ახალი ამბებიდაწვრილებით

მამუკა მერკვილაძე: რუსეთში საქართველოს ინტერესთა სექციის ახალი იდუმალი ხელმძღვანელი

11 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ცვლილებები განახორციელა. შედეგად, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესთა სექციის ყოფილი უფროსი გიორგი ქაჯაია დაინიშნა.

იმავე დღეს გამართულ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დაადასტურა, რომ ქაჯაიას რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესთა სექციის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მერკვილაძე შეცვლის.

ბრიფინგზე ჟურნალისტი რუსეთთან მერკვილაძის კავშირებით დაინტერესდა, ასევე იმით, თუ რას მოუტანს საქართველოს ის ფაქტი, რომ „პუტინის ახლო გარემოცვის წევრი“ საქართველოს ინტერესების წარმომადგენელი იქნება. საგარეო საქმეთა მინისტრმა დარჩიაშვილმა უპასუხა: „ბატონი მერკვილაძე ძალიან გამოცდილი ადამიანია და ჩვენ დარწმუებული ვართ, რომ მისი ძალისხმევით, ის, ასევ ვთქვათ, შეასრულებს იმ უფლება-მოვალეობებს, რომელიც მას აკისრია და დარწმუნებული ვარ, რომ მისი გამოცდილება ამაში მას დაეხმარება… არ ვიცი, რა ფაქტებზე საუბრობთ. ეს თქვენი შეფასებებია, თქვენი ინტერპრეტაციებია. რა ბიოგრაფიაზე საუბრობთ? არ ვიცი, ეს თქვენი შეფასებაა, მე არ შემოგყვებით ამ შეფასებაში“.

მერკვილაძე, ქართველი ბიზნესმენი, რომელსაც რუსეთთან კავშირები აქვს და რომელიც ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს, ამჟამად საქართველოში 30-მდე სხვადასხვა კომპანიის აქციონერია. მას ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და თავისი მეგობრების ოჯახებთან საზიარო ბიზნესები აქვს. 2022 წლის იანვრიდან იგი სროლის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტია.

რუსეთში მერკვილაძეს უფრო მისი მეუღლის თამრიკო დუდუნიას წყალობით იცნობენ. დუდუნია წარმოშობით ქართველი, რუსეთში მოღვაწე მომღერალია. მისმა ოჯახმა საქართველო მაშინ დატოვა, როდესაც ის სულ რაღაც ორი წლის იყო, და საცხოვრებლად რუსეთის ქალაქ სმოლენსკში გადავიდა. მას პედიატრის განათლება აქვს,თუმცა პროფესიონალურადაც მღერის.

2019 წელს თამრიკო დუდუნიამ რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მიერ დასპონსორებულ სიმღერის კონკურსში „ახალი ვარსკვლავი-2019“ გაიმარჯვა. კონკურსი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხზე „ზვეზდა“ გადის. დუდუნიას პრიზი თავად შოიგუმ გადასცა. სოციალურ მედიაში მისი აქტივობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სადაც ის საშუალო მასშტაბის ინფლუენსერია ინსტაგრამზე 30 000 გამომწერით, დუდუნია რუსეთში ცხოვრობს. ის რეზიდენტურას პუტინის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში არსებულ ცენტრალურ სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში გადის.

მამუკა მერკვილაძე: კაცი სასარგებლო კავშირებით

რუსეთში ქართული დიასპორის ვიცე-პრეზიდენტი

მამუკა მერკვილაძის შესახებ ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია არასრულია. ცნობილია, რომ 2021 წლიდან იგი არის მოსკოვში დაფუძნებული დიასპორული ორგანიზაციის „ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის“ ვიცე-პრეზიდენტი.

იგი ერთ-ერთი იყო, ვინც 2021 წლის ოქტომბერში, ამავე ორგანიზაციის პრეზიდენტის დავით ცეცხლაძის ინიციატივით გამართულ დიასპორული გაერთიანებების ლიდერთა  შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მიემართათ საქართველოსა და რუსეთის „შესაბამის სამთავრობო უწყებებისთვის“ პირდაპირი ფრენების აღდგენისა და რუსეთ-საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის შემოღების თხოვნით, რაც ნახევარი წლის შემდეგ მართლაც მოხდა.

ინფორმაცია რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესთა სექციის უფროსად მერკვილაძის დანიშვნის შესახებ თავდაპირველად რუსეთში ქართული სათვისტომოს ტელეგრამის არხზე გავრცელდა, რასაც ორგანიზაციის პრეზიდენტი მიესალმა.

„მერკვილაძემ პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ მოუსმინოს [რუსეთში] ქართული დიასპორის ხმას. იგი კარგად იცნობს რუსეთში ქართველების ცხოვრებას. რამდენიმე წელი იყო ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის ვიცე-პრეზიდენტი. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი ძალიან პოზიტიურია“, – დაწერა ცეცხლაძემ 12 მარტს.

გარდა იმისა, რომ მას კარგი კავშირები აქვს რუსეთში, მერკვილაძეს თბილისშიც არანაკლები კავშირები აქვს, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან ბიძინა ივანიშვილთან მისი უწინდელი კავშირების გამო.  ის ფორმალურად ასოცირდება მინიმუმ სამ ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ და ერთ ბუნებრივი რესურსების მართვის ინიციატივასთან – ყველა მათგანი სადავო პროექტია.

GR Logistics & Terminals-ის დირექტორი

2017-2018 წლებში მერკვილაძე საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანიის GR Logistics & Terminals-ის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი დირექტორად მუაობდა. იგი ამ თანამდებობაზე მისმა ახლო მეგობარმა და ბიზნესპარტნიორმა, დავით ფერაძემ დანიშნა. ეს უკანასკნელი საქართველოს რკინიგზის დირექტორია. კორუფციის თემებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები წლების განმავლობაში მოუწოდებდნენ ხელისუფლებას ამ ნეპოტიზმის საქმის შესწავლისკენ, თუმცა უშედეგოდ.

აღსანიშნავია, რომ ფერაძე მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან. 2007-2011 წლებში იგი ივანიშვილის „ქართუ ჯგუფში“ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო 2014-2017 წლებში ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფუძნებული ჰიდროენერგეტიკული პროექტის შპს „მტკვარი ჰესი“-ს დირექტორი იყო. ივანიშვილმა ფერაძე საქართველოს რკინიგზის დირექტორად 2017 წლის ბოლოს დანიშნა და მან ამ პოსტზე მამუკა ბახტაძე ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა და ამ პოსტს 2018 წლიდან 2019 წლამდე იკავებდა.  

GR Logistics-ში მერკვილაძის მუშაობის დროს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიამ 64 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 799 სარკინიგზო ვაგონი რუსეთს იჯარით გადასცა. როგორც GR Logistics & Terminals-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ნინო ლომიძემ 2019 წელს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, საქართველოს რკინიგზის სურვილი თავიდანვე იყო, რომ ვაგონები პირდაპირ რუსული ბიზნესის ხელში აღმოჩენილიყო, ამიტომ რკინიგზამ ჯერ ეს ქონება შვილობილი კომპანიის ბალანსზე გადაიტანა. ამით ღია აუქციონის ჩატარების ვალდებულება მოიხსნა და შემდეგ 799 სატვირთო ვაგონი კაბალური ხელშეკრულებით რუსულ ბიზნესს მისცა.

ლომიძის თქმით, GR Logistics & Terminals-მა ვაგონები „რუსეთის რკინიგზის ინვესტ ჯგუფს“ საბაზროზე მაღალ ფასად გადასცა, მაგრამ კომპანიის ანგარიშზე თანხის მხოლოდ 58% ჩაირიცხა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ აიღო პასუხისმგებლობა რუსეთსა და ყაზახეთში დაზიანებული ვაგონების შეკეთებაზე. საქართველოს რკინიგზამ ეს ბრალდებები უარყო.

მერკვილაძის მონაწილეობა ფოთში მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობაში

მერკვილაძე ჩართული იყო საქართველოში სტრატეგიულად მნიშვნელოვან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში. 2023 წელს ყაზახეთის PTC Holding LLP-მ გააფორმა კონტრაქტი ქართველ პარტნიორებთან, მერკვილაძის ჩათვლით, ფოთში მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობაზე, რომელიც წელიწადში 450 000 TEU (ოცი ფუტის ეკვივალენტური ერთეული) ტვირთის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა.

პროექტის განსახორციელებლად შეიქმნა ერთობლივი საწარმო „ფოთის ტრანსტერმინალი“, რომელშიც ქართულ მხარეს და PTC ჰოლდინგს თანაბარი წილი (50%) ჰქონდათ. ქართული მხარის ინვესტიცია 10 მილიონი აშშ დოლარი იყო. ტერმინალის მშენებლობა 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ტერმინალის მშენებლობას ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. მიმდინარე წლის 11 მარტს ფოთის მცხოვრებლებმა ტერმინალისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს და პროექტის დაუყონებლივ შეჩერება მოითხოვეს, რადგან თვლიდნენ, რომ ტერმინალი სახიფათო ნარჩენებს გადაამუშავებდა და საფრთხეს შეუქმნიდა მათ ჯანმრთელობას.

ბალდის კანიონის პროექტზე მომუშავე კომპანიის მფლობელი

2022 წლის ნოემბერში საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ მარტვილის მუნიციპალიტეტში (სამეგრელოს რეგიონი) ბალდის კანიონის მიმდებარე 24 130 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაზე აუქციონი გამოაცხადა. შპს „კანიონი 350“, რომელიც აუქციონის გამოცხადებამდე სამი დღით ადრე დარეგისტრირდა, ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სადავო აუქციონში და გაიმარჯვა ტენდერში, რომელიც 2,8 მლნ ლარის ღირებულების ტურისტული ინფრასტრუქტურის, მათ შორის ვიზიტორთა ცენტრის, მინიმუმ 350 მეტრი სიგრძის საფეხმავლო და კიდული ბილიკების, ხიდების, გადასახედებისა და 350 მეტრი სიგრძის როლერის ატრაქციის მშენებლობას ითვალისწინებდა.

მამუკა მერკვილაძე და მისი ძმა, გიორგი მერკვილაძე შპს „კანიონი 350“-ის აქციონერები არიან (გიორგი მერკვილაძე შპს-ს დირექტორიცაა). მარტვილის მოსახლეობამ, რომელსაც მთელი ცხოვრება დაუბრკოლებლად ჰქონდა წვდომა ბალდის კანიონზე, პროექტის შესახებ აუქციონიდან სამი თვის შემდეგ შეიტყო. ადგილობრივები პროექტის წინააღმდეგ 2023 წლის ოქტომბრიდან გამოდიოდნენ. რამდენიმე მათგანს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც დაეკისრა, თუმცა მოსახლეობის პროტესტს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მოყოლია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ხელისუფლებას ბალდის კანიონზე სამუშაოების შეჩერებისკენ მოუწოდა და ამის მიზეზად უკანონო აუქციონი და ის ფაქტი დაასახელა, რომ  „კომპანია სამუშაოებს დაუდევრად აწარმოებს, ჩეხავს ხე-მცენარეებს, აზიანებს ბუნებრივ გარემოს“.

„მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებებმა კიდევ უფრო დიდი ეკოლოგიური ზიანის თავიდან ასარიდებლად, გააძლიერონ ზედამხედველობა მიმდინარე სამუშაოებზე და შეაფასონ კანიონზე ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა. ამასთან, რამდენადაც კანიონის კერძო კომპანიისთვის იჯარით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება კანონდარღვევით იქნა მიღებული, აუცილებელია, გარემოს დაცვის სამინისტრომ ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშაოები შეაჩეროს – ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმების მიღწევამდე და საკითხის სამართლებრივ გადაწყვეტამდე“, – განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button