ახალი ამბები

აფხაზეთში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

საქართველოს მოქალაქე 29 წლის ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონში დაპატიმრებიდან რამდენიმე დღეში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. თბილისში ეჭვობენ, რომ ის ცემით მოკლეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველი იყო, ვინც 12 მარტს კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების თანახმად ინფორმაცია სოხუმმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით გაასაჯაროვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოხუმის ხელისუფლებამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აცნობა, რომ ირაკლი კვარაცხელიამ პატიმრობის დროს თავი მოიკლა.

13 მარტს კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც დაადასტურა და განაცხადა, რომ მან ინფორმაცია მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით მიიღო. მისიაში განმარტავენ, რომ განვითარებულ მოვლენებს თვალს ყურადღებით მიადევნებენ.

13 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო ინტერვიუში, კვარაცხელიას მეგობარმა განაცხადა, რომ კვარაცხელია თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობდა გადმოსვლას, რა დროსაც ის დააკავეს და ახლომდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, სადაც მას, გავრცელებული ინფორმაციით, სცემეს.

ანალოგიური ვერსია გაახმოვანა დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელმა, რეზო ქობალიამაც. მისი თქმით, კვარაცხელია რუსმა სამხედროებმა 10 მარტს სოფელ ნაბაკევის მახლობლად მაშინ დააკავეს, როდესაც ის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა. ერთი დღის შემდეგ კი, ის პატიმრობაში გარდაიცვალა.

კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარები სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც გააკეთეს. მინისტრებმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს და განმარტეს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო თანამეგობრობას მიაწვდიან.

გალის რაიონი თითქმის სრულად ეთნიკური ქართველებით არის დასახლებული. არსებული მონაცმეებით, აქ 40 000 ეთნიკური ქართველი ცხოვრობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button