რესპუბლიკის ამბები
1919: თბილისში ღამის 12-დან დილის 5:30-მდე ქუჩაში გასვლა იკრძალება
„საქართველოს რესპუბლიკა“, N35, 13 თებერვალი, 1919 წ.
სავალდებულო დადგენილება
ტფილისისა და მისი მიდამოების გენერალ-გუბერნატორისა, თანახმად წესდებისა იმ ადგილებზე, სადაც გამოცხადებულია სამხედრო წესები.
- ადრე გამოცემულ სავალდებულო დადგენილებათა შესაცვლელად, საყოველთაოდ ვაცხადებ, რომ აკრძალულია ყოველგვარი მოძრაობა და ქუჩაში სიარული ღამის 12 საათის შემდეგ – ვიდრე 5 ½ საათამდე, ჩემდამი რწმუნებული საგენერალ-გუბერნატოროში, თუ ამაზე არ იქნება განსაკუთრებული ნებართვა.
- ყველა თეატრები, კლუბები და სხვა გასართობი და სავაჭრო დაწესებულებანი უნდა დაიხუროს სწორედ ღამის 11 საათზე.
- ყველა ადრე მიცემული ნებართვა, ღამის 12 საათის შემდეგ ქუჩაში მიმოსვლის შესახებ, გაუქმებულათ ითვლება. ახალ ნებართვებს ვიძლევი მე და ქალ. ტფილისის მილიციის უფროსი.
- ქალაქ ტფილისის ყველა მოქალაქეთ ევალებათ თან იქონიონ თავისი პასპორტები (პიროვნების მოწმობები) მიწერილი იმ კომისარიატებში, რომელშიაც სცხოვრობენ. მილიციის მოხელეების პირველი მოთხოვნილებისამებრ, მოქალაქეები ვალდებულნი არიან წარუდგინონ მათ თავის პიროვნების მოწმობა.
- ამ სავალდებულო დადგენილების დამრღვევნი დაისჯებიან ადმინისტრატიული წესით ციხეში დაპატიმრებით 1 ½ წლამდე ან დაჯარიმებით 10 000 მანეთამდე.
- ეს სავალდებულო დადგენილება შედის ძალაში დღიდან მისი გამოქვეყნებისა.
გენ. გუბერნატორი შ. მაღლაკელიძე
12 თებერვალი 1919 წ.
ქალ. ტფილისი