skip to content
ახალი ამბები

თბილისი და საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის არჩევნების ჩატარებას გმობენ

საქართველომ და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ლატვიამ, ავსტრიამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შვედეთმა, რუმინეთმა, ლიეტუვამ და გერმანიამ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საპრეზიდენტო „არჩევნების“ უკანონოდ ჩატარება დაგმეს.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების გახსნა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევაა. საზღვრების ეს აშკარა უგულებელყოფა კიდევ ერთხელ ამხელს რუსეთის იმპერიულ ამბიციებს“, – დაწერა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე 18 მარტს. „მადლიერნი ვართ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, რომლებიც ჩვენს გვერდით დგანან საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს, და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, „სათანადო შეფასება მისცეს და რეაგირება მოახდინოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ“.

„ევროკავშირი უკანონოდ მიიჩნევს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე. ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული რჩება“, – დაწერა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 18 მარტს ტვიტერზე.

14 მარტს, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის არ აღიარებს „რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების უკანონოდ ჩატარებას“ და მის შედეგებს დნესტრისპირეთში, ასევე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

ლატვიამ საკუთარი პოზიცია 17 მარტს გაიმეორა და უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს რეგიონებში უკანონო არჩევნები და მისი შედეგები კიდევ ერთხელ დაგმო.  

15 მარტს, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტვიტერზე დაწერა, „მტკიცედ ვგმობთ ყალბ არჩევნებს ოკუპირებულ დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონში, ზაპორიჟიეში, ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში, ასევე დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს „არჩევნები“ უკანონოა, მათი შედეგები ლეგიტიმაციას მოკლებულია!“

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უბნების გახსნას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და მოლდოვის დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე. კრემლი კვლავ არღვევს ამ ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – დაწერა 16 მარტს ტვიტერზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენმა.

„შვედეთი მკაცრად გმობს უკანონო „არჩევნებს“ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც მოლდოვისა და საქართველოს რეგიონებში საარჩევნო უბნების გახსნას ხელისუფლების თანხმობის გარეშე. რუსეთი კვლავ მოქმედებს საერთაშორისო სამართლის უხეშად დარღვევით“, – დაწერა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტვიტერზე 16 მარტს.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე „მკაცრად“ დაგმო „რუსეთის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, შესაბამისად, მოლდოვისა და საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე“.  „ეს არის უკანონო და არღვევს საერთაშორისო სამართალს“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის სიტყვებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „რუსეთი ყალბ „არჩევნებს“ ატარებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე საქართველოს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში, მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონში, საქართველოსა და მოლდოვის ხელისუფლებების ნების საწინააღმდეგოდ. ეს არის კიდევ ერთი თავდასხმა მისი მეზობლების სუვერენიტეტსა და გაეროს წესდებაზე“.

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ „არჩევნები რუსეთში იყო არჩევნები არჩევნების გარეშე“ და „ე.წ. „არჩევნების“ ჩატარება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს“.

გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა 17 მარტს ტვიტერზე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „არჩევნები“ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის ბათილი და საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთი დარღვევა. „იგივე ეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ასევე დნესტრისპირეთს. არა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“, – წერს ელჩი.

„პოლონეთი მკაცრად გმობს ამგვარი კონფიგურაციით საქართველოსა და მოლდოვის ხელისუფლებების თანხმობის გარეშე ასეთი არჩევნების ჩატარებას. უფრო მეტიც, იქ „არჩევნები“ ზეწოლის წესით და სამართლისა და დემოკრატიის საბაზისო სტანდარტების დარღვევით ჩატარდა“, – დაწერა პოლონეთის საელჩომ თბილისში „ფეისბუქზე” 18 მარტს.

„ესტონეთი მკაცრად გმობს პუტინის ე.წ. „არჩევნების“ ჩატარებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე აფხაზეთში, ცხინვალსა და მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონში. კიდევ ერთი თავდასხმა მისი მეზობლების სუვერენიტეტსა და საერთაშორისო სამართალზე“, – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტვიტერზე.

„ესტონეთი გმობს რუსეთის ყალბ არჩევნებს საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არ შეესაბამება რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი გეგმით აღებულ ვალდებულებებს“, – დასძინა ესტონეთის ელჩმა საქართველოსა და სომხეთში, რიინა კალიურანდმა.

„რუსეთის საარჩევნო უბნები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ნორვეგია სრულად უჭერს მხარს – და რუსეთმა პატივი უნდა სცეს – საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – დაწერა 18 მარტს ტვიტერზე ნორვეგიის ელჩმა საქართველოსა და სომხეთში, ბერგლიოტ ჰოვლანდმა.

18 მარტს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო „ის ფაქტი, რომ რუსეთმა საარჩევნო უბნები გახსნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში საქართველოსა და მოლდოვის ხელისუფლებების თანხმობის გარეშე“.

მასალა განახლდება...

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button