რესპუბლიკის ამბები

საქართველოს პირველი რესპუბლიკა დამოუკიდებლობის 6 თვეს აღნიშნავს

(„სახალხო საქმე“, N399, 3 დეკემბერი, 1918 წელი)

საერო დღესასწაული

კვირა, დეკემბრის 1.

დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა ექვსი თვის თავზე საქართველოს პარლამენტში გაიმართა სადღესასწაულო სხდომა.

მთელი დარბაზი სადღესასწაულოდ არის მორთული:

პრეზიდიუმის ტრიბუნა, მინისტრთა მაგიდა, უცხოელთა ლოჟა და მთავრობის წარმომადგენელთა სკამები ყვავილებით არის მორთული.

პრეზიდიუმის მაგიდასთან კედელზე აღმართულია ეროვნული დროშა.

პარლამენტის წევრების მკერდს ამშვენებს მიხდის ფერი ყვავილი.

12 ს. 40 წ. დარბაზში შემოდიან პარლამენტის პრეზიდიუმი, და საქართველოს მთავრობა ნ. ჟორდანიას თავმჯდომარეობით.

თავმჯდომარე ხსნის კრებას და მკვეთრი, დასაბუთებული სიტყვით მიჰმართავს საქართველოს პარლამენტს.:

ექვსი თვეა რაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, დრო ძალიან მცირე ხალხთა ცხოვრებაში, მაგრამ მეტად მნიშნელოვანი საქართველოსთვის. ამ ხნის განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ მის მესვეურთ აქვსთ უნარი სახელმწიფოებრივი შემოქმედებისა, მას აქვს ძალა რევოლიუციის მონაპოვართა განმტკიცებისათვის. საქართველომ ყველაზე უკეთ აღმართა დროშა რევოლიუციისა და დემოკრატიზმისა და ღირსეულად დაიცვა ამ დროშის პატიოსნება.

ბევრი მტერი ჰყავს საქართველოს, ამ მარგალიტს და ძვირფას სამკაულს: მას ებრძიან ძველი რუსეთის მეოცნებენი, მას სამკვიდრო სასიცოცლო ბრძოლას უცხადებენ ბოროტი ზრახვებით აღსავსე ეშმაკის მოციქულები.

მაგრამ საქართველო მტკიცედ სდგას თავის ისტორიულ გზაზე და მას არასოდეს გადაუხვევს:

ის იყო მარგალიტი და სამკაული ძველი რუსეთისი, მაგრამ შემცდარანი არიან მეოცნებენი, თუ ჰგონიათ, რომ ის კვლავ დაუბრუნდება რუსეთს, რომ მისი სამკაულობა გასწიოს: საქართველო განამტკიცებს თავის თავის დაცვას, ხოლო არასოდეს გაჰყვება აია-სოფიას და სტამბოლის მოტრფიალეთ. იმპერიალისტურ ავანტიურას არ არის ნაჩვევი საქართველო.

საქართველო ყოველ ღონეს იხმარს, რომ ალაგმოს ეშმაკის მოციქულნი, რომელნიც დაგვტირიან და დაგვჩხავიან. ხოლო თუ არის ვინმე კეთილმოსურნე, კეთილ ინებონ, მობრძანდნენ და დაგვეხმარონ სახელმწიფოს აღშენებაში.

მდიდარი ბუნება საქართველოსი მუდამ ღიაა საქართველოს კეთილის მყოფელთათვის: ვისაც შეუძლია ისარგებლოს ამ ბუნებით და ჩვენც გვასარგებლოს , მისთვის კარები ღიაა. ხოლო ვინც მოდის ჩვენში ჩვენი განადგურებისათვის, მას ვეტყვით: „შორს ხელი“.

პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ ლაპარაკობს მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია. პრემიერ მინისტრს მოჰყავს მოკლე ანგარიში იმისა, თუ რა გააკეთა ამ ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ სახელმწიფოებრივობისა და დემოკრატიზმის განსამტკიცებლად: მოვაწყვეთ ერობა, განვახორციელეთ აგრარული რეფორმა, მოვაწყვეთ სკოლები, ფოსტა-ტელეგრაფი. სასამართლო და სხ… ყველაფერი ამით საქართველომ დაამტკიცა, რომ იგი ჭეშმარიტი დამცველია თავისუფლებისა და წესიერებისა, და დაამტკიცა, რომ მის გზა სწორედ იყო და სამართლიანადაც არ გაჰყვა რუსეთს ბოლშევიკების გზას, რომელმაც რევოლიუცია ანარქიად შესცვალა.

საქართველო მტკიცედ დაადგა დამოუკიდებელ გზას და ის არასოდეს გადაუხვევს მას: დამოუკიდებლობის აქტით, მან სძლია აზიური ბარბაროსობა და უშუალოდ შევიდა და ის მუდამ ივლის ამ გზით.

სამართლიანი არ არის ყველა ის ჩივილი, რომელიც გაისმის საქართველოს წინააღმდეგ. მტრები ხმებს ავრცელებენ, რომ ჩვენ რუსები გავრეკეთ. ეს ჭორის, ჩვენ მოსისხლე მტრების მიერ მოგონილი. რუსები ჩვენ ღირსეულად გავისტუმრეთ მათ სამშობლოში და რუსეთის მაგიერ ამისათვის 98 მილიონი დავხარჯეთ.

ასეთ მტრებს, ჩვენ დამოუკიდებლობას რომ სამარეს უთხრის, ჩვენ ვეტყვით: „აიღეთ ხელი, გადაეშვით იქ, სადაც თქვენი ადგილია“.

ხოლო ვინც ჩვენი კეთილის მყოფელია, მისთვის მუდამ ღიაა ჩვენი კარები. „კეთილ იყოს თქვენი მობრძანება – ვეტყვით მათ, – და ჩვენი დახვედრა“.

ნაშუადღევის 1 ნახ. საათზე თავმჯდომარე ნ. ჩხეიძე კრებას დახურულად აცხადებს.

 

ს.ყ.

მსგავსი/Related

Back to top button