skip to content
მათი თვალითრვეულებიფილოსოფოსის რვეული

საფრანგეთი: ვინაა “ულტრამემარჯვენე”?

სხვა მრავალი თანამედროვე პოლიტიკური ტერმინის მსგავსად, “ულტრამემარჯვენესაც” ფრანგული ფესვები აქვს. რას ნიშნავს ეს სიტყვა ფრანგულ პოლიტიკურ რეალობაში და რა პოლიტიკურ ტრადიციებს აერთიანებს იგი?

პოლიციისა და უშიშროების სამსახურების ტერმინოლოგიით, “ულტრამემარჯვენედ” უკიდურესად მემარჯვენე, ანუ პარლამენტარიზმის მოწინააღმდეგე პოლიტიკური მოძრაობების ძალადობრივ ფრაქციებს მოიხსენიებენ, რომლებსაც შეიძლება ტერორისტული მიდრეკილებები გააჩნდეთ. უკანასკნელ ხანებში, 2022-2023 წლის ძალადობრივი ამბოხებებისას, ამგვარი დაჯგუფებები ფრანგული ქალაქების ქუჩებში ისევ გამოჩნდნენ. მათ კავშირები აქვთ ისეთ მემარჯვენე მოძრაობებთან, როგორიცაა მარინე ლე პენის “ეროვნული ერთობა” და ერიკ ზემურის “რეკონკეტი”. ეს დღეს – მაგრამ საიდან მოდის ულტრამემარჯვენეთა ისტორია?

“ფრანგთა ქმედება”/ l’Action française (AF)

აქ პირველ რიგში l’Action française (“ფრანგთა ქმედება,” AF) უნდა ვახსენოთ. ეს როიალისტური, კონტრრევოლუციური (ანუ 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციის მოწინააღმდეგე) მოძრაობა 1899 წელს, დრეიფუსის საქმის მიმდინარეობისას იშვა, მისი პატრონი და იდეოლოგიური მამამთავარი კი შარლ მორასია (Charles Maurras). მორასი “ინტეგრალური ნაციონალიზმის” იდეას აყალიბებს და ამბობს, რომ საფრანგეთი დეკადანსშია ჩაძირული. ის საფრანგეთის რევოლუციას აბრალებს ინდივიდუალიზმისა და აბსტრაქტული უნივერსალიზმის გაბატონებას, რამაც, მორასის აზრით, ქვეყანა უწესრიგობისა და “უცხოელების” (კერძოდ, ებრაელების) საკბილოდ აქცია. ამასთან, მორასი რაციონალიზმისა და პოზიტივიზმის (სამეცნიერო რაციონალიზმის) მომხრეა.

მისი ფილოსოფიური ორიენტირი პიერ-ჟოზეფ პრუდონია, რომლის შთაგონებითაც იგი დეცენტრალიზაციასა და ფედერალიზმს ემხრობა. საგარეო-პოლიტიკური თვალსაზრისით, მოძრაობა მკვეთრად ანტიგერმანული ხასიათისაა და, 1870 წლის მარცხით დამცირებული, სამხედრო რევანშისაკენ ისწრაფვის. ყოველივე ამის გამო, AF თავს შორს იჭერს 1930 წლების ნაცისტური იდეოლოგიის ულტრამემარჯვენეებისაგან, რომლებიც გერმანულ ნაციონალისტურ რომანტიზმს ეყრდნობიან, ფილოსოფიური თვალსაზრისით მისტიკური ირაციონალიზმის მიმდევრები არიან, ხოლო პოლიტიკურად პოპულიზმსა და ტოტალიტარულ, ჰიპერცენტრალიზებულ სახელმწიფოს ეტრფიან.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთში ულტრამემარჯვენე იდეოლოგია შედარებით ჩაცხრა, თუმცა “ფრანგთა ქმედება” დღესაც ცოცხალია და მემარჯვენე იდეოლოგიების ნამდვილ ლაბორატორიას წარმოადგენს. გარკვეული ხნის მანძილზე მოძრაობა თავს იკავებდა ძალადობრივი მოქმედებებისაგან, თუმცა ბოლო ხანებში ესეც შეიცვალა: 2011 წელს მოძრაობა შეეცადა ჩაეშალა სპექტაკლი, რომელიც “ქრისტიანოფობიულად” მიიჩნიეს, 2016 წელს თავი ძალადობით უკვე აბორტის წინააღმდეგ გამოსვლებში გამოიჩინეს, ხოლო 2021 წელს ოქსიტანიის რეგიონულ მთავრობაში შეიჭრნენ.

ჯგუფი თავდაცვის კავშირი/ Groupe Union Défense (GUD)

შემდეგ მოდის ნაციონალ-რევოლუციონერების მოძრაობა Groupe union défense (GUD), რომელიც 1968 წლის სტუდენტური მოძრაობისას ჩაისახა. განსხვავებით AF-ისაგან, ისინი თავს რეაქციონერებად არ თვლიან. თეორიულ-ისტორიული თვალსაზრისით, ისინი თავს “გერმანული კონსერვატიული რევოლუციის” სკოლას უკავშირებენ, რომელიც ვაიმარის რესპუბლიკის (1918-1933) დროს ჩამოყალიბდა და ადრეულ-ფაშისტური მიმდინარეობათა ერთობას წარმოადგენდა. მათი იდეოლოგიური მამები არიან მწერალი ერნსტ იუნგერი და ფილოსოფოსი და იურისტი კარლ შმიტი. ღრმად კონსერვატიული მოძრაობებისაგან განსხვავებით, ისინი არ უარყოფენ თანამედროვეობას, არამედ მხოლოდ მისი ინდივიდუალისტური და კონსუმერისტული მხარეების წინააღმდეგ ილაშქრებენ. ამ თვალსაზრისით, ისინი ახლოს დგანან 1930-იანების იტალიურ ფაშიზმთან და პარალელურად მარქსისტული იდეების რევოლუციური მხარითაც ინტერესდებიან.

GUD-ის ჯურის ნაციონალიზმი თავის “მესამე გზას” სადღაც სოციალიზმსა და ლიბერალიზმს შორის ეძიებს. მოძრაობა მკვეთრად ანტიამერიკული და ანტისემიტური სულისკვეთებით გამოირჩევა. იდეოლოგიურ მამებად მიიჩნევიან დომინიკ ვენერი და ფრანსუა დუპრატი. ვენერმა 1962 წელს დაწერა “პოზიტიური კრიტიკისათვის” – ნაშრომი, რომელიც ულტრამემარჯვენეთათვის ლენინის სტატიის “რა ვაკეთოთ?” (1902) მნიშვნელობის ტოლფასია. დუპრატმა კი 1976 წელს “რევოლუციონერი ნაციონალისტის მანიფესტი” გამოაქვეყნა, რომელიც მთელი ამ ფრაქციის სამაგიდო ტექსტად ითვლება.

თითქოსდა მინავლებული მოძრაობა ფერფლიდან 2022 წელს აღდგა, როცა ლე პენის “ეროვნულმა ერთობამ” სოციალური განახლების იდეების გატარება აქტიურად დაიწყო და ამ პლატფორმის გარშემო ახალგაზრდები შემოიკრიბა. GUD-ის ახალგაზრდები ძალადობისკენ არიან მიდრეკილი და განსაკუთრებით “ანტიფას” მოძრაობის აქტივისტებთან შეტაკებებით გამოიჩენენ ხოლმე თავს.

იდენტიტარები/ Les Identitaires

“თავდაცვის კავშირის” ხელახლა დაბადებამ “იდენტიტარების” მოძრაობის აღმასვლასაც მოუსწრო. ეს უკანასკნელი 2002 წელს ჩამოყალიბდა და დღეისათვის საფრანგეთში ყველაზე დინამიკური ულტრამემარჯვენე ჯგუფია. ისინი უარყოფენ ძალადობას – ყოველ შემთხვევაში, სიტყვით მაინც – და თავს “მემარჯვენე გრინფისად” ასაღებენ. თუმცა მათ ანგარიშზე რამდენიმე ძალადობრივი მოქმედებაცაა, მათ შორის 2012 წელს პუატიეს დიდი მეჩეთის სამშენებლო მოედნის დაკავება და საფრანგეთის პოლიციასთან დაპირისპირება “თეთრების წინააღმდეგ რასიზმის” დროშით. მოძრაობა რეგიონალისტურია, ანუ საფრანგეთის ისტორიული რეგიონების ავტონომიისკენ მიისწრაფვის და იზიარებს რენო კამიუს თეზისს “დიდი ჩანაცვლების” შესახებ, რომლის თანახმადაც ისლამური ტალღა საფრანგეთში ევროპელთა “ჩანაცვლებას” ლამობს.

იდენტიტარებს თავდაპირველად ანტიიმპერიალისტური და ანტისიონისტური დისკურსი ახასიათებდა, თუმცა ამან მალევე გადაინაცვლა უკანა პლანზე. დარჩა მკვეთრად გამოხატული ისლამოფობია, რომელიც სამუელ ჰენტინგტონის “ცივილიზაციათა ჯახის” თეორიას ეხმიანება. მოძრაობის წევრები თვლიან, რომ თუკი დასავლეთი არ “გამოფხიზლდება”, ევროპა, რომელიც, მათი აზრით, დასუსტებულია, ისლამთან ცივილიზაციურ ომში დამარცხდება. ამ თვალსაზრისით, იდენტიტარები ამბობენ, რომ ისინი დასავლური ცივილიზაციისა და კულტურის სადარაჯოზე დგანან. ისინი ხშირად მისდევენ პაგანიზმს, როგორც პროტოევროპულ, არა სემიტურ რელიგიას.

კულტურული იდენტობის წინ წამოწევის გამო “იდენტიტარებს” ხშირად უპირისპირდებიან რასისტული მოძრაობები, რომელთათვისაც ბიოლოგიური და რასობრივი განსხვავება უფრო მნიშვნელოვანია. ეს მოძრაობა გლობალურ ხასიათს ატარებს და საკუთარ იმიჯად რადიკალური, მაგრამ არაძალადობრივი მოძრაობის სახელის დამკვიდრებას ცდილობს. ამ მცდელობას ფრიად შეუშალა ხელი 2019 წელს მოძრაობასთან დაკავშირებული პიროვნების მიერ განხორციელებულმა ტერორისტულმა თავდასხმამ მეჩეთზე ახალ ზელანდიაში (ქრაისთჩარჩის ტერორისტული აქტი). ფრანგულ პოლიტიკაში ისინი ჯერ “ეროვნული ერთობის” დროშის ქვეშ იდგნენ, შემდეგ კი ერიკ ზემურის “რეკონკეტისკენ” გადაინაცვლეს.

შეძლებენ კი ისინი გაერთიანებას?

ულტრამემარჯვენე მოძრაობების ფრანგი მკვლევრები ამბობენ, რომ ეს ულტრამემარჯვენე მოძრაობები “ფუნდამენტურად განსხვავებულნი არიან და მათი გაერთიანების ყოველი მცდელობა აქამდე წარუმატებლობით დასრულდა”. თუმცა, მკვლევარებისვე თქმით, მათ შორის არსებობს გარკვეული “საბრძოლო ერთობა” – ქუჩაში გამოსული ულტრამემარჯვენე ჯგუფები ხშირად თავიანთ იდეოლოგიურ განსხვავებებს გვერდზე გადადებენ ხოლმე და ადგილობრივ, ისევე როგორც – სულ უფრო ხშირად – ეროვნულ დონეზეც აკოორდინირებენ მოქმედებებს. ამ საქმეში საკოორდინაციო პუნქტების როლს ხშირად ბარები და საბრძოლო ხელოვნებათა კლუბები ასრულებენ.

ულტრამემარჯვენეთა წიაღში ბოლო ხანებში 24 წლის მარკ დე კაკერეი-ვალმენიე (Marc de Cacqueray-Valménier) აღზევდა. კაკერეი-ვალმენიემ პოლიტიკური კარიერა AF-ში დაიწყო და შემდეგ GUD-ში გააგრძელა. მისი ამბიცია “ინტერფაფის” შექმნაა, სადაც faf-ში დევიზი “საფრანგეთი ფრანგებს” (la France aux Français)- ანუ ულტრამემარჯვენე მოძრაობების გაერთიანებისკენ სწრაფვა – იგულისხმება. ეს ჰიპერაქტიური ახალგაზრდა აზერბაიჯანის წინააღმდეგ საბრძოლველად და “ევროპული ცივილიზაციის დასაცავად” მთიან ყარაბაღშიც კი წასულა.

თარგმნა ჯაბა დევდარიანმა

პირველწყარო
Derrière l’extrême, l’ultradroite

მსგავსი/Related

Back to top button