რესპუბლიკა 100

თებერვალი 1921: მოქალაქეებს მიმართავს ბენია ჩხიკვიშვილი

„საქართველოს რესპუბლიკა“, N40, თებერვლის 22, 1921 წ.

მოქალაქენო!

პირველი ბრწყინვალე გამარჯვება უკვე მოპოვებულია ჩვენი სახელოვანი ჯარის და გვარდიის მიერ.

დედაქალაქი საქართველოისა ფეხზე დამდგარმა ერმა ხელიდან გამოგლიჯა შემოსეულ მტერს – საბჭოთა რუსეთის და სომხეთის ბარბაროსებს.

მტერი წელში გაწყვეტილია, მაგრამ ის ჯერ თავ გასრესილი მაინც არაა.

არ მოგატყუილოს ვინმე ამ დიდმა გამარჯვებამ! ეხლა გვჭირია მთელი ძალღონის მოკრება, რომ დაწყებული გამარჯვება ღირსეულათ დავაგვირგვინოთ.

ამისთვის საჭიროა კვლავაც ერთსულოვნება კიდევ უფრო გაძლიერებული.

ყველა თავის სადარაჯოზე, ყველა თავის საქმეზე გაეშურეთ!

მებრძოლნო იარაღით ხელში ფრონტისკენ!

წესიერებას ყველა უნდა იცავდეს!

ერთი წვეთი ღვინო არ დაილიოს, ერთი მთვრალი ქალაქში არ იყოს!

ცნობის მოყვარე მოქალაქენი ქუჩებში უსაქმოთ სეირნობით ხელს ნუ შეგვიშლიან.

ვისაც ყავს ცხენი გამოსადეგი ყველამ თავისით მიიყვანოს ზურგის უფროსის სამმართველოში.

ვისაც აქვს თოფ-იარაღი და ხმარება არ შეუძლია, გადაეცით მთავრობას და ის ჩააბარებს მებრძოლთ ხელში იმ იარაღებს!

ერთი ვაზნაც არ დაიტოვოთ სახლში.

ყველაფერი ფრონტს, ყველაფერი თავდაცვას უნდა მოხმარდეს.

სიმშვიდე, წესიერება, ერთსულოვნება და გაბედულება აი რა გვიხსნის ჩვენ საბოლოოთ და რას უნდა ემსახურებოდეს ყოველი მოქალაქე.

ესაა ჩვენი ყველასი ვალდებულება დემოკრატიული, დამოუკიდებელი და თავისუფალი სამშობლოს წინაშე და ვინც ამას ნებით არ შეიგნებს, ასეთებისათვის მთავრობას იძულებითი საშვალებანი აქვს, ის ორგულებს არ დაინდობს!

აღმოსავლეთ საქართველოს გენ.-გუბ. ჩხიკვიშვილი

19 თებერვალი, 1921 წ.

თბილისი

მსგავსი/Related

Back to top button