ახალი ამბები

ანგარიში: ულტრამემარჯვენე ჯგუფები ანტილიბერალურები, მაგრამ ძირითადად ანტირუსულებიც არიან

„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი – საქართველო“ ქვეყნის სოციალურ მედიაში ანტიდასავლური განწყობების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ულტრამემარჯვენე ჯგუფებს ანტილიბერალური დღის წესრიგი აქვთ, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ანტირუსულ კურსსაც ატარებენ.

ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ დაახლოებით 26 ათას სტატუსს ეფუძნება. კვლევა USAID-ის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით განხორციელდა.

კვლევის თანახმად, ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლობა და აუდიტორია 2015-2018 წლებში გაიზარდა, რაც, შესაძლოა, ნაწილობრივ ინტერნეტზე წვდომის ზრდით აიხსნას. 2015 წლის დასაწყისში მიმოხილულ Facebook-ის გვერდებზე სტატუსების რაოდენობა კვირაში ოთხი იყო, რაც 2018 წლის შემოდგომამდე 31-მდე გაიზარდა.

ანალიზმა აჩვენა, რომ სტატუსები და მკითხველთა რეაქციები პიკს აღწევს იმ მოვლენების დროს, რომლებიც ანტილიბერალურ დღის წესრიგს ეხმიანება, როგორიცაა: ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებული, ან ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქციები.

თუმცა, ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ ანტილიბერალურ დღის წესრიგთან ერთად, დამოკიდებულება ძირითადად ანტირუსულიცაა. ანგარიშის თანახმად, მართალია, ზოგიერთი მიმოხილული Facebook-ის გვერდი ძირითადად რუსულ ნარატივს ავრცელებს, ბევრი მათგანი ანტირუსული გზავნილებითაც გამოირჩევა. ეს განსაკუთრებით არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული მოვლენების დროს შეინიშნებოდა. ამ თვალსაზრისით, ულტრამემარჯვენე სოციალური გვერდების ტონი ძირითადად ნაციონალისტური და ქსენოფობიურია, რომელიც რუსეთს უარყოფით ჭრილში წარმოაჩენს.


ამ და სხვა დაკვირვებებზე დაყრდნობით, ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში, რადიკალური მემარჯვენე გვერდები სოციალურ ქსელებში უფრომეტად არიან გააქტიურებულნი. შესაბამისად, მასში ამგვარი გვერდების მიერ გამოქვეყნებული გზავნილების რეგულარული მონიტორინგისა და ანალიზის აუცილებლობაზეა საუბარი. განსაკუთრებით კი, იმ გზავნილების, რომლებიც გარკვეულ დისკურსს ქმნიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button