ევროპამთავარი თემა

ოპერაცია “დნეპრის ფარი”?

ეს დღეებია, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებებმა, რომ უკრაინის დასახმარებლად არაფერს გამორიცხავს, ერთდროულად გამოცოცხლება და შფოთვა გამოიწვია ევროპელებს შორის. მედია ბევრს საუბრობს სამხედრო ოპერაციის შესახებ და საუბარში ძირითადად კომენტატორები და მიმომხილველები არიან ჩართული. სინამდვილეში, ევროპული საზოგადოება იმდენად გადაეჩვია არამხოლოდ ომს, არამედ მის შესაძლებლობასაც კი, რომ საჯარო პოლიტიკაში სტრატეგიული აზროვნებისა და პრაქტიკული გამოცდილების ნაკლებობა იგრძნობა. ამიტომაც, ყოფილი სამხედროები ცდილობენ, რეალობას დაუახლოვონ ის, ხშირ შემთხვევაში ზღაპრული სცენარები, რასაც მშვიდობიანობისას გაზრდილი ჩვეულებრივი მოქალაქე თუ საშუალო პოლიტიკოსი სამხედრო ოპერაციაზე ფიქრისას წარმოიდგენს ხოლმე.

ამ კომენტატორებიდან ერთ-ერთი საინტერესო ხმაა ფრანგი პოლკოვნიკი მიშელ გოია, რომელიც თავის ჟურნალში ხშირად აქვეყნებს ხოლმე გამომაფხიზლებელ კომენტარებს. დღეს გადავწყვიტეთ უკრაინაში შესაძლო სამხედრო ოპერაციისმაგვარი წარსული გამოცდილების შესახებ მისი ისტორიული მიმოხილვა გაგიზიაროთ.

“დაშორიშორება,” “გადარწმუნება” თუ “ნაკრძალად-ყოფა”

ჯერ იმაზე ვისაუბროთ, რა სახის ოპერაციაზე შეიძლება იყოს საუბარი უკრაინაში. ყველაზე მარტივია სამხედრო მრჩევლების გაგზავნა ოფიციალურად და შეზღუდული საწვრთნელი მისიით. ეს საკმაოდ იოლადაა განსახორციელებელი და პოლკოვნიკი გოია ამ სცენარის დეტალურად არ განიხილავს. საუბარი ვერ იქნება “დაშორიშორების” კლასიკურ ოპერაციაზეც, როგორსაც, მაგალითად, გაეროს ლურჯი ბერეტები ახორციელებენ ხოლმე. მართალია, ამგვარ ოპერაციაშიც მესამე მხარე ორ მოწინააღმდეგეს შორის დგება, მაგრამ, როგორც წესი, ამ დროს აქტიური სამხედრო მოქმედებები ან უკვე შეწყვეტილია, ან არსებობს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომლის შესრულებაზე ზედამხედველობასაც იღებს თავზე ეს მესამე მხარე. უკრაინაში ამგვარი ვითარება არ გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

ანუ, საუბარია მესამე ტიპის ოპერაციაზე. რომელსაც ამერიკული დოქტრინა “გადარწმუნების” (dissuasion) სახელით იცნობს, ხოლო ფრანგული კი პოეტურად “ნაკრძალად ქცევას” (sanctuarisation) უწოდებს. საქმე ეხება სამხედრო თავდასხმის მსხვერპლი მოკავშირის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის სამხედრო ძალით დაკავებას ისე, რომ – შეძლებისდაგვარად – აგრესორთან უშუალო ომის მდგომარეობაში არ აღმოჩნდე. ამგვარი ოპერაცია, პოლკოვნიკი გოიას თქმით, უახლეს ისტორიაში ორჯერ განხორციელდა. ერთი საბჭოთა კავშირის, მეორე კი სწორედაც რომ საფრანგეთის მიერ. გადავხედოთ თითოეულ მათგანს.

ოპერაცია “კავკასია”

1970 წელია. ისრაელსა და ეგვიპტეს შორის ომი ურთიერთგამოფიტვის ფაზაშია შესული სუეცის არხის გასწვრივ. 7 იანვარს, ისრაელი ამერიკიდან ახალი გამანადგურებელ-ბომბდამშენების – F-4E “ფანტომების” – მიღებით სარგებლობს და სუეცის არხის გასწვრივ ეგვიპტის დაბომბვას იწყებს, ქაიროს ჩათვლით. ისრაელის ოპერაციის სახელია “ყვავილობა”.

ისრაელელი ჯარისკაცები ოპერაციიდან ბრუნდებიან 1970 ომის დროს.

ისრაელელებს იმედი აქვთ, რომ კონფლიქტის ესკალაცია აიძულებს ეგვიპტელ ლიდერს, ქარიმ აბდ-ელ ნასერს, დათმოს, ანდა მის წინააღმდეგ გადატრიალებას გამოიწვევს. სინამდვილეში, საპირისპირო რამ ხდება. საჰაერო დარტყმების მიერ მოტანილი ზიანი არაა მნიშვნელოვანი, სამაგიეროდ, აცდენილი ბომბებით სკოლის დაზიანება მთავრობის გარშემო რაზმავს მოსახლეობას. მოქალაქეები ნასერისაგან დათმობას კიარა, შურისძიებას ითხოვენ.

საბჭოთა კავშირი გადაწყვეტს, ჩაერიოს კონფლიქტში და იწყებს ოპერაციას კოდური სახელით “კავკასია”. ალექსანდრიაში, მოულოდნელად, თებერვალში, მეთვრამეტე საჰაერო დივიზიას გადასხამენ საჰაერო თავდაცვის ათობით ბატარეით, მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და სამოცდაათი ავიაგამანადგურებლით. ისინი ნილოსის გასწვრივ იკავებენ პოზიციებს. ოპერაციაში თავიდან 12 ათასი საბჭოთა სამხედროა ჩართული, ხოლო 1970 წლის ბოლოს მათი რაოდენობა 19 ათასს აღწევს. ისინი ეგვიტპის სამხედრო ფორმებით მოქმედებენ და ფორმალურად “მრჩევლები” ჰქვიათ. მაგრამ გზავნილი ნათელია: სსრკ ისრაელს ანიშნებს, რომ ნილოსზე შეტევა მოსკოვთან ომს გამოიწვევს. ისრაელი აპრილშივე მიდის დათმობაზე. ოპერაცია “ყვავილობა” შეწყვეტილია, მაგრამ ამავე დროს, თელ-ავივი საბჭოელებს აფრთხილებს, რომ 50 კილომეტრზე უფრო ახლოს არ მიუახლოვდნენ სუეცის არხს. ამასთან, ისრაელი საჰაერო დარტყმებს კიდევ უფრო აძლიერებს უშუალოდ სუეცის არხის მომიჯნავე რეგიონებში.

ივნისში საბჭოელებმა არხის მიმართულებით გარღვევას საცდეს. ისრაელი ამჯერად უკან არ იხევს, საარტილერიო შეტაკებები იწყება საბჭოთა ჯარისკაცებსა და ისრაელის არმიას შორის. 22 ივნისს საბჭოთა გამანადგურებელი ისრაელის ბომბდამშენის გადაჭერას ცდილობს. საპასუხოდ, 29 ივნისს, ისრაელი საჰაერო დესანტს გადასხამს და რუსულ საჰაერო ბაზას ემუქრება. ივლისში საბჭოთა საჰაერო დაცვის ბატარეა აზიანებს ისრაელის თვითმფრინავს. პარალელურად, სამშვიდობო მოლაპარაკებები მიდის ეგვიპტესა და ისრაელს შორის და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რეალური პერსპექტივა იკვეთება.

ამ პირობებში, ისრაელი გადაწვეტს მარცხი აჭამოს საბჭოელებს. ყალბი საჰაერო დარტყმის გათამაშებით, 30 ივლისს თელ-ავივი სინაის თავზე შეიტყუებს 16 საბჭოთა MiG-21-ს რომლებსაც იქ 12 Mirage-III ელოდება. იმართება ახლო აღმოსავლეთის ომების უდიდესი საჰაერო ბრძოლა. შედეგად: ხუთი ჩამოგდებული ან დაზიანებული საბჭოთა თვითმფრინავი და ერთი კი – ისრაელისა. ორი საბჭოთა პილოტი დაიღუპა. მომდევნო დღეს ისრაელის მთავრობა ხელს აწერს ცეცხლის შეწყვეტას ნასერთან. თუმცა ამ შეთანხმების დემილიტარიზაციის პუნქტს არც ისრაელი ასრულებს და არც სსრკ. საბჭოელები პორტ საიდში სამ ფრეგატს აყენებენ საჰაერო თავდაცვის რაკეტებით. ისრაელი აღარ პასუხობს საბჭოეთის ამ ნაბიჯს. 18-თვიანი ბრძოლა ასე სრულდება.

ოპერაცია “სკაროსი”

1983 წლის აგვისტო დგას, ჩადში სამოქალაქო ომი მძვინვარებს. დედაქალაქ ნჯამენაში ჰისსენ ჰაბრეს მთავრობაა გამაგრებული, რომელსაც ლიბიელი პოლკოვნიკ მუამარ კადაფის მიერ მხარდაჭერილი წინა მთავრობა ებრძვის. ლიბიელებს ჩადის ჩრდილოეთი აქვთ დაკავებული, წინ მიიწევენ და დედაქალაქს ემუქრებიან. ჰაბრე საფრანგეთს სთხოვს დახმარებას.

9 აგვისტოს პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანი მწვანე შუქს უნთებს ლიბიელების გადარწმუნების ოპერაციას. მისი კოდური სახელია “სკაროსი” (Manta). ჩადის ცენტრალურ რაიონების კრიტიკულ ცენტრებს ფრანგული ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფები იკავებენ. ფრანგი დიპლომატები კადაფის აცნობებენ, რომ მე-15-ე პარალელს თუ გადმოცდება, საფრანგეთი სამხედრო ძალით უპასუხებს. ამ მუქარის ძალით გასამაგრებლად ნჯამენასა და ბანგიში 50 ფრანგული თვითმფრინავი და 31 ვერტმფრენი ჯდება, ხოლო ლიბიის სანაპიროსთან ფრანგული ავიამზიდი დგება რეიდზე. 1962 წლის შემდეგ ეს საფრანგეთის ყველაზე დიდი საექსპედიციო კორპუსია.

ფრანგი სამხედროები ოპერაცია “Manta”-ს დროს, ჩადი 1983.

ლიბია საფრანგეთთან პირდაპირ დაპირისპირებას თავს არიდებს, სამაგიეროდ ერთხანს ნჯამენაში ტერორისტულ აქტებს აწყობს და სეპარატისტებს აფინანსებს. 1984 წელს კადაფი ჯარებს შეტევაზე აგზავნის და მე-15-ე პარალელს კვეთს, ოპერაციისას ორი ფრანგი ტყვედ აჰყავთ.

საფრანგეთი საჰაერო დარტყმებით პასუხობს, მაგრამ ამაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას იმდენი ხანი სჭირდება, რომ ლიბიელები ფრანგულ თვითმფრინავებს მომზადებული ხვდებიან. შედეგად, ერთი ფრანგული თვითმფრინავი ჩამოგდებულია, პილოტი იღუპება. საფრანგეთი უკან იხევს. ახალ წითელ ხაზად ლიბიას მე-16-ე პარალელს აძლევს და სამხედრო დაჯგუფებას 3500 კაცამდე ზრდის, თანაც მათ ცეცხლის დამოუკიდებლად, პარიზიდან წინასწარი თანხმობის გარეშე, გახსნის უფლებას აძლევს.

კადაფი ისევ უკან იხევს და მზადყოფნას გამოთქვამს, გაიყვანოს ჯარები ჩადიდან, თუკი საფრანგეთიც იგივეს გააკეთებს. ეს ახალი ფანდია: როცა 1984 წლის ნოემბერში ფრანგები მართლაც გადიან, ლიბიელები აგრძელებენ დიდი სამხედრო ბაზის მშენებლობას ჩადის ჩრდილოეთში და არსადაც არ მიდიან. 1986 წელს კონფლიქტი ხელახლა იფეთქებს – ლიბია და მისი მხარდაჭერილი ამბოხებულები შეტევაზე გადადიან და მე-16-ე პარლელსაც კვეთენ. საფრანგეთი საჰაერო დარტყმებით პასუხობს და იძულებულია ახალი, ოღონდ უფრო მოკრძალებული სამხედრო ოპერაცია წამოიწყოს, რომლის ძირითადი ამოცანა ჩადის საჰაერო თვდაცვაა.

ვითარება 1986 წლის ოქტომბერში განიმუხტება, როცა ამბოხებულები ჩადის მთავრობას ჯერ დაუზავდებიან, 1987 წლიდან კი ერთად შეუტევენ ლიბიელებს და 1987 წლის სექტემბრისთვის (ფრანგების ოფიციალური და არაოფიციალური სამხედრო და სადაზვერვო მხარდაჭერით) იბრუნებენ ლიბიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს. 11 სექტემბერს ცეცხლი წყდება და სამშვიდობო შეთანხმებს 1988 წლის მარტში ეწერება ხელი. 1989 წლის 31 აგვისტოს, ლიბიასა და ჩადს შორის საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება დაიდება.

თუმცა აქ ამბავი არ მთავრდება. სისხლიანი პოლკოვნიკი კადაფი შურს სამოქალაქო პირებზე იძიებს. 1989 წლის 19 სექტემბერს, ლიბიის დაზვერვა სარეისო თვითმფრინავზე ტერორისტულ აქტს აწყობს ნიგერის ცაში. 170 დაღუპულს შორის 54 ფრანგია. ლიბია არ იღებს პასუხისმგებლობას, საფრანგეთი ოფიციალურად ამ შეტევას არ პასუხობს. მთელი ეს კონფლიქტი საფრანგეთს ამ კატასტროფაში დაღუპული სამოქალაქო პირების და 13 ჯარისკაცის სიცოცხლედ დაუჯდა (აქედან 12 უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა).

რა დასკვნებია უკრაინისთვის?

პოლკოვნიკ გოიას დასკვნით, ეს მაგალითები გვასწავლის, რომ სრულმასშტაბიან ომში “გადარწმუნების” თუ “ნაკრძალად ქცევის” ოპერაციის განხორციელება ფრიად დელიკატური სამხედრო მანევრია, სადაც საკვანძო მნიშვნელობა აქვს:

  • მოწინააღმდეგის მოსალოდნელი რეაქციის სწორ შეფასებას.
  • ოპერაციისთვის საჭირო საექსპედიციო ძალების სწრაფ და გადამწრვეტ გადასროლას.
  • ნათელი წითელი ხაზების დაწესებას, გადარწმუნება რომ შედეგიანი იყოს.

ორივე სამაგალითო შემთხევაში, ოპერაციის შედეგები საბოლოოდ მიღწეული იყო, ოღონდ გაკვეთილია, რომ მოწინააღმდეგესთან პირდაპირი შეტაკების და დაზარალების შესაძლებლობა არსებობს და ის საკმაოდ რეალურიცაა. წარსულში, ამგვარი შეტაკებები სრულმასშტაბიანი ომის ზღურბლს ქვემოთ რჩებოდა, თუმცა საზოგადოებრივ აზრზე მაშინაც ახდენდა გავლენას და დღეს, სოციალური მედიის პირობებში, მით უფრო მოახდენს. სამხედრო თვალსაზრისითო, ამბობს გოია, ამგვარი ოპერაციის რისკზე წასვლას აზრი მაშინ აქვს, თუკი მოკავშირეს სასიცოცხლო საფრთხე ემუქრება და ამდენად, მისი დაცვის სტრატეგიული ინტერესი არსებობს.

პოლკოვნიკ გოიას მოსაზრებით, უკრაინაში ამჟამად არსებული ვითარება ზოგიერთ ამ კრიტერიუმს არ პასუხობს. პირველ რიგში, მისი აზრით, უკრაინას სასიცოცხლო საფრთხე არ ემუქრება – ის საკმარისად ეფექტურად იცავს თავს. გოიას თქმით, ის იარაღი, რაც საექსპედიციო კორპუსის გაგზავნას დასჭირდება, უკრანელებს რომ მივცეთ, შეიძლება ბევრად უფრო შედეგიანი აღმოჩნდეს.

მეორე პრობლემა ისაა, რომ “ნაკრძალად ქცევის” ოპერაციას სერიოზული რაოდენობის სამხედრო ძალა სჭირდება, რაც საბჭოთა ოპერაცია “კავკასიიდან” კარგად ჩანს. გოიას თქმით, საფრანგეთს დღეს მაქსიმუმ 15 ათასი კაცის გამოყვანა შეუძლია, რაც აშკარად არ იქნება საკმარისი ისეთი აშკარა წითელი ხაზის დასაწესებლად რუსეთისთვის, როგორიც, მაგალითად, მდინარე დნეპრია.

მისი აზრით, აშშ სამხედრო სტრატეგიული მიზეზებით ამგვარ ოპერაციაში ვერ ჩაერევა. ამგვარად, საჭიროა იქნება ბრძოლისათვის მზად მყოფი ევროპული ქვეყნების კოალიციის შეკვრა. ევროპაში, ჯერჯერობით, თეორიულად არსებობს შესაძლებლობა ამგვარ ოპერაციაში ჩაერთოს დიდი ბრიტანეთი, ბალტიის ქვეყნები, შესაძლოა ნიდერლანდები და პოლონეთი. გოიას თქმით, მოყვანილი მაგალითებიდან აშკარაა, რომ აგრესორის მხრიდან მოსალოდნელია ასიმეტრიული დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე და “შემთხვევითი” შეტევები საექსპედიციო ძალებზე, ამიტომ ისიც მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა მხარს ერთმნიშვნელოვნად უჭერდეს ოპერაციას და აცნობიერებდეს შესაძლო რისკებს.

ამავე დროს, პოლკოვნიკის აზრით, არც ის კომენტატორები არიან მართალი, ვინც ამბობს, რომ ამგვარი ოპერაციის განხორციელება ავტომატურად ნიშნავს ნატოს ომს რუსეთთან, ანდა კიდევ უარესი, ატომურ ომს. საექსპედიციო კორპუსზე თავდასხმა, მითუმეტეს შეზღუდული, ავტომატურად ვერ იქნება განხილული, როგორც ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე თავდასხმა, კიარადა არც ორ ქვეყანას შორის ღია ომის საბაბია, რაზეც მოყვანილი მაგალითები მეტყველებს.

ატომურ იარაღს რაც შეეხება, მისი აზრით, მთავარია სამხედრო დოქტრინა, რომელიც ატომური იარაღის გამოყენებას მხოლოდ “სასიცოცხლო საფრთხის” შემთხვევაში გულისხმობს. არც დასავლეთის ქვეყნების და, სხვათაშორის, არც რუსეთის შემთხვევაში, უკრაინა ასეთად არ ითვლებაო, ფიქრობს გოია.

საბოლოო დასკვნის სახით, ფრანგი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ ეტაპზე დასავლეთის მხრიდან ამგვარი ოპერაციის განხორციელება ქიმერაა. მისი თქმით, ბევრად უფრო ლოგიკური და, სავარაუდოდ, ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა ასეთი ოპერაცია 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყების წინ უკრაინა-რუსეთის საზღვარზე, დასავლეთს საკმაო ძალები და, რაც მთავარია, პოლიტიკური ნება რომ ჰქონოდა.

მისივე თქმით, დღევანდელ პირობებში ამ ოპერაციის ჩატარების საშუალება დასავლეთს (განსაკუთრებით აშშ-ს მონაწილეობის გარეშე) აღარა აქვს, რადგან სამხედრო ძალების სიდიდე, აღჭურვილობის ტიპები და ტყვიაწამლის რაოდენობა ცივი ომის დასრულების შემდეგ იმდენად მკვეთრად შემცირდა, რომ ისეთი სერიოზული მოწინააღმდეგის წინაშე, როგორიც რუსეთია, საექსპედიციო ოპერაციის წარმოების საშუალებას არ იძლევა.

მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების მთავარი ამოცანა უნდა იყოს სამხედრო შესაძლებლობების განახლება იმგვარად, რომ ევროპულ კოალიციას რუსეთის შესაკავებლად საკმარისი სერიოზული დაჯგუფების განთავსება შეეძლოს აღმოსავლეთ ფლანგზე უახლოესი ხუთი-შვიდი წლის განმავლობაში.

ფრანგულიდან თარგმნა და ადაპტაცია: ჯაბა დევდარიანი

პირველწყარო
Opération Bouclier du Dniepr ?

მსგავსი/Related

Back to top button