skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა ხორავას ქუჩის საქმეზე მმართველი გუნდის დადგენილება დაამტკიცა

ორდღიანი ხმაურიანი განხილვების შემდეგ, პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, ქართული ოცნების მიერ მომზადებულ დადგენილებას 73 ხმით ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ევროპული საქართველოს მიერ მომზადებული დასკვნა და რეკომენდაციები კი ცნობად მიიღო.

საპარლამენტო განხილვები

პარლამენტში კომისიის მიერ მომზადებული ორი განსხვავებული დოკუმენტის განხილვა 20 სექტემბერს დაიწყო. კანონმდებლებმა, პირველად ევროპული საქართველოს წევრების მიერ მომზადებული დასკვნა და რეკომენდაციები მოისმინეს, რომელიც დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ გააცნო. 21 სექტემბერს კი, ქართული ოცნების მიერ მომზადებული დადგენილება განიხილეს.

ორივე დოკუმენტის განხილვას, პარლამენტში უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მწვავე კამათი და ურთიერთბრალდებები მოჰყვა. ქართული ოცნების დეპუტატებმა ევროპული საქართველოს დასკვნას „პოლიტიკური“ უწოდეს და განაცხადეს, რომ დოკუმენტს მხარი სწორედ ამ მოტივით არ დაუჭირეს. „მათ ვერ გაუძლეს პოლიტიკურ ცდუნებას“, – განაცხადა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

უმცირესობის წარმომადგენლების განცხადებით კი, „დღეს პოლიტიკური მძევალი“ სწორედ მმართველი გუნდია, რომელიც ვერ ბედავს, რომ ყველა იმ პირის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს, ვისი დანაშაულიც აღნიშნულ საქმეში იკვეთება.

20 სექტემბერს გამართულ სხდომაზე, ევროპული საქართველოს დასკვნის წარდგენის დროს, კომისიის თავმჯდომარის მისამართით უმრავლესობის მხრიდან რამდენჯერმე დაისვა კითხვა – „დაადგინა თუ არა კომისიამ, ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები გარდაცვლილ დავით სარალიძეს“, რაზეც სერგი კაპანაძემ უპასუხა, რომ „არის კონკრეტული ფიგურანტი [მ.კ.] “, რომლის „როლი იკვეთება ამ კონკრეტულ საქმეში და ეს მისი როლი არის დათო სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდება“. თუმცა, კაპანაძის თქმით, საგამოძიებო მოქმედებების არასრულფასოვნად ჩატარების გამო, არ იყო ამოღებული ის ნივთი, რომელიც არასრულწლოვანს ჩხუბის დროს თან ჰქონდა.

სხდომაზე უმრავლესობის მხრიდან მკვლელის გამოვლენაზე დასმულ კითხვა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განმარტა და განაცხადა, რომ „ეს აინტერესებთ ამ ადამიანებს, ამ კითხვაზე კომისიამ გასცა თუ ვერ გასცა პასუხი“.

„ისევე დაასრულეთ თქვენ სამთვიანი მოღვაწეობა კომისიაში, როგორც დაასრულა ეს გამოძიებამ“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.

ანალოგიური კითხვით 21 სექტემბერს, დადგენილების პროექტის წარდგენის დროს, უმცირესობის წარმომადგენლებმა მმართველ გუნდს მიმართეს, რაზეც დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ „ის მოლოდინი არ შეგვიქმნია, რომ [კომისია]დაადგენდა მკვლელს“, არამედ „დავადგინეთ ის, რომ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას“ ხელისუფლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

მმართველი გუნდის დადგენილების პროექტის განხილვამდე, ევროპულმა საქართველომ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

ევროპული საქართველოს დასკვნა

ევროპული საქართველოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ..-ისა და ჩხუბში მონაწილე ერთერთი მოზარდის მამის, მირზა სუბელიანის მიმართაც, რომელიც იმ დროისთვის, პროკურატურის მაღალჩინოსანი იყო და კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის განცხადებით, მისიჩართულობის შედეგად, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდა“.

საპარლამენტო უმცირეობის დასკვნის მიხედვით, გამოლინდა ათი პიროვნება, რომელთაპასუხისმგებლობაც იკვეთებააღნიშნულ საქმეში. ამასთან, ოპოზიცია შს და იუსტიციის მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს.

ქართული ოცნების დასკვნა

ვინმეს მიმართ კონკრეტულ ბრალეულობაზე საუბარი არ არის ქართული ოცნების მიერ მომზადებულ დასკვნაში, თუმცა რეკომენდაციების ნაწილში აღნიშნულია, რომ პროკურატურამ და შს სამინისტრომ „სამსახურეობრივი შემოწმება“ უნდა ჩაატარონ, რათა დადგინდეს, გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა კანონდარღვევას და ასეთის არსებობის შემთხვევაში, სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ.

ასევე, პროკურატურამ და შს სამინისტრომ კანონმდებლობის მიხედვით „სათანადო სამართლებრივი შეფასება“ უნდა მისცეს, როგორც არასრულწლოვან მ.კ-ის, ისე მირზა სუბელიანის ქმედებებს.

ხორავას ქუჩის საქმის მოკლე მიმოხილვა

მოზარდებს შორის სისხლიანი დაპირისპირება ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მოხდა. არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს, მას შემდეგ შეიქმნა, რაც საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა ვერ დაადგინა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მოკლულის მამისა და საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა.

კომისიის სამთვიანი მუშაობის ფარგლებში, სულ 79 პირი გამოიკითხა, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირები, შს მინისტრი გიორგი გახარია და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. გამოკითხულთა შორის იყო 31 არასრულწლოვანი, 2 მსჯავრდებული და 5 ბრალდებული.

საბოლოოდ, საგამოძიებო კომისიამ მუშაობა ისე დაასრულა, რომ კომისიის წევრებმა ერთიან დოკუმენტზე შეთანხმება ვერ მოახერხეს. შედეგად, ქართულმა ოცნებამ და ევროპულმა საქართველომ ორი განსხვავებული დასკვნა მოამზადეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button