ევროპამთავარი თემა

ბრექსიტი: სიმშვიდე ქარიშხლის წინ

საბა ბრაჭველი, ლონდონიდან

ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა, 25 ნოემბერს, ევროპული საბჭოს (European Council) საგანგებო შეხვედრაზე ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის დეტალური შეთანხმების ტექსტი და შესაბამისი პოლიტიკური დეკლარაცია შეათანხმეს.

პრემიერ ტერეზა მეის (Theresa May) მთავრობა ახლა ამ შეთანხმებას ბრიტანეთის პარლამენტს წარუდგენს, სადაც საავდრე ღრუბლები გროვდება. თავად პრემიერის კონსერვატიული პარტიის ათობით დეპუტატი იმუქრება, შეთანხმებას მხარს არ დავუჭერთო. თუკი შეთანხმების ტექსტი პარლამენტმა დაიწუნა, ტერეზა მეის ალბათ კაბინეტთან გამომშვიდობება მოუწევს, ბრიტანეთის მომავალი კი უფრო მკვრივი ბურუსით შეიმოსება.

ყველაფერი რიგზე (ვერ არის)…

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან, ანუ “ბრექსიტთან” დაკავშირებით დღეს არსებულ ვითარებას ყველაზე კარგად ერთი ცნობილი ინტერნეტ მიმი ასახავს, სადაც ალმოდებულ სახლში მყოფი შეშფოთებული პერსონაჟი მაგიდასთან ზის და თავს ირწმუნებს, რომ ყველაფერი კარგადაა.

მმართველი პოლიტიკური ელიტისა და მემარჯვენე მედიის ყველა მცდელობის მიუხედავად, მარტის იდების მოახლოებასთან ერთად, ბრიტანული ჰაერი თანდათან ნერვული დაძაბულობით ივსება.

ვითარება იმიტომაცაა უცნაური, რომ ამ თემაზე შემდგარი ისტორიული რეფერენდუმიდან მეორე წლის თავზე, ჯერ კიდევ ვერავინ დაადგინა, თუ ზუსტად რას გულისხმობს ბრექსიტი.

ცნობილია მხოლოდ განწყობები, რამაც არსებული სტატუს-ქვო თავდაყირა დააყენა. მოსახლეობის 52%-მა ხმა მისცა „სუვერენიტეტის უკან დაბრუნებას“ ბრიუსელიდან, რაც საზღვრების კონტროლში, მიგრაციის შეზღუდვაში, სამუშაო ადგილების შექმნასა და ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისთვის (NHS) დაფინანსების გაზრდაში უნდა გამოხატულიყო.

თუმცა, გასვლის ფორმალური პროცედურის დაწყებიდან უკვე წელიწადნახევარი გავიდა, და ჯერ კიდევ ვერ გაირკვა, როგორ უნდა შესრულდეს ბრიტანელების დაკვეთა ევროკავშირიდან გასვლის გზით, ან კი საერთოდ თუ შესაძლებელია ბრექსიტის მეშვეობით რაიმე დადებითი შედეგის მიღწევა.

ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები კონკრეტულ შედეგს მხოლოდ ორი კვირის წინ მიუახლოვდა.

ტერეზა მეის გეგმის მიხედვით, გაერთიანებული სამეფო ფორმალურად დატოვებს ევროკავშირს, თუმცა შედის გარდამავალ პერიოდში, ევროკავშირთან დეტალური შეთანხმების შესამუშავებლად. გეგმა ასევე ითვალისწინებს მექანიზმს იმ შემთხვევისთვის, თუ საბოლოო შეთანხმება ვერ მოხერხდა.

„ეროვნული სუვერენიტეტის დაბრუნება“ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იურისდიქციიდან გამოსვლაში გამოიხატება, თუმცა ბრიტანეთი კვლავაც გააგრძელებს ევროკავშირის მიერ დაწესებული რეგულაციების შესრულებას სავაჭრო და სამეწარმეო სფეროებში.

გასაკვირი არაა, რომ ამ გეგმამ როგორც ევროკავშირთან კავშირების სრული გაწყვეტის მსურველების (“ბრექსიტერების”), ისე ევროკავშირში დარჩენის მსურველთა (“რიმეინერების”) აღშფოთება გამოიწვია.

მისი აღსრულების შემთხვევაში, ბრიტანეთს აღარ ეყოლება წარმომადგენლები ევროპარლამენტში და აღარ ექნება ხმის უფლება იმ რეგულაციებთან დაკავშირებით, რომლის შესრულებაც მას მაინც მოუწევს.

შვეიცარიისა და ნორვეგიისგან განსხვავებით, გაერთიანებული სამეფოსთვის, რომელიც მსოფლიოს მეხუთე უდიდეს ეკონომიკას წარმოადგენს, ეს მოდელი ცალსახად წამგებიანი იქნება.

გარდა ამისა, ევროპის ერთიან ბაზარზე დასარჩენად, ბრიტანეთს კვლავაც მოუწევს ევროკავშირის ოთხი ძირითადი თავისუფლების – საქონლის, კაპიტალის, მომსახურებისა და შრომითი რესურსების თავისუფალი გადაადგილების – შენარჩუნება, რაც ამ გზით კუნძულზე იმიგრაციის შეზღუდვის მოიმედეებს აწბილებს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ორი წლის თავზე ის გამოირკვა, რომ რეფერენდუმის გადაწყვეტილების შესასრულებლად გაერთიანებული სამეფო მილიარდობით ფუნტს დაკარგავს, ხოლო ევროკავშირის რეგულაციების შესრულება მაინც მოუწევს და მეტიც – მათი მიღების პროცესში უკვე ვეღარ ჩაერევა.

სხვა ბრექსიტი?

რატომ ვერ მოხერხდა წელიწადნახევრის განმავლობაში უკეთესი გეგმის მოფიქრება? ძალზედ ფართოდ გავრცელებულ კლიპში კონსტიტუციური სამართლის პროფესორი მარტივად ხსნის, რომ ბრიტანეთს თავიდანვე მხოლოდ სამი შესაძლებლობა გააჩნდა – ა) სრულიად ეთქვა უარი ბრექსიტზე, ბ) მთლიანად გამოსულიყო ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებიდან, ანდა გ) მიეღო ფორმალური, „უაზრო“ ბრექსიტი. მიღწეული შეთანხმება სწორედ მესამე არჩევანს ნიშნავს.

სხვა შესაძლებლობები ადრევე გამოირიცხა, რადგან ბრიუსელი მტკიცედ იცავს საკუთარ პოზიციას, რომ ევროპის ერთიანი ბაზრის წევრად აღიქვამს მხოლოდ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც “ევროკავშირის ოთხ თავისუფლებას” აღიარებენ.

რამდენიმე მინისტრის გადადგომის შემდეგ კონსერვატორი დეპუტატების ნახევარზე მეტმა საჯაროდ დააფიქსირა, რომ გეგმის მხარდაჭერას არ აპირებს.

თანდათან უფრო ნათელი ხდება, რომ ბრექსიტის არც ერთი ვარიანტი ბრიტანეთისთვის მომგებიანი არაა. რადიკალმა ბრექსიტერმა, ევროკავშირიდან გამოსვლის ახალგადამდგარმა მინისტრმა, დომინიკ რააბმაც (Dominic Raab) კი აღიარა, რომ ამ გეგმას ევროკავშირში დარჩენაც კი ჯობს.

არაერთი გამოკითხვის თანახმად, ბრიტანელთა უმეტესობა ბრექსიტს ეწინააღმდეგება და ხელმეორე რეფერენდუმის მომხრეა. თუმცა, ბრექსიტზე მთლიანად უარის თქმა მმართველი პარტიისა და განსაკუთრებით, ტერეზა მეისთვის პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება.

ტერეზა მეის ისიც არ შეუძლია, მიემხროს რადიკალ ბრექსიტერებს და სრულიად უარი თქვას ევროკავშირის ერთიან ბაზარზე და აი, რატომ:

პირველ რიგში, ერთიანი ბაზრიდან გამოსვლა ბრიტანეთისთვის ეკონომიკურ კატასტროფას გამოიწვევს. ქვეყანა უბრალოდ არ არის მზად “ხისტი ბრექსიტისთვის”.

ფინანსური აუდიტის სამსახურის მოხსენების თანახმად, ევროკავშირთან ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, ქვეყნის მართვისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი 12 სისტემიდან, 11 ფუნქციონირებას შეწყვეტს; ბრიტანეთი დაკარგავს წვდომას ევროკავშირის უსაფრთხოების კატალოგზე, რაც ორგანიზებულ დანაშაულს სასათბურე პირობებს შეუქმნის; 2019 წლის აპრილამდე ვერ მოესწრებოდა სასაზღვრო პოსტების გამართვა, რომ არაფერი ვთქვათ, ტარიფების შეთანხმებასა და პროდუქციის შემოწმებაზე.

კვლევების თანახმად, დუვრსა და კალეს შორის ტრანზიტის 2 წუთით შეფერხებაც კი მყისიერად გამოიწვევს 47-კილომეტრიან საცობს ბრიტანეთის საზღვართან, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვან დეფიციტს შექმნის კრიტიკული მნიშვნელობის, მათ შორის – სამედიცინო პროდუქტებზე.

ეკონომიკური კატასტროფის გარდა, ხისტი ბრექსიტი პოლიტიკურადაც შეუძლებელია, და ამის მთავარი მიზეზი ირლანდიაა.

ჩრდილოეთ ირლანდიის ახლო წარსული სავსეა ძალადობითა და ტერორიზმით, რაც ბრიტანეთთან კავშირის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის არსებულმა რელიგიურმა და პოლიტიკურმა დაპირისპირებამ გამოიწვია.

არეულობის სისხლიანი პერიოდი („The Troubles“) სულ რაღაც ოციოდე წლის წინ დასრულდა „წითელი პარასკევის შეთანხმებით“ („Good Friday Agreement”), რომლის ერთ-ერთი ქვაკუთხედი ირლანდიის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის გამჭვირვალე საზღვრის არსებობაა.

კათოლიკური რესპუბლიკისა და პროტესტანტული ჩრდილოეთის გამყოფი 500-კილომეტრიანი საზღვარი არაერთ სოფელს, ქუჩასა და სახლსაც კი ორად ყოფს. ეს მთლიანად გამორიცხავს მკაცრი სასაზღვრო კონტროლის დაწესებას, რაც ხისტი ბრექსიტის შემთხვევაში, ევროკავშირის წევრ ირლანდიის რესპუბლიკასა და დიდ ბრიტანეთს შორის გარდაუვალი იქნებოდა.

მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორებმა დაკარგეს საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობის ფორმირება მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდიურ პარტიასთან – DUP-სთან ალიანსის შედეგად შეძლეს.

ამ პარტიის ერთადერთ რეალურ დანიშნულებას „წითელი პარასკევის შეთანხმების“ დაცვა წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ ვესტმინსტერის პოლიტიკოსები ბრიუსელთან მოლაპარაკებისას დაუშვებენ ორ ირლანდიას შორის ნამდვილი საზღვრის არსებობას, DUP-ს შეუძლია არა მხოლოდ მოლაპარაკებები ჩაშალოს, არამედ დატოვოს პოლიტიკური ალიანსი კონსერვატორებთან, რაც ტერეზა მეის მთავრობის გადადგომასა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს გამოიწვევს.

ერთი სიტყვით, რეალური ბრექსიტის განხორციელება ბრიტანეთისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური კატასტროფა იქნებოდა, ხოლო ბრექსიტზე უარის თქმა – ტერეზა მეის პოლიტიკური კარიერის დასასრული.

შესაბამისად, მან აირჩია მესამე გზა, „უაზრო ბრექსიტი“, რომელიც მოსახლეობის ნაწილის პოპულისტურ, ნაციონალისტურ ამბიციებს დააკმაყოფილებს, თუმცა ბრიტანეთის სახელმწიფო ინტერესებს, რბილ ძალასა და პოლიტიკურ გავლენას დიდ დარტყმას მიაყენებს.

საბედისწერო შეცდომა

2015 წელი დევიდ კემერონის ტრიუმფის წელი უნდა ყოფილიყო.

არჩევნებში გამარჯვებისა და პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის შემდგომ მან შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმიც დიდი ბრიტანეთის ერთიანობის სასარგებლოდ დაასრულა.

ლეიბორისტები პარტიულ ინტრიგებში იყვნენ ჩაკარგული, ლიბერალები კი რეალურ გავლენას აღარ ფლობდნენ.

ერთადერთი საფრთხე, რაც კონსერვატორთა გრძელვადიან მმართველობას ემუქრებოდა, ახალწარმოქმნილი პოპულისტური მოძრაობა UKIP იყო, რომლის მთავარ მოთხოვნას ბრექსიტის რეფერენდუმი წარმოადგენდა.

ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხი კონსერვატორთა შიდა განხეთქილების საგანი იყო, ამიტომ რეფერენდუმში რიმეინერების გამარჯვებას ნაიჯელ ფარაჟი (Nigel Farage) და სხვა პოპულისტები უნდა გაეჩუმებინა. ბრიტანეთის გავლენიანი მედია ევროკავშირში დარჩენას ემხრობოდა და ყველა სხვა დიდი პარტიაც ამ აზრზე იდგა.

თუმცა, კემერონმა სათანადოდ ვერ შეაფასა პოპულისტური სიყალბის,  რეფერენდუმის მიმდინარეობაში ფარული რუსული ჩარევისა და ხალხში არსებული პროტესტის მასშტაბი.

რეფერენდუმის მეორე კამერონი გადადგა და თან წაიყოლა „გლობალური ბრიტანეთის“ პროექტიც, რომელიც, ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით, გაერთიანებული სამეფოსთვის პოლიტიკური სიძლიერის დაბრუნებას ისახავდა მიზნად.

ფორმალურმა რეფერენდუმმა, რომელიც პარტიის გამაერთიანებელი მოვლენა უნდა გამხდარიყო, მთელი ქვეყნის ორად გაყოფა და სავალალო ჩიხში შესვლა გამოიწვია.

ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, თუ როგორი იქნება ბრექსიტის შემდეგ ბრიტანეთი ან ევროკავშირი.

სავარაუდოდ, აპრილის შემდეგ უფრო გაძლიერდება დამოუკიდებლობის მომხრეთა ხმა შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, რადგან მათ ევროკავშირთან განსაკუთრებული სავაჭრო ურთიერთობა აკავშირებთ.

კრიზისებში ჩაფლული ევროკავშირისთვის კი ბრექსიტი მოულოდნელად დადებითი, გამაერთიანებელი მოვლენა აღმოჩნდა, რაც მეტი ინტეგრაციისკენ უბიძგებს დანარჩენ წევრებს.

გაერთიანებულ სამეფოს ამ ეტაპზე ერთიანი ბაზრის ალტერნატივა არ გააჩნია. ამ დრომდე ვერ მოხერხდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება აშშ-სა და ჩინეთთან.

თანდათან იკვეთება, რომ ცალკე მდგომ გაერთიანებულ სამეფოს გლობალურ მოთამაშეებთან წამგებიანი პოზიცია უკავია. შესაბამისად, პოსტ-ბრექსიტისეული ბრიტანეთის მთავარი ამოცანა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან (აშშ, ევროკავშირი) ურთიერთობის ახალი ფორმატის შემუშავება და სხვა მოკავშირეებთან ურთიერთობის განმტკიცება იქნება.

ჩვენი თვალით

ლონდონმა უკვე საგარეო პოლიტიკის კუთხით კარდინალური ცვლილებები უკვე დაანონსა. დიპლომატიური მისიების რაოდენობა და მათში დიპლომატების რაოდენობაც გაიზრდება, რათა მსოფლიოში ბრიტანეთის გავლენა გაძლიერდეს.

ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სოციალური კავშირების მნიშვნელოვანი ზრდა საქართველოსთან მიმართებით. კავკასიის რეგიონისადმი ბრიტანეთის სტრატეგიული ინტერესიდან გამომდინარე, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ბრექსიტის შემდგომ წესით კიდევ უფრო გაძლიერდეს.

თუმცა ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ვარაუდი და მოლოდინია. 2019 წლის 31 მარტამდე ჯერ კიდევ დიდი დროა (თუმცა ახალი სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად – არა). ორჭოფობის გარეშე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ მომავალი მსოფლიოს ბედს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა ტერეზა მეი “გზაჯვარედინზე უვნებლად გადასვლას.

საბა ბრაჭველი

საბა ბრაჭველი

სამართლის მაგისტრი, იგი 2015 წლიდან მუშაობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სისხლის სამართლის მიმართულებით. ამჟამად, ჩივენინგის პროგრამის ფარგლებში, სწავლობს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამაგისტრო პროგრამაზე ედინბურგის უნივერსიტეტში. საბას მთავარი ინტერესის სფეროს დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საშინაო პოლიტიკა წარმოადგენს.

მსგავსი/Related

Back to top button