ევროპამთავარი თემა

პორტუგალია: მემარჯვენეთა გამარჯვება, ბუნდოვანი მომავლით

რა ხდება?

2024 წლის 12 მარტს პორტუგალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და გაურკვევლობთ დასრულდა. ყველაზე მეტი ხმა მემარჯვენე-ცენტრისტულ „დემოკრატიული ალიანსს“ (AD) ერგო და მას 230 წევრიან პარლამენტში 80 დეპუტატი ეყოლება. მეორე ადგილი დაიკავა მანამდე მმართველმა „სოციალისტურმა პარტიამ“ (PS) და პარლამენტში გამარჯვებულზე ოდნავ ნაკლებით, 78 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. მესამე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია „შეგა“ (ქართულად: საკმარისია) გავიდა და 50 ადგილი დაიბევა. თავადაც ხედავთ, რომ მთავრობის სტაბილურად შესანარჩუნებლად საჭირო უმრავლესობა ვერავინ მიიღო. პორტუგალიას პოლიტიკურად არასტაბილური თვეები ელის.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

  • მემარცხენე მთავრობის მარცხი და ცენტრისგან საკმაოდ დაშორებული მემარჯვენე პარტიის წინსვლა კიდევ ერთი ცუდი ნიშანია 6-9 ივნისს დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნებისათვის.
  • “შეგა” ევროპული ფრაქცია „იდენტობა და დემოკრატიის“ ნაწილია იტალიურ “ლა ლეგასთან” და ესპანურ “ვოქსთან” ერთად. თუკი ევროპულ არჩევნებშიც იმაჯვა “შეგამ,” მისი პარტიული ოჯახი შეიძლება მესამე ძალად იქცეს ევროპარლამენტში.
  • უნდა ითქვას, რომ “შეგა” ევროპელი ულტრამემარჯვენეების დიდი ნაწილისაგან განსხვავებით არაა ღიად პრორუსული პარტია ამიტომ საეჭვოა, რომ პორტუგალიის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ შეიცვალოს. პორტუგალიაში კრემლის აგრესიას მხოლოდ რადარებს მიღმა მყოფი ულტრამემარცხენე პარტიები ეკიდებიან გაგებით.
  • პორტუგალიაში მემარცხენეების მმართველობისას ეკონომიკა ევროპის სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდებოდა. საინტერესოა რა გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგები ამ ეკონომიკურ პოლიტიკაზე.

როგორ მოვედით აქამდე?

2015 წლიდან დღემდე სოციალისტური პარტია პორტუგალიის სათავეში იყო, 2022 წლიდან კი პარლამენტში 120 დეპუტატით იყო წარმოდგენილი, რაც მას ქვეყნის დამოუკიდებლად მართვის საშუალებას აძლევდა. ასეთი რამ დემოკრატიული პორტუგალიის ისტორიაში სულ რამდენჯერმე მოხდა. მიუხედავად ამისა, მთავრობა სულაც არ იყო სტაბილური: მოკლე დროში 11 მინისტრის მოადგილე და ორი მინისტრი შეიცვალა. თანამდებობიდან წასულთა შორის იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არასათანადო საქციელს, მათ შორის კორუფციასაც სწამებდნენ.

ვადამდელ არჩევნებამდე ქვეყანა 2023 წლის ნოემბერში ამოხეთქილმა კორუფციულმა სკანდალმა მიიყვანა. სოციალისტი პრემიერ-მინისტრი ანტონიუ კოშტა მისმა გარემოცვამ გახვია შარში.

პოლიციამ მისი ადმინისტრაციის უფროსი ლითიუმის მოპოვებასა და მწვანე წყალბადის მეგაპროექტში სავარაუდო კორუფციული ჩარევის გამო დააკავა. ჩხრეკისას მის თაროზე შემოლაგებულ წიგნებს შორის 75 ათასი ევრო იპოვეს. გამოძიება სხვა გავლენიან პირებსაც დაერია. გაჩხრიკეს პრემიერ-მინისტრის ოფისიც.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მეთაურისთვის ბრალი არ წაუყენებიათ, პრემიერ-მინისტრმა კოშტამ გადაწყვიტა, საკუთარი თანამდებობის ღირსება დაეცვა და გადადგა. პრეზიდენტმა მარსელუ რებელუ დი სოუზამ კი, შესაბამისი კონსულტაციების შემდეგ, ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

ასე დასრულდა უზადო მომლაპარაკებლის, დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონდე კოშტას რვაწლიანი პრემიერობა. მან ნამდვილად მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პორტუგალიის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ჯერ მარტო, 2015 წელს გადადგა ფაქტობრივად უპრეცედენტო ნაბიჯი და კომუნისტებთან შეკრა კოალიცია, რითაც ხელისუფლებაში მოსვლაც შეძლო. ამით აჩვენა, რომ იგი შედეგზეა ორიენტირებული და თუ საქმე მოითხოვს, ყველასთან შეუძლია ლაპარაკი.

ფრანგულად შესანიშნავად მოსაუბრე კოშტამ ალბათ სწორედ კარგი მომლაპარაკებლის უნარების გამოც მოახერხა ერთდროულად ორბანისა და ოლაფ შოლცის გულის მოგება. კორუფციის სკანდალამდე შარლ მიშელის ჩამნაცვლებლად სწორედ მას განიხილავდნენ. თუმცა, ახლა ბუნდოვანია, რა მოხდება. ისედაც კორუფციულ სკანდალებში გახვეულ ევროკავშირს აღარ სურს დამატებითი თავისტკივილი.

თუმცა ის კია, რომ კოშტას მსგავს ლიდერს ასე მარტივად ვერ იშოვიან. ვინ იცის, იქნებ მან საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს და შერყეული რეპუტაცია აღიდგინოს კიდეც, მაგრამ სასამართლო განხილვები შესაძლოა უკიდეგანოდ გაიწელოს, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობები კი დიდხანს ვერ დარჩება ვაკანტური.

ვინ მონაწილეობდა არჩევნებში?

არჩევნებში ძალაუფლებისათვის მებრძოლ პარტიებს შორისაა აწ უკვე გამარჯვებული ლუიშ მონტენეგრუს მემარჯვენე-ცენტრისტული „დემოკრატიული ალიანსი“ (წამყვანი ძალის, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის,“ „CDS-სახალხო პარტიისა“ და „სახალხო მონარქისტული პარტიის“ (PPM) კოალიცია), პედრუ ნუნო სანტოსის „სოციალისტური პარტია“ (PS), ახალგაზრდა, ქარიზმატული ანდრე ვენტურას ულტრამემარჯვენე „შეგა,“ „ლიბერალური ინიციატივა,“ „მემარცხენე ბლოკი,“ „LIVRE“ (თავისუფლება), ცხოველთა უფლებადამცველი პარტია „ხალხი-ცხოველები-ბუნება“ (PAN) და  კომუნისტების „უნიტარული დემოკრატიული კოალიციაა.“

წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა კორუფცია და მასთან ბრძოლა იყო. „გაასუფთავე პორტუგალია,“ მოუწოდებდა “შეგა”  ამომრჩეველს. სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შორის იყო ინფლაცია, მაღალი გადასახადები და საცხოვრებლის მზარდი სიძვირე. როგორც უკვე აღინიშნა, პორტუგალიელები ამ წინასაარჩევნო პერიოდში საგარეო პოლიტიკით დიდად არ იყვნენ დაინტერესებული.

ვინაა “შეგა” – ნამდვილი გამარჯვებული

ევროპული პოლიტიკის დამკვირვებლების ნაწილს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა განცდა, რომ პორტუგალია ულტრამემარჯვენე ძალების მიმართ ერთგვარ იმუნიტეტს ინარჩუნებდა. თუმცა, თუკი ამ არჩევნებში ვინმე შეიძლება გამარჯვებულად ჩაითვალოს, ეს „შეგაა.“ მას წინა მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში სულ რაღაც 12 წარმომადგენელი ჰყავდა, ახლა კი ეს რიცხვი, როგორც უკვე ვთქვით, 50-ს გაუტოლდება.

“შეგა”  სულ რაღაც ხუთი წლისაა. ის 2019 წელს დააფუძნა სპორტულმა კომენტატორმა, ახალგაზრდა და ქარიზმატულმა ანდრე ვენტურამ. იგი ეკონომიკური პოლიტიკის მხრივ არცთუ თანმიმდევრულია, თუმცა სხვა ულტრამემარჯვენეების დარად, ებრძვის უკანონო მიგრაციას, სალაზარის დიქტატურის პერიოდის მიმართ არცთუ მწყრალად არის განწყობილი და ემტერება არსებულ პოლიტიკურ ელიტას. არჩევნების შემდეგ, კვირა საღამოს, ბატონმა ვენტურამ სიხარულით აღნიშნა, „ორპარტიული სისტემა დასრულებულიაო.“

მართლაც, 1974 წელს პორტუგალიის „მიხაკების რევოლუციისა“ და დიქტატურის დამხობის შემდეგ, პოლიტიკურ სცენაზე ორი პარტია დომინირებდა. შეიძლება ეს ყველაფერი მალე შეიცვალოს. თუმცა, საქმე არც ისე მარტივადაა.

შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ გამარჯვებული AD-სათვის უფრო მემარჯვენე “შეგა”  პრინციპულად მიუღებელი არ უნდა იყოს და შესაბამისად, სახელმწიფოსთვის მშვიდად გაძღოლაც არ უნდა გაუჭირდეს. თუმცა, „დემოკრატიული ალიანსის“ ლიდერმა მონტენეგრუმ ხმამაღლა განაცხადა, „ქსენოფობ, რასისტ, პოპულისტ და უაღრესად დემაგოგიურ“ „შეგასთან“ არ ვითანამშრომლებო.

თვით ქვეყნის პრეზიდენტმაც კი, რომელიც როგორც წესი, პარტიულ ნეიტრალურობას იცავს ხოლმე, პირობა დადო, ძალ-ღონეს არ დავიშურებ რომ ეს პარტია ხელისუფლებას არ მივაკაროო. პორტუგალიაში კი პრეზიდენტის ძალაუფლება სცდება ცერემონიულ როლს.

ასეა თუ ისე, „შეგა“ ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. მას ძალიან სურს მთავრობაში მოსვლა, და უარის შემთხვევაში, საქმის კიდევ უფრო გართულებით იმუქრება.

ვინ დააკომპლექტებს პორტუგალიის მთავრობას?

 „სოციალისტური პარტია“ კოშტას მეთაურობით 2015 წელსაც მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, მაინც ის მოექცა სათავეში. ამჯერად საქმე უფრო რთულადაა. ერთად აღებულმა მემარცხენეებმა საგრძნობლად დაბალი შედეგი აჩვენებს. ჩანს, სოციალისტურ პარტიას ვეღარც კომუნისტები, ვეღარც მემარცხენე ბლოკი და ვერც LIVRE ვეღარ უშველის.

მეორე მხრივ, რთული წარმოსადგენია, როგორ წაუძღვება მთავრობას მონტენეგრუ, თუკი მტკიცედ უერთგულებს სიტყვას და არ ითანამშრომლებს „შეგასთან.“ შესაძლოა საბოლოოდ „დემოკრატიული ალიანსი“ დამორჩილდეს ბედს, თუმცა ამ შემთხვევაში, არსებობს ვარაუდი, რომ მას ლიდერის შეცვლა მოუწევს.

საუბარი მიდის ე.წ. დიდი კოალიციის – ანუ მემარჯვენე და მემარცხენე ცენტრისტების შეკვრის შესაძლებლობაზეც, უკიდურესი ჯურის პარტიების მთავრობასთან არმისაშვებად. ამის გამოცდილება სხვა ქვეყნებში – მაგალითად გერმანიასა და იტალიაში – არსებობს. თუმცა, როცორც პრაქტიკამ უჩვენა, შეიძლება უკიდურესი განწყობის პარტიების მხარდაჭერა ამით გაიზარდოს კიდეც.

და ბოლოს, თუკი მთავრობა ვერ შეიქმნება, შესაძლებელია კიდევ ერთი არჩევნებიც გახდეს საჭირო.

დასკვნა

პორტუგალიაში კოლექტიურმა მემარჯვენეებმა გაიმარჯვეს, მემარცხენეები ერთადაც და ცალ-ცალკეც დამარცხდნენ. განსაკუთრებით წინ წაიწია ულტრამემარჯვენე „შეგამ.“ ამის მიუხედავად, ქვეყნის პოლიტიკური მომავალი ბუნდოვანია. პრეზიდენტმა მემარჯვენე ცენტრისტ ლუიშ მონტენეგრუს მთავრობის დაკომპლექტება სთხოვა, თუმცა მას სახელმწიფოს მართვა ნამდვილად გაუჭირდება. ალბათ მთავრობა სტაბილური ვერ იქნება, რადგან მას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, მაგალითად ბიუჯეტის დასამტკიცებლად, სხვების დახმარება დასჭირდება. პორტუგალია პოლიტიკური არეულობის ფაზაში შედის.

მასალა განახლდა 2024 წლის 22 მარტს 01:10-ზე საპარლამენტო არჩევნების განახლებული მონაცემების შედეგად შექმნილი სურათის ასასახად.

სტატია მომზადებულია AP News -ის, Deutsche Welle-ის, Politico-ის, Euronews-ის, Guardian-ის, National Public Radio (NPR)-ის, Atlantic Council-ის, TLRD News-ისა და  Benoit Properties-ის მასალებზე დაყრდნობით.

მსგავსი/Related

Back to top button