skip to content
რესპუბლიკის ამბები

1918: მესხეთ-ჯავახეთი საქართველოს უბრუნდება

სალამი მესხეთს!..

სალამი მშვენიერო მესხეთო და ჯავახეთო! სალამი ტყვეობის გალიაში მომწყვდეულო და მონობის ბორკილებით შებოჭილო ტურფა მხარევ! თქვენ, უკანასკნელო ქართველო გლეხებო, გუშინ რომ ოსმალთა უღელი გედგათ და ცრემლებით ევედრებოდით შველას ქვეყანას, დღეს მოვდივართ თქვენთან, ალერსი მოგვაქვს თქვენთან, ალერსი მოგვაქვს იარების გასაკურნავათ და აოხრებული კუთხეების აღსადგენათ…

ნანგრევთა შორის დამარხულო მესხეთო, გუშინ მგლოვიარევ, რომელმაც დაკარგე იმედები და შენი შვილები მათხოვრებათ გაუშვი საქართველოს ტყე-ღრეებში, დღეს გაგიღიმა კვლავ მესხეთის მშვენიერმა მზემ და წყვდიადი, რომელიც გველისებურათ ეხვეოდა ყელზე შენს ლოყა-დაკაწრულ დედას, გაფანტა მის სხივებმა.

ჩვენი ერის კულტურის დიდებავ, პოეზიის მნათობის შოთას მშობელო მხარევ, ისე როგორც 90 წლის წინათ მოგხსნეს კისრიდან ოსმალთა უღელი, დღესაც, სამი თვის ცრემლების და მწუხარების შემდეგ, მიდიან ოსმალთა ურდოები და შენს მშობლიურ მხარეს უერთდები, მიგიკრავს გულზე შენით მგლოვიარე დედა.

ოჰ, რაოდენ სიხარულს იგრძობს დღეს ბაკურიანის ტყეებში დავრდომილი ჯავახელები, რომელთა ცრემლი მიწას ალღობა და შორს გადახვეწილი ლტოლვილები მიაშურებენ თავის ძვირფას კუთხეს, ცრემლებს დააფრქვევენ შინ დაღუპულებს და სამგლოვიარო ჩადრს მოხსნიან დღესაც ტყვეობაში მყოფ სოფლებს: შობარეთს, ძველს, მუსხს, ვალეს, უდეს, არალს და ახალციხეს, მათ სამლოცველო ახალციხეს!

წყევლა და კრულვა ოსმალთა ნაშთებს, რომელნიც დღეს გადააბიჯებენ ახალციხის კარებიდან და მოხსნიან მახვილს, რომელიც გულში ესო მშობლიურ დედას.

სალამი მესხეთო! სალამი ჩვენო მარგალიტო! მოვდივართ თქვენთან, მოვიჩქარით, როგორც ბავშვები და დაობლებულები, რომლებმაც დაჰკარგეს დედა და მის ძებნაში ცრემლებით დნებოდნენ. ეხლა კი მშვიდათ ჩაგიკრავთ გულში და ღიმილით მხურვალე სალამს გიძღვნით.

ლ. რუხაძე და შ. მაღლაკელიძე

მსგავსი/Related

Back to top button