skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ BBC HARDtalk-თან

BBC HARDtalk-თან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთის ხალხს „შეიძლება სურდეთ საქართველოსთან ერთად ევროკავშირის ნაწილად ყოფნა“ და დასძინა, რომ ეს ის „პერსპექტივაა“, რისი შეთავაზებაც საქართველოს მათთვის შეუძლია. პრეზიდენტმა ეს კომენტარი ჟურნალისტის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ‘აფხაზეთის საზოგადოებას შეიძლება არ სურდეს რუსეთის ნაწილად ყოფნა, მაგრამ მათ არ სურთ იყვნენ საქართველოს ნაწილი’.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონში ამის სურვილი არ არსებობს, „ის დიდი სამხედრო ბაზაა, აქ მცხოვრებნი ფაქტობრივად ამ სამხედრო ბაზაზე მუშაობენ. ამიტომ, ამ შემთხვევაში, გეთანხმებით. ვერ ისაუბრებ პოლიტიკურ ნებაზე“.

ინტერვიუში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა რუსეთის აგრესიულ ომზე უკრაინის წინააღმდეგ და იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ის უქმნის საქართველოს, ასევე საქართველოს საშინაო საკითხებზე, მათ შორის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე და ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე და საქართველოს მიმართ რუსეთის საფრთხეებზე საუბრისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „რუსეთს არა მარტო საქართველოს კონტროლი, არამედ ალბათ ევროპის ნაწილების კონტროლიც უნდა“. ამიტომ, მისი თქმით, ყველას უნდა ეშინოდეს „თუ პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში წარმატებული იქნება. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ის უკრაინაში წარმატებულია. ის უკრაინაში თავის სტრატეგიულ ამბიციებს კარგავს“.

როდესაც პრეზიდენტს ოკუპირებულ ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის გახსნაზე რუსეთის გეგმების შესახებ ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ „უკვე უნდა მოვახდინოთ რეაგირება, არ უნდა დაველოდოთ როდის დაიწყებს პორტი ფუნქციონირებას“. მისი თქმით, „ევროპელებმა უნდა გაიაზრონ, რადგან შავი ზღვა რისკის ქვეშაა… აღქმული უნდა იყოს, რომ ევროკავშირი შავ ზღვას განიხილავს, როგორც დე ფაქტო ევროპულ ზღვას“.

როდესაც პრეზიდენტს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების და რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდის შესახებ ჰკითხეს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო „ოდნავ მეტად“ არის დამოკიდებული რუსეთზე, თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო რუსეთთან „ახლოსაა“.

კითხვაზე, თუ როგორია საქართველოს პოზიცია ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე რუსეთთან დაახლოებასთან ერთად, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გაიმეორა ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერა დასავლეთში ინტეგრაციის მიმართ. მაგრამ როდესაც ჟურნალისტმა მას მთავრობის პოზიციაზე ჰკითხა, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „მთავრობები მოდიან და მიდიან“. მან ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, „სამთავრობო რიტორიკა შეიცვალა, მთავრობა შეიცვალა, პრემიერ-მინისტრი შეიცვალა და გვყავს ახალი პრემიერი, რომელსაც სრულებით განსხვავებული, პროევროპული რიტორიკა აქვს“.

დეოლიგარქიზაციის კონტექსტში პრეზიდენტმა პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზეც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ევროკავშირმა დააყენა პირობა, რომელიც „ოლიგარქიზაციის პრევენციის სისტემას ეხება“. პრეზიდენტის თქმით, „კარგია, რომ ის [ივანიშვილი] პოლიტიკაში დაბრუნდა, რადგან ამით ბუნდოვანების ნაწილი მოიხსნა, რაც დიდი პრობლემა იყო, როცა გაურკვეველი იყო სად იყო ძალაუფლების წყარო“. მან ხაზი გაუსვა, რომ დეოლიგარქიზაციის საჭიროება საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა არ არის. „ თუ ვსაუბრობთ ძალაუფლების სისტემაზე, ვფიქრობ, ეს საქართველოს უფრო პირდაპირ აწუხებს – რომ ჩვენ ისევ ვართ ერთპარტიულ სისტემაში. სწორედ ამიტომ ძალიან ცუდია, რომ სისტემის ვერტიკალი ერთი ადამიანია“, – აღნიშნა მან და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში კოალიციური მთავრობა შეიქმნება.

მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებულ გეგმებზე საუბრისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის კენჭისყრას არ აპირებს და ვადის ბოლომდე პრეზიდენტად დარჩება.

რაც შეეხება ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის და რუსი ოპოზიციონერის ნავალნის შედარებას, მან განაცხადა, რომ „სააკაშვილი ნავალნი არ არის“. ზურაბიშვილის თქმით, მისი გადასაწყვეტი არ არის იქნება სააკაშვილი ციხეში თუ არა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ სააკაშვილი ციხეში აწამეს ან მოწამლეს. რაც შეეხება სააკაშვილის შეწყალების საკითხს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „შეწყალების უფლება ჩემი მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც მე წინასწარ ვინმეს ინფორმირებულობის გარეშე მივიღებ“. „რაც უფრო დიდი იქნება ჩემზე ზეწოლა, მით უფრო რთული იქნება, რადგან ჩემთვის მიუღებელია, რომ პრეზიდენტის შეწყალების დისკრეციული უფლება, რომელიც ციხეში ბევრ სხვა, სხვადასხვა პირობებში მყოფ ადამიანს ეხება, ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ“, – დასძინა პრეზიდენტმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button