skip to content
ახალი ამბები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის 90%-ზე მეტმა პუტინს მისცა ხმა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის 90%-ზე მეტმა რუსეთის საპრეზიდენტო „არჩევნებზე“ ხმა ვლადიმირ პუტინს მისცა, იტყობინება რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახური „ეხო კავკაზა“ რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით.

აფხაზეთში პუტინს ხმა 94%-მა მისცა (38 945 ხმა), ხოლო ცხინვალი/სამხრეთ ოსეთში – 96.3%-მა (14 688 ხმა).

„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, მონაცემები არ შეიცავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მდებარე სამხედრო ნაწილების შედეგებს.

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერებმა პუტინს 18 მარტს საპრეზიდენტო არჩევნებში „დამაჯერებელი“ გამარჯვება მიულოცეს.

აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას თქმით, პუტინის გამარჯვება „არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მსოფლიო საზოგადოების უმრავლესობის გამარჯვებაა“. მან ასევე განაცხადა, რომ ეს არის რუსი პოლიტიკოსის ძალისხმევის „საერთაშორისო აღიარების“ დასტური „ახალი სამართლიანი მსოფლიო წესრიგის დამყარების გზაზე“.

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, რუსეთი გააგრძელებს მიზნების მიღწევის, მათ შორის სპეციალურ ოპერაციაში გამარჯვების მიღწევის გზას”, – ნათქვამია ბჟანიას მისალოც წერილში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა ასევე მიულოცა პუტინს არჩევნებში გამარჯვება. მისი თქმით, „პუტინის ლიდერობამ და მის მიერ ქვეყნის მართვამ შესაძლებელი გახადა უზარმაზარი ნახტომის გაკეთება ქვეყნის განვითარებაში და რუსეთის პოზიციების შთამბეჭდავი გაძლიერება მსოფლიოში“.

„თქვენი დაუღალავი შრომა ეკონომიკის განვითარების, უმუშევრობის შემცირებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიმართულებით აღფრთოვანებასა და აღიარებას იმსახურებს. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ხალხმა გააკეთა ერთადერთი სწორი არჩევანი, რის წყალობითაც ქვეყანა გააგრძელებს დაგეგმილ კურსს და კიდევ უფრო ძლიერი, წარმატებული და აყვავებული გახდება“, – ნათქვამია გაგლოევის მისალოც წერილში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ისევე როგორც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, დაგმო რუსეთის არჩევნების ჩატარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განაცხადა, რომ „აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს, და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button