მოსაზრებაწერილები

პუტინის განცხადებაზე – ემოციების გარეშე

Tags

პირველი რესპუბლიკელი

ავტორმა არჩია ამ სტატიის ფსევდონიმით გამოქვეყნება

გასაკვირი არაა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ისტორიულმა წიაღსვლებმა საქართველოში ემოციები გამოიწვია. არაერთგან და არაერთ ენაზე დაიწერა სათანადო პასუხები, რომ ვლადიმირ პუტინი საქართველოს ისტორიის გამოცდაზე „ორიანს“ ვერ ასცდებოდა. თუმცა ცხადია, რომ პუტინის მიზანი საქართველოს ისტორიაში ცოდნის დემონსტრირება არ ყოფილა და ალბათ ისინიც ცდებიან, ვინც ფიქრობს, რომ მას რაღაც „შეეშალა“.

ჩვენ მას ისტორიული ფაქტების სწორად მიწოდებით ვერ გადავარწმუნებთ, მაგრამ უნდა ვიმსჯელოთ, თუ რა მიზანს ისახავდა პუტინი და ჩვენ რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ.

ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ: პოლიტიკიკური ერების იდენტობის ერთ-ერთი საკვანძო განმსაზღვრელი მათი ისტორიული თვითშეგნებაა: ანუ ის, თუ  მისი წარმომადგენელი – განათლებული თუ გაუნათლებელი მოქალაქე, ისტორიკოსი თუ მექანიკოსი, ზოგადად როგორ ხედავს და მოგვითხრობს საკუთარი ქვეყნის წარსულს.

ამ მხრივ კავკასიაში სრული ქაოსია: რამდენი ერიც არის, იმდენი ურთიერთგამომრიცხავი ისტორიოგრაფიული ნარატივია. რაც უფრო ნაკლებად არის ისტორიკოსი ან ისტორიოგრაფიული სკოლა დასავლურ აკადემიურ სივრცეში ჩართული, მით უფრო რადიკალური და ფოლკლორულია მისი ნარატივი. ჩვენ ვერასდროს გადავარწმუნებთ პუტინს, აფხაზებსა და ოსებს, რომ ისტორიის სწორედ ქართული ხედვაა ჭეშმარიტი და ის კი ცდება.

მნიშვნელოვანი ისაა, რომ ნარატივების ომს დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ასპარეზზე. რამდენიც არ უნდა ამტკიცონ საერთაშორისო ორგანიზაციების ბიუროკრატებმა და სხვადასხვა ექსპერტებმა, რომ კონფლიქტური რეგიონების ისტორიულ წარსულს მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიო, რეალურ პოლიტიკაზე ის მაინც ახდენს გავლენას, პირველ რიგში კი საერთაშორისო განწყობების ჩამოყალიბებაზე.

საქართველოს ამოცანაა არ წააგოს ნარატივების ომი და ხელი შეუშალოს რუსეთის მხრიდან იმ მოსაზრების დამკვიდრებას, რომ თითქოს ის ხელოვნურად შეკოწიწებული „კავკასიური იმპერიაა“, რომელიც ტრადიციულად ჩაგრავდა პატარა ერებს. საქართველოს ამოცანაა დასავლურ სამყაროში „ისტორიულ აგრესორად“ არ გამოჩნდეს და შეინარჩუნოს ეთნოწმენდებითა და ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეული მსხვერპლის პოზიცია.

რუსეთის სახელმწიფოს აქამდე დაფიქსირებული არ ჰქონდა მკაფიო და მწყობრი პოზიცია თუ როგორ უყურებს ოკუპირებული ტერიტორიების ისტორიას, თუმცა მინიშნებები იყო. როგორც ეს ავტორიტარულ სახელმწიფოებში ხდება ხოლმე, ლიდერის გამოსვლას ყურადღებით უსმენენ სხვადასხვა ექსპერტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და შემდეგ ცდილობენ მისი სიტყვები მაამებლურად გაშალონ, მიიტანონ ტელეეკრანებამდე დოკუმენტური ფილმების სახით, მოსწავლეებამდე სასკოლო სახელმძღვანელოების სახით და ა.შ.

პუტინმა გაიმეორა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიღებული ნარატივი, რითაც „ოფიციალური“ ვიზირება მისცა რუსეთის მხრიდან ისტორიის ასეთ თხრობას, ის აქცია სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად და ოკუპაციის გამყარებას ისტორიითაც შეეცადა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისი ორწუთიანი გამოსვლით პუტინმა არაერთი სამომავლო სახელმძღვანელოსა თუ მონოგრაფიის სტრუქტურა შექმნა.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების ისტორიოგრაფია მძიმე მდგომარეობაშია. ეს გასაგებიცაა, ისინი გარესამყაროსგან იზოლირებულ სეპარატისტულ ანკლავებში ცხოვრობენ. უფრო მეტიც, აფხაზთა ქომაგი ბრიტანელი პროფესორი – ჯორჯ ჰიუიტი – სოხუმის უნივერსიტეტში გამართულ ლექციაზე ჩიოდა, რომ 2013 წელს მის მიერ დაწერილ წიგნს „მოქიშპე მეზობლები“ (Discordant Neighbors) სერიოზული დასავლური გამოცემები არ ბეჭდავდნენ და მასში გაწონასწორებული ცვლილებების შეტანას სთხოვდნენ. აქედან კარგად ჩანს, თუ რასა აქვს გასავალი დასავლურ სამყაროში და რას – არა.

რუსეთი არ არის სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, მეცნიერების ნაწილი გარესამყაროსთან ურთიერთობს . სერიოზული მეცნიერები ვერ შეძლებენ, ოქსფორდში ჩავიდნენ და მოხსენება წაიკითხონ „1774 წლის სამხრეთ ოსეთზე“ ან საქართველოს მიერ აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიების „გაუქმებაზე“.  ამისდა მიუხედავად შიდა მოხმარებისთვის ჩაცემენტდება მოსაზრება, რომ ოკუპაციით რუსეთმა ისტორიული სამართალი აღადგინა. ამის დამწერიც არაერთი გამოჩნდება, რადგან რუსეთში, ისევე როგორც საქართველოში, მეცნიერების მეორე ნაწილი სრულიად გაუცხოვებულია დასავლური აკადემიური სივრცისგან.

ოკუპირებულ რეგიონებში ამ ნარატივის სასკოლო სახელმძღვანელოებში ტირაჟირება რუსეთს ათავისუფლებს ისტორიული პასუხისმგებლობებისგან – საქართველოს ხარჯზე. „ქართველთა მიერ ოსთა გენოციდისა“ და ბერიას მიერ აფხაზეთში ჩატარებული რეპრესიების შესახებ საუბრის ფონზე, პუტინის ისტორიული თხრობიდან სადღაც დაიკარგა 1876-1878 წლებში რუსეთის იმპერიის მიერ აფხაზების ეთნოწმენდა, უბიხი ეთნოსის სრული გენოციდი, სტალინის მიერ ჩრდილო კავკასიელთა გადასახლება და სხვ. მორჩა, კავკასიაში აგრესორი საქართველოა! ასეთია მთავარი პუტინის მთავარი გზავნილი.

პროფესორი მარიკა ლორთქიფანიძე 1970-იან წლებს იხსენებდა: „მხოლოდ მე ვიცი რამხელა ბრძოლა დამჭირდა საქართველოს ისტორიის ნარკვევებში იმის ჩასაწერად, რომ ლეონ აფხაზთა მეფე იყო ქართველი!“ როგორც ვხედავთ, ნარატივების ომი გუშინდელი მოვლენა არ არის, მაგრამ წლების წინ ქართველებს შეეძლოთ გათვლა ჰქონოდათ, რომ რუსეთი ამ მიმართულებით მათ წინააღმდეგ არ წავიდოდა. კავკასიური ეთნოკონფლიქტების მკაფიო „პოლიტიკური“ რუსული ნარატივი უკანასკნელ ხანებში არც არსებობდა, პუტინის გამოსვლამ ეს შეცვალა.

ამ ბრძოლას ისტორიულ მეცნიერებასთან საერთო ცოტა აქვს. ის პოლიტიკურია. საბჭოთა დროს ისტორიკოსები საკუთარი ერის გუშაგები და ჯარისკაცები იყვნენ. თანამედროვე ეთნიკური კატეგორიებით მერვე საუკუნის ლეონ აფხაზთა მეფის იდენტობის გამორკვევა მეცნიერულად უსაფუძვლოა, რადგან ამ დროს კაცობრიობას მთელი ათასწლეული აშორებს თანამედროვე ერების შექმნამდე.

მონარქის ეთნიკურ წარმომავლობას შუა საუკუნეებში მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს, რადგან მონარქები არიან ფეოდალები, ისინი განაგებენ საკუთარ დომენს და არა „ერს“. ამიტომ, შუა საუკუნეებში უცხოური დინასტიების ქვეყნის სათავეში მოწვევა არ იყო უცხო და მათ ეთნიკურ კუთვნილებას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მაგალითად, საქართველოს ისტორიის მთავარ ძეგლს – „ქართლის ცხოვრებას“ პრობლემად არ მიაჩნია გვითხრას, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამომცხადებელი მეფე მირიანი სპარსელი იყოო; არც რიურიკების რუსეთის სათავეში ყოფნა აქცევს რუსეთს სკანდინავიურ სახელმწიფოდ.

უნდა შევთანხმდეთ, რომ აფხაზეთის სამეფოს ყველაზე დიდი მეფის – ლეონ მეორის ეთნიკურ კუთვნილებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ამ დავებში ჩვენ მარტოები არ ვართ, ისტორიის კონტემპრორარიზაცია („გათანამედვეობა“, ანუ ისტორიის შესახებ მოდერნული კატეგორიებით მსჯელობა), ისტორიული პერსონაჟებისა თუ მოვლენების გაყოფაზე დავა მულტიკულტურული ქვეყნებიდან ერ-სახელმწიფოებად დაშლილი თანამედროვე ერების ჩვეულებრივი სენია.

მაგალითად, პოლონელები და ლიეტუველები ვერ იყოფენ ადამ მიცკევიჩს, ვინც რეჩპოსპოლიტის – დღევანდელი პოლონეთის, ლიეტუვასა და ბელარუსის ტერიტორიაზე არსებულ ერთიან სახელმწიფოში – დღევანდელი ლიეტუვის ტერიტორიაზე დაიბადა და პოლონურ ენაზე შესრულებულ ეპიკურ პოემაში „პან ტადეუშ“-ში დაწერა: „ოჰ, ლიეტუვა, ჩემო სამშობლოვ…“

პრემოდერნულ ხანაში შესრულებული ტექსტის ავტორი საერთოდ ვერ გაიგებდა თანამედროვე ლიეტუვასა და პოლონეთში მის შესახებ არსებული კამათის შინაარსს. ის რეჩპოსპოლიტას შვილი იყო და დაიბადა ლიეტუვაში, საუბრობდა პოლონურად. ეს იყო მისი იდენტობა.

ნარატივების ომში ქართველებს საკუთარი პოზიცია ჰქონდათ, რომელსაც საფუძველი პავლე ინგოროყვამ დაუდო, შემდეგ კი ეროვნული მოძრაობისას გაძლიერდა და პოლიტიკურ ნარატივად იქცა. ამ ხედვის მიხედვით ამტკიცებდნენ – და ამტკიცებენ – რომ აფხაზები გვიან შუა საუკუნეებში ჩამოსული ადიღეური ტომის ხალხი, ხოლო „ნამდვილი აფხაზები“ ეთნიკური ქართველები იყვნენ.

მოდერნულ ეპოქაში ერთა ქმნის პროცესს ნაციონალიზმი და გაერთფეროვნებისკენ (ჰომოგენიზაციისკენ) სწრაფვა ახასიათებთ. შესაბამისად, აფხაზურმა ისტორიოგრაფიამ დადო საპირისპირო დასკვნა, რომ ქართველები მოსულები, დამპყრობლები არიან, ხოლო ქართველები აფხაზებსა და ოსებს უყურებდნენ, როგორც სტუმრებს მათ სამშობლოში, რომლებიც ისე უნდა მოქცეულიყვნენ, როგორც სტუმარს შეეფერებოდა. თბილისელების, ქუთაისელების თუ სოხუმელების საკმაო ნაწილი ამ ქალაქებში დაბადებული პირველი ან მეორე თაობაა, მაგრამ ისინი თავს სტუმრებად არ თვლიან და არც უნდა თვლიდნენ. როგორ შეიძლება სტუმრად თუ არაადგილობრივად ჩაითვალოს ადამიანი, ვინც იქ დაიბადა, გაიზარდა და სახლი თუ მშობლიური გარემო კონკრეტულ ადგილას გააჩნია?

უდავო ფაქტია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზურენოვანი ტოპონიმები საკმარისადაა დასტურად იმისა, რომ ეს ხალხი ამ ტერიტორიაზე უცხო არ ყოფილა. ისევე, როგორც ისტორიული სამეგრელოს ტერიტორიაზე მეგრულენოვანი ტოპონიმები ჭარბობს. თუმცა, ქართული, ბიზანტიური, ევროპული წყაროები და ისტორიული ძეგლები ეჭვს არ ბადებენ, რომ შუა საუკუნეებში აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ფეოდალური ერთეულები და ქართული კულტურული იდენტობა დომინირებდა.

აფხაზეთის სამთავროს სათავეში ედგნენ შარვაშიძეები, რომელთა ნაწილი მოდერნული ერების ფორმირების პროცესში ქართველ შარვაშიძეებად, ხოლო მეორე ნაწილი აფხაზ ჩაჩბებად იქცნენ. პირველი საყოველთაო აღწერა ამ ტერიტორიებზე, ისევე როგორც რუსეთის მთელ იმპერიაში, 1897 წელს ჩატარდა.

აქედან კარგად ჩანს, რომ მოსახლეობა შერეული იყო. თუ ვინმე მაინდამაინც „ისტორიულ სამართალს“ ეძებს და ობიექტურად შეხედავს ისტორიას, ვერ იტყვის რომ ეს ტერიტორიები ისტორიულად მხოლოდ ეთნიკურ ქართველებს ან ეთნიკურ აფხაზებს ეკუთვნით. ისტორიული სამართალი თანაცხოვრებასა და მულტიკულტურალიზმშია. ამის ალტერნატივა მხოლოდ ეთნოწმენდაა, რაც რუსეთის ხელით ორივე რეგიონში განხორციელდა კიდეც.

სრულ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია ალბათ ვერავის ექნება, მაგრამ ეს არის ისტორიული საღი აზრიცა და საქართველოსთვის ოპტიმალური ეროვნული ნარატივიც, პასუხად იმისა თუ ვის ეკუთვნის ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი.


Show More

Related Articles

Back to top button