ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 18 დეკემბერს მთავრობის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. თავისი ორსაათიანი გამოსვლის დასაწყისში, იგი მიესალმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მან ხაზი გაუსვა მოქმედი ხელისუფლების ძალისხმევას ომის თავიდან აცილების თვალსაზრისით და განაცხადა, რომ საქართველოს არ დაურღვევია საერთაშორისო სანქციები. ანგარიშში ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვალი ის სხვაობაზე ეკონომიკურ და თავდაცვის მაჩვენებლებში, რაც 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე და დღეს არსებობს. ღარიბაშვილი არაერთხელ მიესალმა ხელისუფლებას და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს, ხოლო ყოფილი ხელისუფლება გააკრიტიკა.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ და ხალხმა ერთად დაიმსახურა ეს სტატუსი და ერთად მიაღწია დიდ გამარჯვება. მისივე თქმით, ეს იყო მრავალი თაობის ოცნება, რომელიც ახდა. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია, რომელიც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა.

ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ 2012 წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც „ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეები“ მან ბოლო წლებში საქართველოს რიგი მიღწევები ჩამოთვალა, მათ შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის დამყარება, საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, რომელიც ყველა სახელმწიფო საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოს საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში, ევროპული პერსპექტივის მინიჭება 2022 წელს და საბოლოოდ, 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება.

ომი უკრაინაში

მთავრობის მიღწევებზე საუბრის შემდეგ, ღარიბაშვილი რეგიონში არსებულ გამოწვევებსაც შეეხო, მათ შორის ომს უკრაინაში. „არავინ არ იცის, ზუსტად როგორ დასრულდება ეს ომი და რა შედეგები ექნება ამ ომის დასრულებას მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ჩვენს რეგიონზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „ჩვენ ეს გამოვიარეთ 2008 წლის აგვისტოში… სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ამ ომის თავიდან არიდება“. მან ასევე განაცხადა, რომ „2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა“.

ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშმა, რომ „ჩვენ ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ერს, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას დაატყდეს თავს – ომი – თავიდან ავარიდეთ და ავირიდეთ. ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად, გონივრულად და მტკიცედ გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე“. მან ასევე განაცხადა, რომ „ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ჯგუფები და მტრული ძალები პირდაპირ იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანა ჩაბმულიყო ამ საომარ ვითარებაში“.

პრემიერ-მინისტრი სანქციების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ „არც ერთი ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდის ავლის თუ თავიდან არიდების“. მისი თქმით, 1000-მდე შემთხვევა იქნა იდენტიფიცირებული სანქციების თავიდან არიდების, რომელიც შეეხებოდა იმ პროდუქციას, რომელიც იგზავნებოდა ევროპიდან რუსეთის მიმართულებით და „ჩვენ იმავე წამს, დაუყოვნებლივ შევატყობინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამ მცდელობების შესახებ“.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობის თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ეროვნულ ინტერესებს, ხალხის ინტერესებს, იმას, რომ „ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ დაზიანებულიყო და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით ვმოქმედებდით, რომ რაიმე კითხვა არ გასჩენოდა ჩვენს რომელიმე პარტნიორ ქვეყანას“.

ეკონომიკური მდგომარეობა

პრემიერ-მინისტრმა რიგი ეკონომიკური მაჩვენებლები ჩამოთვალა და 2012 წლის ეკონომიკური მდგომარეობა, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, დღევანდელს შეადარა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე არ არსებობდა პერსპექტივა მოქალაქეებისთვის, ბიზნესისა და ეკონომიკისთვის: „ქვეყანაში იყო დამყარებული ავტოკრატიული, უსამართლო რეჟიმი, რომელიც ჩაგრავდა ჩვენს მოქალაქეებს, ომგამოვლილ მოქალაქეებს“. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ ვერ აიცილა ომი თავიდან.

მთლიანი შიდა პროდუქტი: პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 2012 წელს საქართველოს მშპ იყო დაახლოებით 27 მილიარდი ლარი, წელს კი 80 მილიარდი ლარია. „ბოლო 11 წელიწადში, „ქართული ოცნების“ მართველობის დროს, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ბიუჯეტი: ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ბიუჯეტი იყო დაახლოებით 8.5 მილიარდამდე, 2024 წელს კი 28.7 მილიარდი იქნება და დასძინა, რომ „აქაც თითქმის გავასამმაგეთ ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში“.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, 2003-2012 წლებში წლიური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაახლოებით 950 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო 2013-2022 წლებში 1.5 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ექსპორტი: ღარიბაშვილის თქმით, 2022 წელს ექსპორტმა დაახლოებით 5.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2012 წელთან შედარებით 135%-იანი ზრდაა.

ღარიბაშვილი სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებსაც შეეხო, მათ შორის ინფლაციას, უმუშევრობის დონეს, სახელმწიფო ვალს, ბიუჯეტის დეფიციტსა და 2012 წლის მაჩვენებლები ბოლო წლების მაჩვენებლებს შეადარა. მისი თქმით,  „ქართული ოცნების“ მმართველობამ განაპირობა ეკონომიკის წარმატებული ზრდა ყველა სფეროში. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრებით საქართველოს წამყვანი პოზიცია უკავია ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის.

ღარიბაშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის, ღვინის ინდუსტრიის, სახელმწიფო სუბსიდიების, ბიზნესის, ტურიზმის, ავიაციის, ინფრასტრუქტურის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სტარტაპების, პორტების, ტრანსპორტის, სარკინიგზო სისტემის, გზების, ურბანული სივრცეების, ქალაქების ინფრასტრუქტურის, განათლების, საჯარო სექტორში ხელფასების, ჯანდაცვის სისტემისა და სხვა საკითხების შესახებ. ყველა ამ ასპექტში ღარიბაშვილმა საქართველოს დღევანდელი მაჩვენებლები 2012 წლისას შეადარა.

თავდაცვა და უსაფრთხოება

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და კვლავ შეადარა 2012 წელს არსებულ ვითარებას. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობამ წინა ხელისუფლების ცუდ მაჩვენებლებს აჯობა.

თავდაცვის ბიუჯეტი: ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 2012 წლისას შეადარა, რომელიც 645 მლნ ლარს შეადგენდა და აღნიშნა, რომ მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტი 1.38 მილიარდი ლარი იქნება.

თავის გამოსვლაში ღარიბაშვილმა ჯარის ახალგაზრდული ბანაკები ახსენა, რომლებიც, მისი თქმით, აძლიერებს პატრიოტიზმს და „არის რეალური ალტერნატივა იმ მომწამვლელი იდეოლოგიისა, რომელიც დღეს ქვეყანაში ასე აქტიურად მიმდინარეობს ფსევდოლიბერალური ძალებისგან… ეს არის ალტერნატივა ნარკოტიკების, ეს არის ალტერნატივა არაჯანსაღი, არასპორტული ცხოვრების“.

გამოსვლის დასასრულს ღარიბაშვილი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას მიუბრუნდა და განაცხადა, რომ ქვეყანამ მეტი უნდა იმუშაოს შემდგომი რეფორმების განსახორციელებლად: „საქართველოევროპული სახელმწიფო გახდა, ეს პროცესი არის შეუქცევადი, ახლა საჭიროა კიდევ უფრო მეტი მონდომებით, მეტი მოტივაციით საქმის კეთება, იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს რეალურად ევროპული სახელმწიფო და რაც მთავარია, ჩვენი მთავარი ოცნება ავიხდინოთ: ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და რეალურ წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება“, – დასძინა ღარიბაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button