skip to content
რესპუბლიკის ამბები

ჩვენ და გერმანელები – „საქართველოს რესპუბლიკა“ გადარჩენას გერმანიას უმადლის

(„საქართველოს რესპუბლიკა“, N80, 1-ლი ნოემბერი, 1918)

ჩვენ და გერმანელები

ჩვენ და გერმანელები – ეს საკითხი მაშინ დაისვა, როდესაც ჩვენ განმარტოებულათ დარჩენილნი, მოწყვეტილნი ყოველი მხრიდან და გარს მოცულნი უამრავი მტერით – პირისპირ ვუდექით გასისხლიანებულ პირდაღებულ მტერს-ოსმალეთს, რომელიც განადგურებას და ჩაყლაპვას გვიქადოდა.

გერმანელების სახელი გულთან ახლოს მივიღეთ, როდესაც ყარსი და ბათუმი მტრის სიძლიერეს წინაშე ინგრეოდა და დღედღეზე იქცეოდა. აღთქმული დაპირება ცენტროფლოტისა მოღალატეობათ იქცა და უკანასკნელი ნუგეში ძალთა შემატებისა დაიმსხვრა. გაშმაგებულ – გაზვიადებული მტერი მზათ იყო ერთის დაკვრით ჩვენთვის თავი წაეცლია და ფიზიკურათ სამუდამოთ გაენადგურებია. მაშინ ყველა დარწმუნდა, როდესაც ოსმალო-ასკერთა ხიშტებმა აწამეს სომხეთი და ლურსმიან ქუსლებს ქვეშ გაჭყლიტეს მისი სიცოცხლე. ქართველი ერის ხელმძღვანელებმა ეს თავიდანვე იგრძნებს, გაითვალისწინეს და დახმარეს ხელი გაუწოდეს. ქართველი ერის მეთაურებმა სისწორით აუღეს ალღო მდგომარეობას და შეეცადნენ თავზე დამტყდარ უბედურების აცდენას. აქ გამოჩნდა დამხმარე ძალა, რომელმაც თავისი ძლიერი ხელით საქართველოს ააშორა ოსმალეთის ხელი და ააცდინა მომავალ სრულ გაპარტახებას.

26 მაისს საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ ნეიტრალურ რესპუბლიკად და როდესაც იყო წამი, რომ წარხოცილიყო და გავერანებულიყო იგი, მან ხელი მოჰკიდა გერმანიას და მისი შემწეობით გადაარჩინა ქვეყანა ოსმალთა აწიოკებისაგან. საქართველომ მოიწვია გერმანიის ჯარი და დღეს ყველა ხედავს ამ ნაბიჯის ნაყოფს; ყველასათვის ცხადია, თუ რაოდენი სიკეთე მოუტანეს მათ საქართველოს, როდესაც მათ იგი მტრის გასსხლიანებულ კლანჭებს გამოსტაცეს, დავრდომილი. შემოვიდა ჩვენში გერმანია, როგორც ჩვენი დამცველი.

გერმანია იცავდა ჩვენს დამოუკიდებლობას და არ ჩარეულა ჩვენს შინაურ საქმეებში. ჩვენი პირობა: რომ მათ დაეცვათ ჩვენი საზღვრები და არ ჩარეოდენ ჩვენს შნაურ საქმეებში – მათ პირნათლად შეასრულეს. ჩვენში შემოსვლის დღიდან გერმანელები მტკიცედ ადგნენ ამ პირობას: გვიცავდნენ საზღვრებს და არ ერეოდნენ ჩვენს შინაურ საქმეებში. მაგრამ საერთაშორისო მდგომარეობა ისე მალე შეიცვალა, რომ შედეგად საქართველო სავსებით გამოდის ცენტრალურ სახელმწიფოს წრიდან და ეს ფაქტი ხდება სრულიად უმტკივნეულოდ.

საქართველო ვერასოდეს დაივიწყებს იმ კეთილ შედეგებს, რომელიც გერმანიის აქ შემოსვლაში და მისგან ქვეყნის გადარჩენაში და საერთო დახმარებაში გამოიხატა.

მსგავსი/Related

Back to top button