skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს და ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალი წლის ღამეს მოსახლეობას მიულოცა და ერთიანობის მნიშვნელობაზე რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება. მან თავისი სიტყვა სამეგრელოსა და ოკუპირებული აფხაზეთის დაკამავშირებელი ენგურის ხიდის ფონზე დაიწყო და ორბელიანების სასახლეში დაასრულა.

თავისი მისალოცი სიტყვის დასაწყისში პრეზიდენტმა განაცხადა: „გილოცავთ იმ ადგილიდან, რომელიც დღეს ყველაზე ჩამქრალია. აქ არცერთი დიდი ნაძვის ხე არ ანთია… და აქ უნდა ენთოს ყველაზე მაღალი და ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე, რომელსაც ამ ხიდის ორივე მხრიდან უნდა უყურებდნენ. ეს ხიდი არის ის, რაც გვაერთიანებს, რაც აერთიანებს აფხაზეთსა და დღევანდელ სტატუსმინიჭებულ საქართველოს“.

შემდეგ მან მოსახლეობას ახალი წელი ორბელიანების სასახლიდან მიულოცა, რომელიც, მისი თქმით, დგას როგორც სახელმწიფო სიმბოლო და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ერთიანობის სიმბოლო: აფხაზების, ცხინვალის მცხოვრებლების, დიასპორისა და ჩვენი მოქალაქეების – ეს არის ადგილი, რომელიც თქვენი სახლია, თქვენი სახელმწიფოა“. „როცა ჩვენ ვამბობთ ერთიანობას, ეს არის ის, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია და მინდა, სწორედ ამ ერთიანობით მოგილოცოთ სტატუსის მინიჭება, ევროპის გზის ნამდვილი გახსნა, ის, რაც ამ წელს ყველას მიღწევაა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის „სიძნელეებსა და მტკივნეულ მომენტებზეც“ ისაუბრა. „არ გვავიწყდება არც შოვის და არც გურიის ტრაგედიები და არც ის ყოველდღიური ტრაგედიები, რომლებშიც ცხოვრობენ, საოკუპაციო ძალების ყოველწუთიერი ზეწოლის ქვეშ მყოფი, ჩვენი მოქალაქეები“, – აღნიშნა მან.

მან 8 მარტის [როდესაც მოქალაქეებმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი გააპროტესტეს] მნიშვნელობას გაუსხვა ხაზი, ხოლო 8 ნოემბერს [როდესაც ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა]  გამარჯვების წელი უწოდა. „ამ წელს ვასრულებთ დიდი იმედით, რომ 2024 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, იქნება ასევე, ჩვენი ერთიანობის წელი, როცა მივხვდებით, რომ აზრთა ჭიდილი ერთმანეთთან ბრძოლას არ ნიშნავს. ეს არის ის, რაც უნდა ვისწავლოთ ამ საარჩევნო წელს (რომელიც ახლა იწყება), რათა ჩვენ შევძლოთ ერთიანობის შენარჩუნება და გავამარჯვებინოთ თავისუფლებასა და სამართლიანობას – ამას გისურვებთ და მეც, თქვენთან ერთად, ამის სადარაჯოზე ვიქნები“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button