გასული წლიდან მოყოლებული ბრიტანეთი, საფრანგეთი და აშშ უკრაინას გრძელი მოქმედების რაკეტებით ამარაგებენ, მაგრამ კიივი მაინც დაჟინებით ითხოვს გერმანულ “ტაურუსის” ტიპის ფრთოსან რაკეტებს. ფრანგი, ბრიტანელი და სხვა ევროპელი ლიდერებიც მოუწოდებენ კანცლერ შოლცს დააჩქაროს “ტაურუსების” გადაცემა, ის კი უარობს.
“ფაინეიშნლ ტაიმსის” მასალაზე დაყრდნობით გაგაცნობთ, რა უპირატესობები აქვს “ტაურუსებს” უკრაინის არსენალში უკვე არსებულ ბრიტანულ-ფრანგულ თუ ამერიკულ ფრთოსან რაკეტებთან შედარებით და რა შეიძლება იყოს კანცლერ შოლცის ყოყმანის მიზეზი.
პოლიტიკური კონტექსტი
კანცლერი შოლცი შიშობს, რომ “ტაურუსებით” უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე გაანადგურებს მნიშვნელოვან სამიზნეებს, რაც კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს. ამასთან, შოლცის პარტიული კოლეგები იმაზეც შფოთავენ, სარაკეტო სისტემის სამხედრო მწყობრში ჩასაყენებლად უკრაინაში ჩვენი სამხედრო მრჩევლების გაგზავნა მოგვიწევს, რამაც შეიძლება ომში ჩაგვითრიოსო.
ცოტა ხნის წინ რუსების მიერ გადაჭერილმა და შემდეგ გაჟონილმა გერმანელი სამხედრო ოფიცრების საუბრის ჩანაწერმაც ცხადყო, რომ ბრიტანულ-ფრანგული წარმოების ფრთოსანი რაკეტებისგან განსხვავებით, რომლებიც უკრაინას უკვე აქვს, “ტაურუსებს” უფრო წარმატებით შეუძლიათ ყირიმის ხიდისა და სხვა მნიშვნელოვანი ნაგებობების განადგურება.
ექსპერტები საფუძვლიანად ვარაუდობენ, რომ ოლაფ შოლცს უფრო მოსკოვის შესაძლო რეაქცია აღელვებს ვიდრე ტაურუსების სიმძლავრე და მათი წვდომის მანძილი. ფასი არაა აქ მთავარი: შოლცს უკრაინისთვის ტაურუსზე გაცილებით უფრო ძვირიანი სისტემები აქვს გადაცემული: ჰაერსაწინააღმდეგო “Patriot” და გერმანული ინდუსტრიის სიამაყე, “IRIS-T” ბევრად უფრო ძვირი ღირს და ტექნიკურადაც ურთულესი სისტემაა. თუმცა ორივე თავდაცვითი ხასიათისაა.
რა გამოარჩევს “ტაურუსებს”?
“ტაურუსის” ფრთოსანი რაკეტები, დაახლოებით იგივე ზომა-წონისაა, რაც ბრიტანულ-ფრანგული Storm Shadow/SCALP EG. მათივე მსგავსად, “ტაურუსებიც” სამხედრო თვითმფრინავებზე მაგრდება და მათი სამიზნეებისკენ გაშვებაც ჰაერიდან ხდება.
მთავარი, რაც გერმანულ რაკეტას გამოარჩევს მისი “ჭკვიანი” ქობინაა, სახელად MEPHISTO (Multi-effect Penetrator Highly Sophisticated and Target Optimized – მრავალდანიშნულებიანი, მაღალი სირთულის და სამიზნეზე მორგებული შემღწევი). ტრადიციული ქობინებისგან განსხვავებით, რომლებიც სამიზნეზე დარტყმისას ან გარკვეული დისტანციაზე ან წინასწარ დადგენილი პაუზის შემდეგ ფეთქდებიან, MEPHISTO-ს სისტემის ქობინა დაპროგრამებულია იმგვარად, რომ შეაღწიოს ნაგებობის რამდენიმე ფენაში/შრეში და აფეთქდეს ისეთ მაქსიმალურად ოპტიმალურ ადგილზე, რომელიც ამა თუ იმ ნაგებობის სტრუქტურას ან განსაზღვრულ სამიზნეს მაქსიმალურ ზიანს მიაყენებს. როგორც სქემიდან ხედავთ, მეფისტო “გრძნობს” იმ მასალებს, რომელსაც ხვრეტს და სიცარიელეებსაც (მაგალითად ოთახს) ამჩნევს. ამიტომ, ხიდების, დაცული სამეთაურო პუნქტების, ბუნკერებისა და მსგავსი ნაგებობების გასანადგურებლად, “ტაურუსი” ზედგამოჭრილია.
“ტაურუსის” ფრთოსანი რაკეტები აღჭურვილია ტურბოპროპ ძრავით, რომელსაც ფრანგულ-ბრიტანულ Storm Shadow/SCALP-EG-ის ტურბორეაქტიულ ძრავებზე დიდი მანძილის დაფარვა შეუძლიათ. “ტაურუსების” სამუშაო დისტანცია 500 კილომეტრია, ბრიტანულ-ფრანგულ მეტოქისა კი – ორჯერ ნაკლები.
ამერიკული, ხმელეთიდან გასაშვები ATACMS-ის ტიპის რაკეტები მყარ სარაკეტო საწვავს მოიხმარს და კიდევ უფრო მეტად ჩამორჩება კონკურენტებს საბრძოლო მანძილის მხრივ – ახლა უკრაინას მხოლოდ 165 კილომეტრზე მსროლელი სისტემები აქვს.
ამასთან, სტელსის (უჩინარი) ტექნოლოგია ტაურუსის რაკეტას საშუალებას აძლევს ძალზე დაბლა – სულ რაღაც 50 მეტრის სიმაღლეზე იფრინოს და ამით დავი დაიზღვიოს ჰაერსაწინააღმდეგო რადარებისაგან.
ვინ აწარმოებს “ტაურუსებს”?
“ტაურუსის” სარაკეტო სისტემას ერთობლივად აწარმოებენ ევროპის უმსხვილესი რაკეტების მწარმოებელი “MBDA”-ს გერმანული განშტოება და განთქმული შვედური “Saab.” რაკეტის მთავარი ღირსება MEPHISTO-ს ქობინები კი ბავარიაში იწარმოება.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ 2019 წლიდან “ტაურუსის” რაკეტების წარმოება შეჩერებულია. ამჟამად, ბავარიის საწარმოში მხოლოდ უკვე გაყიდული რაკეტების შეკეთება და მომსახურება ხდება. “ტაურუსის” სისტემის რაკეტა საშუალოდ 1.5 მილიონი ევრო ღირს და დღეისთვის, მისი გარკვეული მარაგები გერმანიას, ესპანეთსა და სამხრეთ კორეას აქვს.
როგორც ამბობენ, გერმანიას საკუთარ სამხედრო არსენალში 600 “ტაურუსის”რაკეტა აქვს, რომელთაგან მხოლოდ ნახევარია გამართული და საბრძოლო მზადყოფნაში. თუკი გერმანია უკრაინისთვის ამ რაკეტების მიწოდებას გადაწყვეტს, მას საკუთარი მარაგების გაზიარება მოუწევს, რომელთა შევსებაც ახალი რაკეტებით შეჩერებული წარმოების გამო, მალე ვერ მოხერხდება.
ამ მხრივ, ბრიტანულ-ფრანგულ რაკეტებს უპირატესობა აქვთ, რადგან საფრანგეთში მოქმედი საწარმო, Storm Shadow/SCALP-GE-ის რაკეტებს ჯერაც აწარმოებს. ამის გარდა, როგორც ამბობენ, ბრიტანეთსა და საფრანგეთს, გერმანიასთან შედარებით, რაკეტების უფრო დიდი მარაგიც აქვთ.
რამდენად შესაძლებელია “ტაურუსების” წარმოების განახლება?
სარაკეტო საქმის მცოდნეები ამბობენ – “ტაურუსების” წარმოების განახლება თავისუფლად შესაძლებელია და ამისთვის საწარმოს მხოლოდ ახალი შეკვეთის მიღება სჭირდება. თუმცა, მათ წარმოებას დრო სჭირდება: გერმანულმა საწარმომ ახალი რაკეტის დამზადებაზე ხვალვე რომ დაიწყოს მუშაობა, ცინცხალი “ტაურუსი” მზად მხოლოდ ორიოდე წელიწადში იქნება. სწორედ ამიტომ შფოთავს გერმანია, რომ უკრაინისთვის ამ რაკეტების გადაცემა მას თავისი მარაგების განიავებას ნიშნავს.
რამდენად შეძლებენ უკრაინელები “ტაურუსების” გამოყენებას?
შოლცის შიშები რომ უკრაინაში გასაგზავნ რაკეტებს მან გერმანელი სამხედროებიც უნდა გააყოლოს, ჩანს, უსაფუძვლოა. გერმანელი ოფიცრების გავრცელებული საუბრის ჩანაწერიდანაც ირკვევა, რომ “ტაურუსების” ეფექტიანად გამოსაყენებლად უკრაინელების მომზადებას დაახლოებით სამი თვე დაჭირდება.
სპეციალისტებს უფრო ამ ფრთოსანი რაკეტების უკრაინულ, საბჭოთა თვითმფრინავების მართვის სისტემებზე დაერთება აფიქრებთ, თუმცა თვლიან – და ფრანგულ/ბრიტანული რაკეტების გამოყენების გამოცდილებაც ცხადყოფს – რომ რამდენიმე კვირაში ამ ტექნიკური პრობლემის მოგვარებაც სავსებით შესაძლებელი იქნება. თანაც უკრაინა F-16-ებსაც ელის ზაფხულისათვის.
დასკვნის ნაცვლად
როგორც ჩანს, შოლცის წუხილების დიდი ნაწილი უსაფუძვლოა – “ტაურუსების” გამოსაყენებლად, უკრაინელების მომზადება სავსებით გამოსვლადი საქმეა და ამისთვის გერმანელი ჯარისკაცების დიდი ხნით უკრაინაში გადასროლა სულაც არ იქნება საჭირო.
რაკეტების ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებზე დაყრდნობით, შეიძლება იმის თქმა, რომ ამ რაკეტებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურას, ყირიმის ხიდის ჩათვლით და უკრაინას დაეხმარონ ფრონტზე არსებული ძალთა კრიტიკული დისბალანსის გაწონასწორებაში. ბუნებრივია, “ტაურუსს” ომში გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერ ექნება, მაგრამ უკრაინას კი წაადგება.
ბრძოლის ველზე გადამწყვეტი გარდატეხის მოსახდენად უკრაინას დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვები, საზენიტო კომპლექსები, ავიაცია, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მეტი სისტემები და უამრავი დრონები ჭირდება, არაფერი რომ აღარ ვთქვათ ცოცხალ ძალაზე, რომლის ნაკლებობაც ძალიან მძაფრად იგრძნობა.