეთის სახალხო საბჭო იყო მრავალპარტიული და მრავალეროვნული. შედგებოდა 40 დეპუტატისგან, რომლებიც 7 ფრაქციაში იყვნენ განაწილებული (27 სოციალ-დემოკრატი, 4 დამოუკიდებელი სოციალისტი, 3 უპარტიო მემარჯვენე, 3 ესერი, 1 ეროვნულ-დემოკრატი, 1 სოციალისტ-ფედერალისტი, 1 უპარტიო კოლონისტი), 20 იყო ეთნიკური აფხაზი. 40 დეპუტატიდან 7 (4 დამოუკიდებელი სოციალისტი, 3 უპარტიო მემარჯვენე) იყო რადიკალურად ანტიქართულად განწყობილი. მათ შექმნეს „დამოუკიდებელი ფრაქცია“, რომლის მიზანი აფხაზეთისთვის მაქსიმალური სუვერენიტეტის მოპოვება იყო.

საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა 1919 წლის 18 მარტს. საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს არზაყან ემუხვარი. შემდგომში ის იყო აგრეთვე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე. 20 მარტის სხდომაზე მიღებულ იქნა „აქტი აფხაზეთის ავტონომიის შესახებ“. დოკუმენტი ითვალისწინებდა აგრეთვე აფხაზეთის სახალხო საბჭოს და საქართველოს დამფუძნებელი კრების წარმომადგენელთა მონაწილეობით შექმნილი პარიტეტული კომისიის მიერ აფხაზეთის კონსტიტუციის შემუშავებას. კონსტიტუციის მიღება გაჭიანურდა ოპოზიციის უკომპრომისო პოლიტიკის გამო. 1920 წლის ოქტომბერში აფხაზეთის სახალხო საბჭომ დაამტკიცა „დებულება აფხაზეთის ავტონომიური მართვის შესახებ“.

წითელი არმიის აფხაზეთში შეჭრის და 1921 წლის 4 მარტს სოხუმის დაკავების შემდგომ აფხაზეთის სახალხო საბჭომ შეწყვიტა საქმიანობა.

მსგავსი/Related

Back to top button