ახალი ამბები

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაკარგული 12 პირის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC) 27 მარტს განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი 21 მარტს ოჯახებს გადაეცა.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამართულ შეხვედრაზე გარდაცვლილთა ოჯახებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ინფორმაცია მათი ახლობლების ნეშტების მოძიების, ექსჰუმაციისა და ამოცნობის პროცესის შესახებ.

„გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან, რადგან წელს მათი პასუხისმგებლობები უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების მხარდაჭერისა ჰუმანიტარული ამოცნობის პროცესის კუთხით გაიზრდება.  2024 წლის განმავლობაში ხელისუფლებასთან ერთობლივად, ასევე, განვაგრძობთ დაკარგული პირების ოჯახების ინფორმირებას, კონსულტაციებს, რათა მათი მოსაზრებები და წუხილი სათანადოდ იქნას გათვალისწინებული“, – აღნიშნა ან მონტავონმა, ICRC-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში.

2010 წელს საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, სულ მოძიებულია და ოჯახებს დაუბრუნდა 285 ადამიანის ნეშტი, რომლებიც 1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას და მის შემდგომ უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. დღეისათვის, ამ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ჯერაც დაკარგულად ითვლება 1859 სამხედრო და სამოქალაქო პირი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button