Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

სამუსლიმანო საქართველო ბუნებრივ სამშობლოსთან შეერთებას ითხოვს

„საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 2 სექტემბერი, №195.

სამუსლიმანო საქართველოს წარმომადგენელთა ყრილობა

კვირას, აგვისტოს 31-ს 4 საათსა და 12 წუთზე, ბათუმში ოფიციალურად გაიხსნა სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტის ყრილობა მამედბეგ აბაშიძის თავმჯდომარეობით. სხდომას დაესწრო 100-მდე რწმუნებული და წარმომადგენლები დამფუძნებელი კრებისა, საქართველოს კონსული ბათუმში, ადერბაიჯანის, სომხეთის და სპარსეთის კონსულები და დაწესებულებათა წარმომადგენლები. თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მამედბეგ აბაშიძე.

კრებამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია:

1. „ბათუმის ოლქის მუსლიმან ქართველთა წარმომადგენლები, შეკრებილნი ქ. ბათუმში რიცხვით 100, 1919 წლის 31 აგვისტოსა, კვირას, ვაცხადებთ ერთხმად ღვთისა და ქვეყნის წინაშე:ბათუმის ოლქის მკვიდრნი სარწმუნოებით მუსლიმანები, ისტორიით, სისხლითა და ხორცით, ენით, კულტურით და ადათებით ქართველები ვართ, მუსლიმანი ქართველები და ტერიტორიულათ და ეკონომიურათ ჩვენი მხარე ყოველთვის დედა სამშობლოს  საქართველოს განუყრელ ნაწილს შეადგენდა.

2. ბათუმის ოლქის აწინდელი მდგომარეობა აუტანელ პირობებში აყენებს მთელ ხალხს, ართმევს მართვა გამგეობაში მონაწილეობის მიღების უფლებას და საშუალებას, აძლიერებს უპასუხისმგებლო ჯგუფების პოლიტიკურ თარეშს და ხელს უწყობს მშვიდობიანობის და კეთილი განწყობილების დამარღვეველ ადამიანთა ბოროტ განზრახულობას. ამის გამო შეუძლებელია მშვიდობიანი განვითარება.

3. ბათუმის მკვიდრთა პოლიტიკური, ეკონომიური და კულტურული საჭიროებანი, აგრეთვე ამიერ კავკასიის ყველა ერის ინტერესი და ურთიერთ შორის კეთილმეზობლური განწყობილება და დიდ სახელმწიფოთა ღირსება თხოულობს, რომ ბოლო მოეღოს ოლქის დღევანდელ მდგომარეობას, სახელმწიფოებრივი წესიერება დამყარდეს და ხალხმა მშვიდობიანი კეთილდღეობით ცხოვრება მოიპოვოს.

4. ვინაიდან ეს შესაძლებელია მხოლოდ მუსლიმან ქართველების განთავისუფლებით და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან შეერთებით, ამიტომ გამოვსთქვამთ შეურყეველ ნებისყოფას და მტკიცე გადაწყვეტილებას:

ამიერიდან სამარადისოდ ბათუმი და ბათუმის ოლქი შეუერთდეს თავის ბუნებრივ სამშობლოს, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, სამუსლიმანო საქართველოს ფართო ავტონომიის ნიადაგზე და ამ ავტონომიის  ფარგალში ეროვნულ უმცირესობათ მიენიჭოთ ჩვენთან თანასწორი პოლიტიკური და მოქალაქეობრივი უფლება.

დადგენილება ესე ეცნობოს პარიზის საზავო კონფერენციას და ეთხოვოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას მიიღოს ყოველივე ზომა ჩვენი დადგენილების განსახორციელებლად“.

სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი

მსგავსი/Related

Back to top button