მთავარი თემა

სამაგიერო თუ სასჯელი: რას გვასწავლის ჩარლზ პირველის ისტორია


საბა ბრაჭველი, იურისტი


დიდი ხნის წინ, სანამ სამართალთან ახლოს გავივლიდი, ძალიან მიყვარდა ერთი ნაკლებად ცნობილი წიგნი, „დეიდა სიდონის კლუბი“. მასში ოლივერ კრომველის თანამედროვე პერსონაჟები მსჯელობდნენ, შეიძლებოდა თუ არა ინგლისის დამხობილი მეფის, ჩარლზ პირველის სიკვდილით დასჯა. ან – საერთოდ დასჯა, მის მიერ ჩადენილი მრავალი დანაშაულის მიუხედავად. ჩემი აღშფოთება განუზომელი იყო – თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ნუთუ ის არ უნდა დაისაჯოს? ეს რანაირი სამართლიანობაა?

ამ სტატიაში იმაზე ვისაუბრებთ, თუ რა არის სასჯელი, რისთვის გვჭირდება ადამიანების დასჯა და რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ოლივერ კრომველმა, როცა მისი ამფსონების მართულ სასამართლოს ჩარლზ პირველისთვის თავის მოკვეთის განაჩენი შეუკვეთა.

სამაგიეროს კანონი

სამაგიეროს მიზღვა მთავარი მიზეზია, რის გამოც სასჯელი საერთოდ საჭირო გახდა. სამაგიეროს მიზღვის სამართლიანობაზე ფიქრი კი ადამიანს ალბათ ცივილიზაციის დაბადებასთან ერთად დაჰყვა. ყველა უძველესი პოლიტიკური, რელიგიური, თუ მხატვრული მითოსი და ტექსტი სასჯელის სამართლიანობისა და თანასწორობის თემის გარშემო ტრიალებს: ხამურაბის კანონებში, გილგამეშის ეპოსში, ატრევსის თუ ამირანის მითებში სამაგიეროს მიზღვის შესახებ მაშინ არსებული აზრებია შემონახული.

სასჯელის პირველი და მთავარი პრინციპი – Lex Talionis, ანუ სამაგიეროს კანონი აერთიანებს დროითა და მანძილით დაშორებულ ბაბილონელებსაც, შუმერებსაც, ებრაელებსაც, რომაელებსაც, ჩვენებურ მთიელებსაც და მალაიზიელებსაც. სამაგიეროს მიზღვა სასჯელის განსაზღვრის ყველაზე მარტივი წესია, რომელიც კაცობრიობის (და ცივილიზაციების) დაბადებასთან ერთად გაჩნდა და მას მერე თავს დაგვტრიალებს.

„თვალი თვალისა წილ“ სასჯელის განსაზღვრის არამხოლოდ ყველაზე მარტივი, არამედ ყველაზე დემოკრატიული პრინციპიცაა: ის ყველას ათანასწორებს. ხამურაბის კანონის მიხედვით, მკვლელი მეფეც და მკვლელი მათხოვარიც ერთნაირად ისჯებიან სიკვდილით. ის გულისხმობს მხოლოდ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას: მაგალითად, ბიბლიაში შემონახულია ცნობა, რომ სამაგიეროს კანონამდე შეიძლებოდა სხვისი შვილის მკვლელის შვილი დაესაჯათ სიკვდილით. ის აწესებს სასჯელის პროპორციულობის საზღვრებსაც: ბაბილონელებმა დაადგინეს, რომ სასჯელით გათვალისწინებული ზიანი დანაშაულით გამოწვეულ ზიანზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, ანუ ხელის მომკვეთისთის ასევე მხოლოდ ხელი უნდა მოეკვეთათ.

ჯარიმა ჯოჯოხეთსაც ანათებს

ქრონოლოგიურად პირველი მიზეზი, რის გამოც ტალიონის პრინციპის გადაკეთება გახდა საჭირო, ცივილიზაციის განვითარების კიდევ ერთი თანამდევი – ფულია. რაც აღებ-მიცემობამ საყოველთაო ხასიათი მიიღო, ადამიანებმა მალევე დაასკვნეს, რომ თუკი ფულით ყველანაირი ნივთისა და მომსახურების ყიდვა შეიძლებოდა, მაშინ შესაძლებელი უნდა ყოფილიყო დანაშაულის ფულით გამოსყიდვაც.

სწორედ ამიტომ, ძველმა Lex Talionis-მა ბუნება იცვალა – რომაულივე თორმეტი ტაბულა სასჯელის სახით გადასახდელი ფულის ოდენობას ადგენდა და არა მოსაკვეთი სხეულის ნაწილებს. რომაელებისგან ვერდაპყრობილი ანგლო-საქსები და ჩვენებური მთიულებიც ხან მონეტებს აწესებდნენ ზიანის საწყაულად და ხანაც – ძროხებს. ლევიტელთა წიგნით ბიბლიამაც დაადგინა ფულადი გადასახდელები (kofer), როგორც სიკვდილით დასჯის ალტერნატივა, თორამ კი მსხვერპლს გაბრაზებაც კი აუკრძალა, თუკი მას მიყენებულ ზიანს სათანადოდ აუნაზღაურებდნენ.

თორმეტი ტაბულა რომის ფორუმზე. გვიანდელი გრავიურა.

ახლაც იგივე ხდება, ან უნდა ხდებოდეს მაინც. არაძალადობრივი ან ეკონომიკური დამნაშავის ციხეში ჩასმას აზრი არ აქვს. დანაშაულის ეკონომიკური თეორიის მიხედვით, ადამიანი ეცდება მოპარვას, თუკი თვლის, რომ სარგებლის მიღების შანსი უფრო დიდია, ვიდრე გამოჭერის რისკი. ჰოდა, სიტყვაზე, თეთრსაყელოიანი თაღლითებისთვის სათანადო სასჯელი თითქმის ყოველთვის ჯარიმა უფროა, ვიდრე – ციხეში გამოკეტვით სამაგიეროს მიზღვა.

რამდენი თავი აქვს შენს შვილს?

ჯარიმას სისხლის სამართლის ყველა კოდექსი ითვალისწინებს, თუმცა, მან სასჯელის სხვა ფორმები, განსაკუთრებით – იზოლაცია ან სიკვდილით დასჯა – მან სრულად ვერ ჩაანაცვლა. სულ რაღაც 58 წელია გასული ბრიტანეთში ბოლო სიკვდილით დასჯისგან, ხოლო ამ სასჯელის სრული აკრძალვა სულ ერთი წლით – 1998-ში დაგვასწრეს ქართველებს უინძორების ქვეშევრდომებმა.

ერთი სიტყვით, მძიმე დანაშაულების შემთხვევაში, ფულის გადახდამ სამაგიეროს მიზღვის ჩამნაცვლებლად ბოლომდე ვერ ივარგა. სამაგიეროდ, ივარგა ჯერემი ბენტამმა და ყველაზე უკეთ დაასაბუთა, რატომ არ უნდა ყოფილიყო სამაგიეროს მიზღვა სასჯელის დანიშვნის მთავარი პრინციპი, როცა ეს განსაკუთრებით მგრძნობიარე (მათ შორის, მეფე ჩარლზისნაირ) საქმეებს ეხებოდა. ბენტამის ცნობით, მას შემდეგ, რაც ირლანდიელთა აჯანყება ჩაახშეს, ინგლისელებმა ერთ-ერთ ურჩ ქვეშევრდომს თავი გააგდებინეს და მისი სხეული მამას მიუტანეს, გამწარებულ მამას გაუტეხლად უპასუხია, არა უშავს, ჩემს შვილს – ანუ აჯანყებულ ირლანდიას – ერთზე მეტი თავი აქვსო.

დიდი უტილიტარიანისტი ამ მაგალითით გვეუბნება, რომ აღსრულებულ სასტიკ სასჯელს შეიძლება ბევრად მეტი ზიანი მოჰყვეს, ვიდრე მისი დაუნიშნავობა ან აღუსრულებლობა მოიტანდა. სამაგიეროს მიზღვით ნაკარნახები, ან კანონის ხისტი აღსრულებით დანიშნული და აღსრულებული სასჯელები ქმნის წამებულებს და გმირებს, ადამიანებში კი აჩენს მორალური უსამართლობის განცდას, მაშინაც კი, კანონის ტექსტი სამართლიანად და თანასწორობის უზრუნველმყოფად რომ ითვლებოდეს.

უტილიტარიანიზმის უპირატესობები

ამგვარმა ხედვამ ფეხი მოიკიდა. თანამედროვე კრიმინოლოგიური თეორიები ბეკარიას და ფოიერბახის მაქსიმებს ეყრდნობიან – დანაშაულის თავიდან ასარიდებლად მთავარი ის კი არ არის, რომ სასჯელი მკაცრი ან სასტიკი იყოს, არამედ ის, რომ სასჯელი იყოს გარდაუვალი.

სასჯელის დანიშვნა-აღსრულებისას სამაგიეროს მიზღვით ხელმძღვანელობა თეორიულად თითქოს სწორად ჟღერს, მაგრამ პრაქტიკულად უვარგისია. ტალიონის პრინციპი და კანტის რეტრიბუციის თეორია რეალობაში არ მუშაობს – სწორედ ქურდობისთვის საჯარო ჩამოხრჩობის მაყურებლებს უსუფთავებდნენ ხოლმე ქურდები ჯიბეებს ყველაზე გამალებით. ამიტომაც, თანამედროვე კანონები სასჯელის პარალელურ მიზნებად დანაშაულის პრევენციასა და დამნაშავის რესოციალიზაციასაც გვთავაზობენ.

ამას ეკონომიკურადაც უდიდესი სარგებელი მოაქვს. ციხეში მყოფი თითოეული პატიმარი სახელმწიფოს დიდი ფული უჯდება არამხოლოდ მისი შენახვის ხარჯების გამო, არამედ რეციდივის მაღალი ალბათობის შედეგად მოსალოდნელი ზიანითაც. ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც ტალიონის კანონი „do the crime – do the time“ ფორმულად გადაითარგმნა, კიდევ შეიძლება ჰქონდეს ამხელა ხარჯის ფუფუნება (თუმცა ესეც საკამათოა), მაგრამ საქართველოს უბრალოდ უფლება არ აქვს, ისეთი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა ჰქონდეს, რომლის წყალობითაც პატიმრების რიცხოვნობით ევროპაში მესამე ადგილს იკავებს.

ისევ ჩარლზ პირველის შესახებ…

სასჯელის გამოყენების პრაქტიკულ შედეგებზე ამდენი იმიტომ ვისაუბრეთ, რომ გამოკვეთილიყო: ერთია სამართლიანობის თეორიული ან მორალური აღქმა, რომლის დაკმაყოფილებასაც შეიძლება შურისძიების (ანდა სამაგიეროს) თანდაყოლილი გრძნობა გვკარნახობდეს, ხოლო მეორეა – სასჯელის გამოყენებისა და დასჯის პრაქტიკული მიზნები, რომელიც რაციონალიზმს ეფუძნება და სამართლიანობის სუბიექტური განცდის ნაცვლად, სარგებლიანობის ანალიზის გარშემო ტრიალებს.

ოლივერ კრომველი პარლამენტს აუქმებს და თავს ინგლისის მცველ ლორდად აცხადებს 1653. ჰალტონის არქივი.

სასჯელის გამოყენების ჩვენივე კოდექსით განსაზღვრული მიზნები რომ განვიხილოთ,  ჩარლზისნაირი მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის რეაბილიტაციური ან პრევენციული მიზნებით გამოყენებას არანაირი აზრი არ ექნებოდა. გვრჩება სასჯელის გამოყენების ერთადერთი მიზანი – სამაგიეროს მიზღვის უძველესი პრინციპი, რასაც ჩვენი კოდექსი უფრო კეთილხმოვანი „სამართლიანობის აღდგენის“ სახელით ფუთავს.

აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაც არ უნდა დემოკრატიული იყოს ტალიონის კანონი იმ თვალსაზრისით, რომ ის ერთნაირ სჯის ხელმწიფესაც და მათხოვარსაც, ადამიანები – ცხოვრებაშიც და სამართლისთვისაც – უფრო მაღალი ღირებულების მატარებლები არიან, ვიდრე მათ მიერ ჩადენილი ქმედება. ამიტომაც, სასჯელის გამოყენება მხოლოდ დანაშაულის და არა დამნაშავის გათვალისწინებით შეუძლებელია. რეალურ ცხოვრებაში ხელმწიფესა და მათხოვარს ერთნაირად სასჯელს ვერც დღეს დაუნიშნავ და ვერც ბაბილონელები უნიშნავდნენ.

ჰოდა, შეიძლება ეს გამაღიზიანებლად ჟღერდეს, მაგრამ როცა განსაკუთრებულ საქმეებსა და ადამიანებს (მათ შორის – სახელმწიფოს მეთაურებს) ეხება საქმე, თეორიული თანასწორობა და სამაგიეროს მიზღვის პრინციპი გზას უნდა უთმობდეს სარგებლიანობისა და პრაქტიკული გარემოებების ანალიზს. ასეთი იყო კიდეც „ზომიერთა“ ფრთის პოზიცია ჩარლზის სასამართლოს დროსაც  – მათი აზრით, მონარქის ციხეში ყოფნას უკვე მიეღწია იმ ფორმალური შედეგისათვის, რომლის მიღწევასაც მისი განმსჯელები ესწრაფვოდენენ, ხოლო სიკვდილით დასჯა კი გადამეტებულად ეჩვენებოდათ.

სწორედ ამიტომ, ნებისმიერმა ხელისუფალმა თუ სასამართლომ, მისი წინამორბედის საქმის განხილვისას, უნდა იფიქროს არა მხოლოდ ლეგალისტურ ტექსტებზე, თითქოს რიგით საქმეს განიხილავდეს, არამედ სასჯელის გამოყენების პრაქტიკულ სარგებლიანობაზე. თორემ მხოლოდ ხისტი ფორმულებით ხელმძღვანელობამ აკი ინგლისშიც კრომველის დიქტატურა და მეტი სიკვდილი მოიტანა, რაც საბოლოოდ ჩარლზის დამსჯელთა მიმართ ხალხის სიძულვილითა და მისი შვილის ტახტზე დაბრუნებით დასრულდა.

მსგავსი/Related

Back to top button