skip to content
ახალი ამბები

სოხუმი აცხადებს, რომ ირაკლი კვარაცხელია რუსების პატიმრობაში დაიღუპა

სოხუმის ოფიციალური პირების განცხადებით, 29 წლის ირაკლი კვარაცხელიამ, რომელიც აფხაზეთში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, რეგიონში განთავსებული რუსული შეიარაღებული ძალების პატიმრობის ქვეშ მოიკლა თავი.

13 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ კვარაცხელია რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის (FSB) „მესაზღვრეებმა“ 10 მარტს „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით დააკავეს.

ოკუპირებული აფხაზეთის ოფიციალური პირების თქმით, კვარაცხელია სოფელ ნაბაკევში მდებარე FSB-ს ახლომდებარე ქვედანაყოფში გადაიყვანეს, სადაც მან თავი ჩამოიხრჩო.

„ის მარტო იმყოფებოდა ოთახში, სადაც თავი მოიკლა. მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზეთის უშიშროების სამსახურისვე განცხადებით, კვარაცხელიას გვამს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომელმაც დაადასტურა, რომ სიკვდილის გამომწვევი ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა.

„რუსეთის ფედერაციის შესაბამისი ორგანოები ინციდენტის გარემოებებს იძიებენ“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა და დასძინა, რომ ამჟამად, ქართული მხარისთვის კვარაცხელიას გვამის გადაცემის საკითხი განიხილება.

კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ შეტყობინება თბილისმა 12 მარტს ცხელი ხაზის მეშვეობით სოხუმის წარმომადგენლებისგან მიიღო, რომლებმაც განაცხადეს, რომ კვარაცხელიამ თავი მოიკლა. თუმცა, კვარაცხელიას რამდენიმე ახლობელი და ადგილობრივი მცხოვრები ამბობს, რომ ის რუს სამხედროებთან ჩხუბის შემდეგ სიკვდილამდე სცემეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button