არძინბა UNDP-ს ულტიმატუმს უყენებს და „ადეკვატური ზომებით“ იმუქრება
ოკუპირებული აფხაზეთის მთავარი დიპლომატი ინალ არძინბა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროგრამულ მენეჯერთან ვარდონ ჰოჯასთან შეხვედრისას „დროული და ადეკვატური ზომებით“ დაიმუქრა, თუ UNDP-ი 7 მარტის 18:00 საათამდე ოფიციალურად არ უარყოფს „USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზნებს“.
მედიის ინფორმაციით, მან ასევე მოითხოვა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული აფხაზური საინფორმაციო რესურსების სიის, ასევე მათი მიზნებისა და დაფინანსების მოცულობის გამოქვეყნება.
გავრცელებული ინფორმაციით, არძინბამ გააპროტესტა „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელშიც მითითებულია USAID-ის მიერ UNDP-ის დაფინანსების მიზნები და ამოცანები, რომელიც, როგორც დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, ასევე მოიცავს „ აფხაზეთის დეოკუპაციისა“ და „კრემლის საზიანო გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის“ მიზნებს.
არძინბას თქმით, ასეთი პუბლიკაცია ზიანს აყენებს UNDP-ის, როგორც გაეროს სააგენტოს რეპუტაციას და „გაეროს წესდების მიზნებს ეწინააღმდეგება“.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, არძინბამ UNDP-ის პროგრამის მენეჯერის ყურადღება მიიპყრო „გაეროს განვითარების პროგრამის მიერ აფხაზეთის საინფორმაციო რესურსების დაფინანსების კონკრეტულ ფაქტებზე, რომელთა მიზანიც საზოგადოებრივი აზრის დესტაბილიზაციაა“.
2023 წლის ნოემბერში, დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავენ, რეგიონში აღარ შეუშვებენ. მალევე, 2023 წლის დეკემბერში, „გაუმჭვირვალე საქმიანობებისა და დეზინფორმაციის შესახებ“ შეშფოთების საპასუხოდ, არძინბამ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და გაეროს სააგენტოებთან ურთიერთობის შესახებ ახალი მიდგომის შესახებ გააკეთა განცხადება და USAID-ის კავკასიის მისიის ხელმძღვანელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. არძინბას თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება განაპირობა „პროექტის კითხვარებში აღმოჩენილმა შეუსაბამობებმა“, განსაკუთრებით გაეროს განვითარების პროგრამის „პარტნიორობა მდგრადობისთვის“ კითხვარებში, რომელიც USAID-ის მიერაა დაფინანსებული.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)