ახალი ამბები

საქართველოს ლიდერები ნატოში ინტეგრაციის და რუსული საფრთხის შესახებ საუბრობენ

1-2 ნოემბერს ბათუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას მასპინძლობს, სადაც ქართველი და უცხოელი ოფიციალური პირები, ექპერტები, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და რეგიონული და გლობალური სტაბილურობის, ასევე უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობენ.

შესავალ სიტყვებში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიესალმნენ საქართველოს პროგრესს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლებიც რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციიდან გამომდინარეობს.

„საქართველო-ნატოს თანამშრომლობა, მართლაც მაღალი ხარისხით და მაღალი ინტენსივობით ვითარდება“, – განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ „საქართველოს ხალხის ურყევი არჩევანი და ნებაა გახდეს ევროატლანტიკური გაერთიანების წევრი და ამ პროცესს ქართული მთავრობები დიდი მოწოდებითა და დიდი ერთგულებით ახორციელებენ“.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი საქართველოს დასავლური ინტეგრაციის „შემაფერხებელი“ ფაქტორია. „რუსეთის ფედერაციამ 2008 წელს აწარმოა მიზანმიმართული დაპყრობითი ომი საქართველოს წინააღმდეგ. ამ მიმართულებით ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა, რეგულარულმა არმიამ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და მოახდინა ჩვენი სამშობლოს 20 პროცენტის ოკუპაცია“, – განაცხადა მან.

მარგველაშვილის თქმით, „ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ის, რასაც ჩვენ 2008-ის შემდეგ, 2014 წლიდან ჰიბრიდულ ომს ვუწოდებთ. ჰიბრიდული ომი მოისინჯა საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში“.

მარგველაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

მან გამოიყენა შესაძლებლობა და გადაწყვეტილების მიღების ერთიანი ორგანოს საჭიროების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ეროვნული უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მან ადრეც გააკრიტიკა. უშიშროების საბჭოს გაუქმება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ იგეგმება.

„ჩვენ წლის ბოლომდე გვეყოლება ახალი პრეზიდენტი, ჩვენ გვექნება ახალი კონსტიტუცია და ჩვენ არ გვექნება უშიშროების საბჭო…საჭირო და აუცილებელია სტრუქტურა, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ხაზს ვუსვამ, არა ანალიტიკურ გადაწყვეტილებებს, არამედ ანალიტიკაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. გადაწყვეტილებებს, რომელიც შემდეგ გახდება საჭიროების შემთხვევაში პირდაპირი დირექტივა, როგორც თავდაცვის სამინისტროსთვის, ასევე გენერალური შტაბისა და სხვა უწყებებისთვის“, – დასძინა მან.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ფოტო: facebook.com/mod.gov.ge
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიესალმა საქართველოს მზარდ თავსებადობას ნატოსთან და აღნიშნა, რომ ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია „ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიაა და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის“.

ბახტაძემ რუსული ოკუპაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსული შეიარაღებული ძალების ყოფნა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“.

„რეგიონების მზარდი მილიტარიზაციის გამო, სულ უფრო ღრმავდება დეპოპულაცია, კატასტროფულად მცირდება მოსახლეობის რაოდენობა. შექმნილია უმძიმესი პირობები ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მავთულხლართები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და არღვევს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს. გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამებისა და მკვლელობის ფაქტები“, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს პასუხი ყველა ამ გამოწვევაზე არის „მშვიდობა, განვითარება და შეუქცევადი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“. მამუკა ბახტაძემ  საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, რომ „ერთიანი და პრინციპული უნდა იყოს სუვერენული ქვეყნების თავისუფლებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპის სადარაჯოზე“.

ბახტაძემ ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის ვიზიტი საქართველოში წინ გადადგმული ნაბიჯია ორმხრივ ურთიერთობებში, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. მან აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს მადლობა გადაუხადა, რომლის თქმითაც „საქართველომ დაამტკიცა, რომ ის არის ნატოს ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორი“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ფოტო: facebook.com/mod.gov.ge

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button