ახალი ამბები

„TI საქართველო“ აქვეყნებს კვლევას აჭარაში გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა საქართველოს აჭარის რეგიონში გაჭიანურებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, კერძოდ ისინი, რომელთა განხორციელება უკვე დაწყებული იყო, მაგრამ მათი დასრულების თარიღები, მიუხედავად ხელშეკრულებებში მრავალი ცვლილების შეტანისა, ჯერ კიდევ გაურკვეველია.

შესწავლილი პროექტებია: ბათუმის შემოვლითი გზა; შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხულო-ზარზმის გზის ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთი; დაბა ჩაქვის ძალოსნობის სავარჯიშო ბაზა; ბათუმის ყინულის მოედანი და საცურაო აუზი; საცხოვრებელი კორპუსები ე.წ „ოცნების ქალაქი”; მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება; „მწვანე ქალაქი ქობულეთში”; აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებული ლოჯისტიკური მომსახურების ცენტრები.

ორგანიზაციამ პროექტების განმახორციელებელ საბიუჯეტო დაწესებულებებს მიმართა და საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. სამ პროექტს (საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ე.წ. “ოცნების ქალაქში”, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, “მწვანე ქალაქი ქობულეთში”) ახორციელებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, რომელმაც ორგანიზაციას 2023 წლის თებერვალში მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია დღემდე არ მიაწოდა. სხვა საბიუჯეტო დაწესებულებებმა – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შპს „აჭარის პროექტების  მართვის კომპანიამ” და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არასრულყოფილად მიაწოდა ორგანიზაციას მოთხოვნილი ინფორმაცია, რასაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული პროექტების დასრულების ვადები ჯერჯერობით უცნობია, გარდა მთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტისა. 2022 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულების საბოლოო ვერსიით, პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2023 წლის 2 აგვისტომდე უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება აჭარაში ლოგისტიკური მომსახურების ცენტრებს, 2020 წელს აშენდა რამდენიმე ასეთი ცენტრი, რომლის მიზანი იყო რეგიონის ფერმერების მიერ პროდუქციის ერთ სივრცეში გაერთიანება. აღნიშნული ცენტრების მოვლა-შენახვის ხარჯების გარდა, მათ მშენებლობასა და აღჭურვაზე აჭარის ბიუჯეტიდან 2,5 მლნ ლარი დაიხარჯა, მაგრამ ცენტრებს რეალურად არ უმუშავიათ. აჭარის მთავრობამ ცენტრების პრივატიზების მიზნით პირობითი აუქციონი გამოაცხადა, იმ პირობით, რომ ისინი თავდაპირველ დანიშნულებას მინიმუმ 10 წლით ემსახურებოდნენ. საწყისი ფასი 3,5 მილიონი ლარი იყო, თუმცა არცერთი პრეტენდენტი არ დაინტერესებულა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ასკვნის: „ყოველივე ზემოთ აღნიშნული ადასტურებს, რომ ლოჯისტიკურ მომსახურებაზე რეგიონში მოთხოვნა არ არსებობდა და საბიუჯეტო სახსრები არამიზნობრივად და არაეფექტურად დაიხარჯა, წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების გარეშე“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს აჭარის მთავრობას და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მიიღონ მაქსიმალური ზომები გაჭიანურებული პროექტების სწრაფად დასასრულებლად. ორგანიზაცია ასევე მიმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, რათა მან შეისწავლოს ლოჯისტიკური მომსახურების ცენტრების მშენებლობის მიზანშეწონილობის და მასზე გაწეული ხარჯების კანონიერება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button