ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ ბრიფინგი გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელდან დაბრუნების შემდეგ 23 თებერვალს ბრიფინგი გამართა, სადაც რიგი საკითხები განიხილა, მათ შორის შეხვედრები ევროპელ და ნატოს ლიდერებთან. პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ივანიშვილის ჩართულობა საარჩევნო კამპანიაში, ევროკავშირის ლიდერების რეაგირება „ქართული ოცნების“ ანტი-დასავლურ განცხადებებზე, ჩინეთ-საქართველოსა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა.

ბელგიაში ვიზიტზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა შეხვედრაზე ხაზგასმული იყო პარტნიორების კეთილგანწყობა საქართველოსა და მისი დელეგაციის მიმართ და რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრა საუკეთესო იყო, რაც კი ოდესმე გამართულა.

კობახიძემ მადლობა გადაუხადა დელეგაციას, რომელიც ვიზიტის დროს ახლდა მას და ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება იმ კანდიდატ ქვეყნებს შორის, რომელიც ყველაზე კარგად იქნება მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად, როგორც დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. მან დასძინა, რომ საქართველოს მთავრობა ამ ამოცანის შესასრულებლად ძალისხმევას არ დაიშურებს.

კითხვა-პასუხი

ტელეკომპანია „იმედის“ კითხვაზე, რამდენად პრობლემურია ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაარსება და უცხოური დაფინანსების მიღება და კანონიერია თუ არა ეს, კობახიძემ უპასუხა: „რაც შეეხება პარტიების თუ პოლიტიკური სუბიექტების ზოგადად ირიბ დაფინანსებას, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც ჩვენს კანონმდებლობას, ისე ზოგადად სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპს, საყოველთაო მიდგომაა, დემოკრატიულ ქვეყნებში დამკვირდებული საყოველთაო მიდგომა, რომ პარტიები, პოლიტიკური სუბიექტები შეიძლება ფინანსდებოდნენ მხოლოდ შიდა სახელმწიფოებრივი წყაროებიდან და არა საზღვარგარეთული წყაროებიდან“. მისი თქმით, საქართველოში „ტენდენცია არის დადებითი, სხვათა შორის ეს დადებითი ტენდენცია დაიწყო მას შემდეგ რაც დაინიცირდა პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონი, მას შემდეგ ვხედავთ ჩვენ დადებით ტენდენციებს, აღარ ხდება ირიბი წესით პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება, ყოველ შემთხვევაში შემცირებულია ასეთი დაფინანსების მოცულობა, რაც არის ძალიან კარგი, თუმცა ჩვენ ბოლომდე უნდა გავყვეთ თითოეულ ასეთ პრეცედენტს“.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებები არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით არ იქნება ინიცირებული.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ევროკავშირის ლიდერებთან გამართულ შეხვედრებზე სთხოვეს თუ არა კობახიძეს მის ანტიდასავლურ განცხადებებზე და ევროპარლამენტარების, განსაკუთრებით ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას მწვავე კრიტიკაზე განმარტებების გაკეთება.

პრემიერმა აღნიშნა, რომ რობერტა მეცოლა პირველი იყო, ვინც წამოიწყო საუბარი „ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის გაუგებრობაზე“. კობახიძის თქმით, 2022 წელს ევროპარლამენტმა სამი „აბსოლუტურად უსამართლო რეზოლუცია მიღო, მოგვიწია ამ უსამართლო რეზოლუციების გაკრიტიკება და მადლობა მათ შორის ქალბატონ რობერტა მეცოლას იმისთვის, რომ ამის შემდეგ დამკვიდრდა სწორი პრაქტიკა, ასეთ რეზოლუციები დიდი ხანია აღარ მიიღება ევროპარლამენტის მხრიდან“. პრემიერ-მინისტრის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობას უფრო მჭიდრო ურთიერთობა ექნება ევროპარლამენტთან და მომავალი არჩევნების შემდეგ ურთიერთობები უფრო დათბება.

კითხვაზე, როგორ ჩაერთვება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო პროცესში, კობახიძემ უპასუხა, რომ ეს დამოკიდებულია მასზე და მის ხედვაზე. მისი თქმით, საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის დეტალებზე ჯერჯერობით არ უსაუბრიათ. „რა თქმა უნდა, გვექნება შეხვედრები და დაიგეგმება საარჩევნო კამპანია“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის შეცვლა არ იგეგმება.

ცესკოს დაკომპლექტების წესში შეტანილი ახალი ცვლილებების შესახებ კითხვაზე, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები აუცილებელი იყო იმ „ჩიხური ვითარების“ მოსაგვარებლად, რაც მათ შეექმნათ ცესკოს ახალი წევრების დანიშვნისას და რომ ცესკოს შესახებ კანონში ჩიხური ვითარება 19 აპრილის ხელშეკრულებაში შეტანილმა პუნქტმა გამოიწვია. მან ასევე განაცხადა, რომ ახალი კანონი ჩიხიდან გამოსავალს უზრუნველყოფს.  

პრემიერ-მინისტრმა ცალკე დასმული შეკითვის საპასუხად გაიმეორა ქართული ოცნების მოსაზრება იმის შესახებ, თუ რატომ გაუქმდა ოპოზიციის მიერ არჩეული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი. მისი თქმით, არსებობდა შესაძლებლობა, რომ ოპოზიციურ პარტიებს „დაეგეგმათ ცესკოს საბოტაჟი, ცესკოს თავმჯდომარის მოშორება და ოპოზიციის მიერ არჩეული თავმჯდომარის მოადგილის გამოყენება დაწესებულების „კონტროლისთვის““.

მან ასევე ისაუბრა რუსეთის ომზე უკრაინაში და განაცხადა: „ჩვენი ვალია, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით და ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს… ჩვენ ვუსურვებთ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინის სახელმწიფოს, უკრაინელ ხალხს“. კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ამჟამად ძალიან რთულ ვითარებაშია და დასძინა, რომ პროგნოზს ვერ გააკეთებს, როგორ დასრულდება ომი. მისივე თქმით, ბრიუსელში სამომავლო სცენარების განხილვის დროსაც კი ვერ მოისმინა რაიმე კონკრეტული პროგნოზი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ინსტიტუტების ლიდერებისგან.

პრემიერ-მინისტრს ჩინეთთან და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებაც ჰკითხეს და ნიშნავს თუ არა ბრიუსელიდან დაბრუნებისას მისი შეხვედრები ჯერ ჩინეთის ელჩთან საქართველოში, შემდეგ კი აშშ-ის ელჩთან იმას, რომ მთავრობამ  პრიორიტეტები შეიცვალა. მან აღნიშნა, რომ ორივე სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, თუმცა „პრიორიტეტები არის არა მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული, ურთიერთობა არის ორმხრივი საქმე, შესაბამისად, პრიორიტეტებიც განისაზღვრება ორმხრივად“.

რაც შეეხება ჩინეთის დამოკიდებულებას, „ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ამ ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, რაც კონკრეტულ ნაბიჯებშიც არის გამოხატული, მაგალითად, გვაქვს ძალიან გააქტიურებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკურ პროექტებში ძალიან აქტიურად არიან ჩართული ჩინური კომპანიები, რაც არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სათანადოდ განხორციელდეს შესაბამისი პროექტები“.

აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „აქ წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე… მაგალითისათვის რომ ავიღოთ, უმაღლესი დონის ვიზიტები არ შემდგარა ქვეყნებს შორის უკვე არაერთი წელია… სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხითაც არ გვაქვს მაინცდამაინც კარგი ვითარება, არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, არ გვაქვს უვიზო მიმოსვლა“.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერმა აღნიშნა, რომ „ორი წელი ჩვენ გვახსოვს, წარიმართებოდა სპეკულაციური კამპანია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე… საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ ეს ყველაფერი იყო სპეკულაციები, ცარიელი ტყუილი“ და რომ ის პოლიტიკურ პროცესებს უერთდება. კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილის შეწყალების საკითხი საერთაშორისო პარტნიორებთან არცერთ შეხვედრაზე არ დამდგარა.​

პრემიერ-მინისტრმა მოკლედ ისაუბრა იმ ექიმებთან შეხვედრის გეგმებზე, რომლებიც ბოლო ერთი თვეა ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევას აპროტესტებდნენ. მისი თქმით, შეეცდება, რომ საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროცესის გაგრძელებასთან ერთად მათი საჭიროებების მოგვარების გზები გამოძებნოს.

პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოთავაზებას, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეები „ვეთინგის“ პროცედურებით დანიშნონ და შეირჩნენ. „ვეთინგს რაც შეეხება, მიზანი არის ნათელი, რისთვისაც იქნა გამოყენებული მსგავსი პროცესები 2004 წლამდე, 2004 წლის შემდეგ, იგივე მიზნით სურთ ამ პროცესის დაწყება ჩვენს ქვეყანაში, ასეთი პროცესები ხშირად გამოიყენება იმისათვის, რომ განხორციელდეს პოლიტიკური კონტროლი სასამართლო სისტემაზე, მართლმსაჯულებაზე იმისათვის, რომ მოხდეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფა, რაც არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა კობახიძემ.

შემოთავაზებული „ვეთინგის“ პროცესი ითვალისწინებს მოსამართლეთა კორპუსის ხელახლა შეფასებას მათი კეთილსინდისიერების შესამოწმებლად. ევროკომისიის ცხრა პირობადან ერთ-ერთი ავალდებულებს მთავრობას დაასრულოს და განახორციელოს სასამართლო რეფორმა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, სრულად შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი უზრუნველყოს. „ვეთინგის“ პროცედურების შემოღება ამგვარი რეფორმების განხორციელების ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს, ისევე როგორც ეს უკრაინასა და მოლდოვაში მოხდა, რომლებმაც უკვე დანერგეს ეს პროცედურა თავიანთ კანონმდებლობაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button