skip to content
ახალი ამბები

საპარლამენტო კვირა

გასული სამუშაო კვირა პარლამენტმა ძირითადად საკომიტეტო მოსმენებს დაუთმო.

ახალი ინიციატივები დაგროვებითი პენსიის შესახებ

11 თებერვალს საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტმა, რომელმაც კომიტეტის 2019 წლის გეგმა დაამტკიცა, ფრაქციაქართული ოცნებასოციალდემოკრატებისმიერდაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივაც განიხილა. ინიციატივა სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ბექა ნაცვლიშვილმა წარადგინა.

ინიციატივის მიხედვით, შეიქმნება ახალი საპენსიო სქემა, რაც სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებულ თაობათა შორის სოლიდარობის სქემას გულისხმობს და მასში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი თვითდასაქმებულისთვის.

საპენსიო კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით, საპენსიო შენატანები შემდეგნაირად გადანაწილდება: ხელფასის გაცემისას სქემის მონაწილე თითოეულ დასაქმებულზე, საპენსიო ფონდში დაუბეგრავი ხელფასის 2 % რიცხავს, რასაც სახელმწიფოს მიერ 2 %-იანი შენატანიც ემატება. თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპით (არსებული დასაქმებულები აფინანსებენ ხანდაზმულთა პენსიებს), სოლიდარობის სქემიდან პენსიების გაცემა დასაქმებულების სქემაში ჩართვიდან მომდევნო წელს იმ პენსიონერებზე მოხდება, რომლებიც თაობათა სოლიდარობის სქემაში საპენსიო შენატანს ერთი წელი მაინც იხდიდნენ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა წარდგენილ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. ნაცვლიშილის საკანონმდებლო ინიციატივამ მხარდაჭერა ვერც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე მოიპოვა.

იმავე დღეს გამართულ ბრიფინგზე, დაგროვებითი პენსიის შესახებ საკუთარი ინიციატივა ფრაქცია ევროპულმა საქართველომაც წარმოადგინა. მათვე პარლამენტის მიერ გასული წლის ზაფხულში მიღებული კანონის შეჩერებაც მოითხოვეს.

ევროპული საქართველოსმიერ ინიცირებული დაგროვებითი საპენსიო სისტემის მოდელის მიხედვით, ყველა მოქალაქეს რჩება არჩევანი, ნებაყოფლობით ჩაერთოს დაგროვებით საპენსიო სქემაში, მოდელი თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის და ასევე დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს აძლევს არჩევანს, თავად განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის პრიორიტეტები

11 თებერვალს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა სხდომაზე კომიტეტის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს და ის ერთხმად დაამტკიცეს. კომიტეტის თავმჯდომარის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, კომიტეტის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან მჭიდრო კავშირების დამყარება და შენარჩუნება, ასევე დიასპორის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, კავკასიელ ხალხთან ურთიერთობის გაღრმავება და მიგრაციის საკითხებზე მუშაობა იქნება.

პარლამენტი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე არსებულ გამოწვევებს შეისწავლის

11 თებერვალს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე არსებული გამოწვევების შესასწავლად, თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის საკითხი განიხილეს. ინიციატივა სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნინო გოგუაძემ წარადგინა. მის ინიციატივას 12 თებერვალს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. თემატურ ჯგუფს სწორედ ნინო გოგუაძე უხელმძღვანელებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ახალი პირველი მოადგილე ჰყავს

12 თებერვალს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დეპუტატი დავით მათიკაშვილი აირჩიეს. მისი კანდიდატურა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ კანონპროექტი

13 თებერვალს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს, რომელიც დეპუტატებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ წარუდგინა.

საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, პრეზიდენტის სათათბირო ორგანო – უშიშროების საბჭო გაუქმდა, შედეგად ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის და კოორდინაციის მაკონტროლებელ ორგანოდ საქართველოს მთავრობა განისაზღვრა.

კანონპროექტის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოებისა და სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ საკითხებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმირების და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მომზადების მიზნით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქმნება, რომელსაც პრემიერი უხელმძღვანელბს.

საბჭოს მუდმივი წევრები იქნებიან: საქართველოს პრემიერმინისტრი, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის ძალების მეთაური. საბჭოს მდივნის უფლებამოსილება პრემიერ–მინისტრის ინიციატივით ერთ-ერთ მუდმივ წევრს დაეკისრება. საბჭო პრემიერის სათათბირო ორგანო იქნება. ამავე კანონპროექტით, უშიშროების საბჭოში საქართველოს პრეზიდენტი წარმოდგენილი არ იქნება. საკითხის განხილვის შემდეგ, კანონპროექტთა პაკეტს, კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

მინისტრის საათი

13 თებერვალს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ მოხსენებით ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია წარსდგა.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ძირითად მიზნებზე საუბრის დროს, მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტროს სამი მთავარი მიმართულება აქვს. ესენია: სამუშაო ადგილების შექმნა, საექსპორტო პოტენციალის, ასევე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში სიღარიბე დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომლის დაძლევისთვისაც 2025 წლის ჩათვლით, დამატებით 50-70 ათასი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას.

მინისტრის მიმართ კრიტიკული კითხვები ძირითადად საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატების მხრიდან დაისვა, რომელიც საპენსიო რეფორმას, სიღარიბის დაძლევას და რუსულ კომპანია გაზპრომთან გაზის ტრანსპორტირებისთვის დასადები ხელშეკრულების პირობებს ეხებოდა.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მინისტრს „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმებამდე პარლამენტის ნდობის ჯგუფში მისვლა და ხელშეკრულების პირობებზე დახურულ ფორმატში საუბარი შესთავაზეს, რასაც მინისტრი დასთანხმდა და განაცხადა, რომ რუსეთთან გაზის ტრანზიტის თაობაზე მოლაპარაკებები სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს დასრულდება.

ეთიკის კოდექსი და ეთიკის საბჭო

15 თებერვალს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის და ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა მეორე მოსმენით განიხილა.

ეთიკის კოდექსი პარლამენტის წევრების ქცევის წესებს განსაზღვრავს, რომლის მიხედვითაც, დეპუტატს ეკრძალება მისი, როგორც პარლამენტარის სტატუსის პირადი ან ოჯახის წევრების ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება, ნებისმიერი საჩუქრის მიღება. ასევე, მან თანამშრომლებთან ურთიერთობისას, არ უნდა მოახდინოს დისკრიმინაცია/გამორჩევა მათი რასის, ეთნიკური კუთვნილების, სქესის, რელიგიის ან სხვა ნიშნით.

ამავე კოდექსის მიხედვით, პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლები, მიმართვები და ქმედებები, ასევე სიძულვილის ენის გამოყენება.

ქცევის კოდექსის რომელიმე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, საკითხს 16 წევრისგან დაკომპლექტებული ეთიკის საბჭო შეისწავლის.

იმავე დღეს კომიტეტზე ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა, რომელიც 200 ათასი ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპროციული წესით ჩატარების მიზნით, კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების შეტანას ითხოვს.

შეხვედრები

  • 11 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაში „პარლამენტის როლი უსაფრთხოების სექტორში“ მიიღო მონაწილეობა.
  • 11 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისში ვიზიტად მყოფ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა, სადაც საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. პარლამენტის ინფორმაციით, საუბარი რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შეეხო.
  • 12 თებერვალს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილიმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხების უფროსს ელიზაბეთ ზენტოსსა და თავდაცვის ატაშეს წარმომადგენელს სინ კროკერს „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონპროექტი გააცნო.
  • 13 თებერვალს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესრულების თაობაზე სამოქალაქო საზოგადოების ანგარიშის განხილვაში მიიღო მონაწილეობა.
  • 13 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი პროექტის „Women Empowerment Network – WEN“ მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრაზე ოჯახში ძალადობაზე, სექსუალურ შევიწროვებაზე და ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის საკითხებზე ისაუბრეს. ჩუგოშვილის თქმით, პარლამენტში სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყება. ასევე, იგეგმება სავალდებულო გენდერული კვოტების თაობაზე კანონპროექტის ხელახალი ინიცირება.
  • 14 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ბავშვთა უფლებების კოდექსის პროექტი, რომელიც პარლამენტის ბიუროს 18 თებერვალს წარედგინება, UNICEF-ის მხარდაჭერით შემუშავდა.
  • 14 თებერვალს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ნუკრი გელაშვილთან შეხვედრის დროს, „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის სამუშაო ვერსია განიხლა. როგორც შეხვედრის შემდეგ ითქვა, თავდაცვის სამინისტრო „თავდაცვის კოდექსზე“ იწყებს მუშაობას, რაც თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო სივრცის ერთიან სისტემაში მოქცევას გულისხმობს.
  • 14 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR) საქართველოში იძულებით გადაადგილებულ, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა მდგომარეობის შესახებ ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
  • 15 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს ბიუროს ახალ ხელმძღვანელს კარლ ფრიდრიხ ტესტენსენს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს პარლამენტსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ვიზიტები

  • 12 თებერვალს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა რუმინეთის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან გაიმართა. შეხვედრაზე საქართველორუმინეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
  • 12-14 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, თურქეთს სტუმრობდა, სადაც ის თავის თურქ კოლეგას ბინალი ილდირიმს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. 
  • 15 თებერვალს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით, ქუვეითში იმყოფებოდა. საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები ქუვეითის პრემიერ-მინისტრს და ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარეს შეხვდნენ. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმის სფერო და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს.

გასვლითი სხდომები

  • 13-15 თებერვალს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) მხარდაჭერით, ბორჯომში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, სადაც კომიტეტის წევრებმა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, 2019 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button