skip to content
ახალი ამბები

„TI-ის“ ვარაუდით რუსეთის მოქალაქეები ბათუმთან საცხოვრებელი უბნის აშენებას კორუფციული გზებით ცდილობენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ (TIG) 12 აპრილს განაცხადა, რომ აჭარის რეგიონში, ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურის მაღლობზე, 16 000 მ2 მიწის ფართობზე რუსეთის მოქალაქეები ახალი საცხოვრებელი უბნის (Salibauri Hills) მშენებლობას, სავარაუდოდ, „კორუფციული გზებით“ ცდილობენ.

კერძოდ, ორგანიზაციის მიერ 12 აპრილს გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ კომპანია „ეიჩ გრუპ დეველოპმენტთან“ დაკავშრებულმა საქართველოს 2-მა მოქალაქემ, რომლის 90%-ს რუსეთის მოქალაქეები – მარეტა დოლგიევა და მაგომედ ჩაბიევი ფლობენ, 2022 წლის ნოემბერში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ 40 000 ლარი შესწირეს, რის შემდეგაც, 2 კვირაში, ხელვაჩაურის საკრებულომ კომპანიას პროექტისთვის განაშენიანების დეტალური გეგმა „ერთხმად“ დაუმტკიცა.

„შემოწირულებისა და ნებართვის გაცემის თარიღებს შორის სიახლოვე აღძრავს ეჭვს, რომ შემოწირულების მიზანი შესაძლოა მშენებლობის ნებართვის მოპოვება ყოფილიყო. ხოლო, ის ფაქტი, რომ შემოწირულება სამშენებლო პროექტთან დაკავშირებულმა საქართველოს მოქალაქეებმა გაიღეს, აღძრავს ეჭვს, რომ ეს თანხა შესაძლოა არა მათ, არამედ მშენებელი კომპანიის მფლობელ რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნოდათ“, – ნათქვამია კვლევაში.

იმის გათვალისწინებით, რომ ქართული კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს პოლიტიკური შემოწირულება ეკრძალება და კომპანიის რუსი მფლობელები მმართველი პარტიისთვის თანხის პირდაპირ შეწირვას ვერ შეძლებდნენ, ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ „საჭირო ნებართვის მისაღებად მათ კომპანიასთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეები გამოიყენეს“.

„TI საქართველო მაგომედ ჩაბიევის სხვა „პრობლემურ პროექტებზეც“ ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ საქართველოში მისი ბიზნესპროექტები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მმართველის, ასლან აბაშიძის დროს რეგიონის უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძის დისშვილთან, ენვერ ცეცხლაძესთან არის დაკავშირებული.

კვლევის მიხედვით, ჩაბიევი და ცეცხლაძე ბათუმში ერთად აშენებენ 40-სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს (7th Heaven Residence). ორგანიზაცია გამოცემების „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რომ „მიწა, რომელზეც 7th Heaven Residence-ის პროექტი ხორციელდება, ენვერ ცეცხლაძემ 2016 წელს საეჭვო გზებით დაიბრუნა და მშენებლობის პროცესში მოპოვებულმა ნებართვებმა კითხვის ნიშნები გააჩინა“.

ამდენად, ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, „მისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს საკითხი და დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედოს კანონის შესაბამისად“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button