skip to content
ევროპამათი თვალით

ევროპული არჩევნები – უკან მომავლისაკენ?

ავტორი: ანტონ პელინკა, 2006-2018 წლებში ბუდაპეშტში მდებარე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და ნაციონალიზმის კვლევების პროფესორი.

სტატიის ინგლისურენოვანი ორიგინალური ვერსია გამოქვეყნდა EUObserver-ზე.

მაისში გასამართ ევროპარლამენტის არჩევნებზე ფიქრისას გონებაში ჟაკ დელორის სიტყვებმა გამიელვა.

ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც ხშირად მაასტრიხტის ხელშეკრულების ხუროთმოძღვრად მოიხსენიებენ, გვაფრთხილებდა, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთით, ყოფილი კომუნისტური ქვეყნებისაკენ გაფართოებაზე მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაფიქრდეს, რაც ბლოკში უკვე მყოფი სახელმწიფოები ერთმანეთთან კავშირებს გააღრმავებენ და ევროკავშირს ფედერაციად გადააქცევენო.

როგორაც არ უნდა დასრულდეს ევროპარლამენტის არჩევნები მომავალ მაისში, არჩეულ პარლამენტს მაინც მოუწევს უნგრეთში, პოლონეთსა და რუმინეთში ავტორიტარიზმის ზრდას მიხედოს.

ევროპარლამენტს ერთის მხრივ, ზომიერი მემარჯვენე და მემარცხენე პარტიული ჯგუფების კოალიციის შენარჩუნება მართებს, მეორეს მხრივ კი იმ ახალი დეპუტატების მზარდი რიცხვის მონელება სჭირდება, ვინც წევრებს შორის ურთიერთობის ყოველნაირი “გაღრმავების” წინააღმდეგი არიან.

ცხადია, ევროპული თანამშრომლობის გაღრმავების მოწინააღმდეგენი მხოლოდ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპელი დეპუტატები როდი არიან.

ახალი არჩევნების შემდეგ, მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია (EPP) – პრო-ევროპული პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც წევრები 40 ქვეყნიდან ჰყავს – სავარაუდოდ, კვლავაც პარლამენტის უდიდეს პოლიტიკურ ჯგუფად დარჩება.

ამ პარტიამ უნგრეთის კონსერვატიულ პარტია ფიდესს ( Fidesz) უნდა მოუაროს, რომელსაც ევრო-სკეპტიკური პოზიციისათვის ჯერჯერობით წევრობა შეუჩერა და გარიცხვასაც ლამობს.

ამასთან, დიდი ალბათობით, სოციალ-დემოკრატების დაჯგუფება, “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი”, პარლამენტის სიდიდით მეორე ძალად დარჩება და, თავის მხრივ, იმის გადაწყვეტა მოუწევს, რა მოუხერხოს რუმინელ სოციალ-დემოკრატებს.

უნგრელ კონსერვატორებს ბევრად მეტი საერთო აქვთ საფრანგეთის ეროვნულ მარშთან (ყოფილი ეროვნული ფრონტი) და იტალიურ “ლიგასთან”, რომლებიც ევროკომისიის დღევანდელ შემადგენლობას მტრობენ, ვიდრე გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან და ავსტრიის სახალხო პარტიასთან.

ამასთან, რუმინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია მხოლოდ სახელითაა სოციალ-დემოკრატიული. მისი პოლიტიკა მხოლოდ იმისკენაა მომართული, რომ ეგებ რუმინულ პოლიტიკაზე ევროკავშირის გავლენა ნებისმიერი ხერხით აირიდოს.

დემოკრატია სუსტდება

ევროპული არჩევნები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში დემოკრატიული სტანდარტების შეტორტმანების ფონზე ახლოვდება.

ბერტელსმანის ფონდის მმართველობის მდგრადობის ინდიკატორების (Bertelsmann Stiftung’s Sustainable Governance Indicators (SGI)) თანახმად, ოთხი წლის წინანდელთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყანათა საგრძნობ ნაწილში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა.

ნიშანდობლივია, რომ ამავე ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის სტანდარტების შესუსტება ავტომატურად არ იწვევს საკუთარი მთავრობებისადმი მოქალაქეთა ნდობის შესუსტებას.

ანგარიშის თანახმად, „უნგრეთი და პოლონეთი კონსოლიდირებულ დემოკრატიებად ვეღარ ჩაითვლებიან“, თუმცა ამ ქვეყნებში საზოგადოების ნდობა მთავრობების მიმართ ბოლო წლებში გაიზარდა.

ანგარიში ასკვნის, რომ „ეს შემაშფოთებელი მიგნებაა, რადგანაც როგორც ჩანს, ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს ღრმად არა აქვს ფესვები გადგმული ამ საზოგადოებების პოლიტიკურ ცნობიერებაში.”

და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, 2019 წლის ევროპა კეთილდღეობის მწვერვალზეა.

ის სტაბილური და მშვიდობიანი ევროპაა.

ევროკავშირის შიგნით ომები წარმოუდგენელი და შეუძლებელიც კია. ევროკავშის შიგნით ქსენოფობიური განწყობები მართალია არ გამქრალა, თუმცა მათ გარშემო ხალხის შემოკრება უფრო რთულია.

ელზასი და ლოტარინგია – რეგიონი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთმა დაიბრუნა – და ვერსალის ხელშეკრულება (რომელსაც გერმანელი ნაციონალისტები პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის დასჯის სიმბოლოდ თვლიდნენ) – ეს ორი თემა ევროპელების თაობებს ასაზრდოებდა, ნაციონალისტური პოლიტიკისაკენ უბიძგებდა მათ – “გახსოვდეთ ელზასი!”, “გახსოვთ ვერსალი?!”

ევროკავშირმა წელში გატეხა რევანშისტული გრძნობები. ევროპული საზღვრების გადაწევა-გადმოწევა უაზრო გახდა, რადგანაც ევროპის შიგნით საზღვრების მნიშვნელობა შემცირდა.

მიგრაცია გვყოფს

რა თქმა უნდა, მიგრაცია ის გამოწვევაა, რომელიც ევროპაში სოციალურ და კულტურულ კონფლიქტებს აღრმავებს.

ევროკავშირის საწინააღმდეგო სენტიმენტები ეხმიანება შიშს, რომ ევროპისკენ წამოსული მიგრაციის ტალღა ევროპულ თვითმყოფადობას საფრთხეს შეუქმნის. პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), მაგალითად, სწორედ ამ ანტი-იმიგრაციული გზავნილის გარშემო ჩამოყალიბდა.

უნგრული პარტია ფიდესი კი სულაც იტყუება, ქვეყანაში მასობრივი იმიგრაციააო, რათა პარტიისათვის სასარგებლო შიშები დათესოს საზოგადოებაში.

შესამჩნევია, რომ ანტი-ევროპული პოპულისტური პარტიების პოლიტიკა საჭიროების შემთხვევაში ფრიად “მოქნილია”, ადვილად იცვლის ნირსა და ტონს. მათი პოზიციები ხშირად წინააღმდეგობრივია.

შევხედოთ: იტალიური “ლიგა” იმისთვის აკრიტიკებს ევროკავშირს, იტალიის სანაპიროებისაკენ დაძრული იმიგრაციის მართვაში არ გვეხმარებაო. ეს იმიგრანტები, ბუნებრივია, არა კონრეტულად იტალიისაკენ, არამედ ზოგადად ევროპისაკენ მოემართებიან.

ამასთან, იტალიურ “ლიგა”-ს თუ დავუჯერებთ, პოლონეთის მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“ (PiS) მათი საუკეთესო მეგობარი და მოკავშირეა. არადა, სწორედ პოლონეთია ის ქვეყანა, რომელიც მმართველი პარტიისვე დიდი მეცადინეობით თანმიმდევრულად ბლოკავს მიგრაციის დარგში ევროკავშირის საერთო პოლიტიკის შესახებ შეთანხმებას, რომლის მიღებაც იტალიას მიგრანტებთან გამკლავებაში დაეხმარებოდა.

თავის მხრივ, პოლონეთის „კანონი და სამართლიანობა“ უფრთხის რუსულ საგარეო პოლიტიკას და ნატოს იმედზეა, მაშინ, როცა მათი საუკეთესო მეგობარი, უნგრული პარტია “ფიდესი”, ევროკავშირის შიგნით პუტინის საუკეთესო დასაყრდენია.

ის ბრიტანელი პოლიტიკოსები, რომელთა კისერზეცაა გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გამოსვლა, ბაიბურშიც არ არიან, როგორ მოახერხონ, რომ ბრექსიტის შედეგად ირლანდია დენთის კასრად არ გადაიქცეს.

ევროკავშირში ჯერ კიდევ ვერდასრულებული საქმის ბოლომდე მიყვანაა საჭირო. ევროკავშირი ან გაჰყვება 1980-იანი და 1990-იანი წლების ჟაკ დელორის პოლიტიკას და გააღრმავებს ევროპულ ინტეგრაციას, ან კვლავაც დაბრუნდება დაყოფილი ევროპის ხანაში, სადაც ნაციონალიზმის ერთი ფორმა მეორის წინააღმდეგ იბრძვის.

მოვიდა ორი მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის შემოქმედი კონტინენტის კიდევ უფრო ღრმა გადაწყობის დრო, სხვა შემთხვევაში იგი ჰიტლერის, სტალინის და მუსოლინის მიერ გაკვალულ გზას დაუბრუნდება.

რაც უფრო ახლოვდება ევროპული არჩევნები, მით უფრო ნათელია, რომ ეს ორი გზაღაა დარჩენილი. თუკი ევროპელები ამას ჯერ ვერ ხედავენ, დროა, რეალობას თვალებში ჩახედონ.

Via
EUObserver
პირველწყარო
Europe before the elections - heading back to the past?

მსგავსი/Related

Back to top button