პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას პოლიტიკოსები აფასებენ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 6 თებერვალს პარლამენტში ბოლო ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა და რიგი აქტუალური საკითხები მიმოიხილა.
პრეზიდენტის მიერ განხილულ თემებს შორის იყო უსაფრთხოების საკითხები, რუსეთის ჰიბრიდული ომი, საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და რუსეთის ომი უკრაინაში; ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ამ გზაზე მთელი საზოგადოების მობილიზების მნიშვნელობა; ქართული დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები და ქვეყნის გარდაქმნა „ცოცხალ. წარმატებულ, ძლიერ, ევროპულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ“; ასევე 2024 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობა. სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში მთავრობას, ოპოზიციას, დიასპორას და ახალგაზრდებს მიმართა.
„სამოქალაქო საქართველო“ პრეზიდენტის ბოლო მოხსენების შესახებ პოლიტიკოსების შეფასებებთ გთავაზობთ:
მმართველი გუნდი
ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი: „რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას, საინტერესო არ იყო არაფერი. ერთადერთი იყო საინტერესო, მან რეალურად დაადასტურა, ის გეგმები, რაზეც ვსაუბრობდით, აშკარად აპირებს შექმნას ფსევდო შუაშისტური პოლიტიკური ძალა, ამისთვის ის სექტემბერში გადადგება და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ეს იყო ერთადერთი საინტერესო, რაც შეიძლება ამოვიკითხოთ მისი გამოსვლიდან, დანარჩენი ეს იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის ერთი ჩვეულებრივი გამოსვლა… ერთადერთი ვისაც კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი, ეს არის თავად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გამოირჩევა კონსტიტუციის დარღვევით, სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებით. მან უნდა გასცეს პასუხები კითხვებს, რომელიც ქართულ საზოგადოებას აქვს სწორედ სალომე ზურაბიშვილის მიმართ“.
მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნება“, დეპუტატი: „ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ [სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა] იყო რიგითი რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლა. არცერთი სიტყვა ქვეყნის რაიმე წარმატებაზე მის ამ ვრცელ სიტყვაში არ თქმულა… დავანებოთ თავი შიდა შეფასებებს, ჩვენ შეიძლება სუბიექტურებიც ვიყოთ, მაგალითად მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სავალუტო ფონდი და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები ყოველ კვირაში გამოსცემენ სხვადასხვა კვლევის შედეგებს, სადაც არ არსებობს სფერო, სადაც პროგრესი არ გვაქვს… ამის მიუხედავად, არცერთი სიტყვა პოზიტივთან დაკავშირებით საქართველოს ფორმალურ პრეზიდენტს არ უთქვამს. ეს იყო რიგითი ოპოზიციონერის გამოსვლა, რომელსაც აქვს სურვილი, სათავეში ჩაუდგეს რაღაც ოპოზიციურ მოძრაობას“.
ოპოზიცია
თინათინ ბოკუჩავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „ვფიქრობ, ნამდვილად მოვისმინეთ გაცილებით უფრო გამბედავი, მკაფიო და გულწრფელი გზავნილები მისგან, ვიდრე წარსულში მოგვისმენია. მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მანკიერ, მავნე გავლენებთან დაკავშირებით, რომ ის არის ერთპიროვნული მმართველი და საქართველოს თუ სურს ევროკავშირში გაერთიანება, ჩვენ უნდა გადავიდეთ ერთპიროვნული, ერთპარტიული მართველობიდან, ევროპული კოალიციური მმართველობის მოდელზე. ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება და დარწმუნებული ვარ ქართველ ხალხთან ერთად მშვიდობანი არჩევნებით ხელისუფლება შეიცვლება ოქტომბრის არჩევნებზე“.
გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: „რთულია არ დაეთანხმო იმ შეფასებებში, რომ ქვეყანაში არის ელიტური კორუფცია, ხალხი უკიდურესად ღარიბია… უმუშევრობა… კატასტროფული მიგრაცია… აი, ეს არის რაც მოიტანა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ, ეს არის ივანიშვილის დაჯგუფება, რომელიც მართავს. ამ შემთხვევაში დიაგნოზი სწორად არის დასმული, ის რომ ივანიშვილია ყველაფერი… ამ შეფასებას ვეთანხმები, კობახიძესთან დაკავშირებითაც ვეთანხმები… მთავარი საკითხი – მინდა პოზიტიურად გამოვეხმაურო ოპოზიციის ერთიანობისკენ მოწოდებას“.
სალომე სამადაშვილი, „ლელო საქართველოსთვის“: „პირველ რიგში მივესალმები იმას, რომ პრეზიდენტის ხედვა სრულიად ემთხვევა ლელოს ხედვას, რომ შემდეგ არჩევნებზე წყდება ჩვენი ევროპული მომავლის და სახელმწიფოს ბედი. ჩვენ მისგან მოვისმინეთ ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი, კორუფციის, მათი რუსეთთან კავშირების, მათ მიერ წარმოებული პოლიტიკის გამო, არის მთავარი დაბრკოლება ქართველი ხალხის ამ ისტორიული არჩევანის რეალიზაციის გზაზე… ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის საყურადღებო“.
ხატია დეკანოიძე, „ევროოპტიმისტები“: „ძალიან მკაფიო გზავნილები იყო ანუ მმართველობითი ფორმა, რომელიც არის საქართველოში, მძიმე ოლიგარქიული კლეპტოკრატია, რომლის მთავარი შემოქმედი არის ბიძინა ივანიშვილი, ამას, საქართველოს პრეზიდენტმა ძალიან კონკრეტული დიაგნოზი დაუსვა… და ეს კონკრეტული დიაგნოზი იყო, რომ საქართველოში არის კორუფცია, დემოკრატიის კუთხით არის სერიოზული გამოწვევები, ახსენა ყველაფერი… ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს ამაზე, საუბრობს მთელი მსოფლიოს გასაგონად“.
ზურაბ ჯაფარიძე, „გირჩი – მეტი თავისუფლება“: „დღეს ძალიან ბევრი სწორი გზავნილი გააგზავნა, მათ შორის ის, რომ ივანიშვილს პირდაპირ დაადო ხელი, როგორც პასუხისმგებელ ადამიანს იმ ყველა პრობლემებზე, რომელიც თვითონ ჩამოთვალა. ისიც, რომ თქვა, წინ აღუდგება ამ ქვეყნის უკან დაბრუნებას რუსულ და საბჭოთა სივრცეში, რაც ჩემთვის პრინციპული საკითხი არის… თუ სურვილი ექნება მე შევხვდები და გავარკვევ ეს ინიციატივა რა შინაარსის მატარებელია და თავად როგორ წარმოუდგენია ამ პროცესის მსვლელობა“.
ეკა ბესელია, „სამართლიანობისთვის“: „[პრეზიდენტის გამოსვლა იყო] ძალიან საქმიანი, სახელმწიფოებრივი, პრინციპული. ისეთი სიტყვის და პოზიციის დემონსტრირება მოახდინა, რომ… ვფიქრობ ეს გზავნილი ყველამ სწორად უნდა გაიაზროს“.
სტატია განახლდა 7 თებერვალს 16:25 საათზე და მას ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ეკა ბესელიას კომენტარები დაემატა.
ასევე წაიკითხეთ:
- 31/03/2023 – პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენებას პოლიტიკოსები აფასებენ
- 31/03/2023 – პრეზიდენტმა ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენებისას ხელისუფლება გააკრიტიკა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)