ახალი ამბები

ხორავას ქუჩის საქმეზე საპარლამენტო კომისიამ ორი განსხვავებული დასკვნა შეიმუშავა

Tags

საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი არასრულწლოვნის დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის გამოძიების შესწავლის მიზნით სამი თვის წინ შეიქმნა, მუშაობა დაასრულა.

კომისიის უმრავლესობამ, რომელსაც საპარლამენტო ოპოზიცია ევროპული საქართველო წარმოადგენდა, საქმის მოკვლევის შედეგად 70 გვერდზე გაწერილი დასკვნა და რეკომენდაციები მოამზადა.

კომისიაში შემავალი ქართული ოცნების დეპუტატებმა, რომლებიც კომისიაში უმცირესობაში იყვნენ, ჩატარებული სამუშაოს შედეგად ცალკე დოკუმენტი მოამზადეს.

ორივე დოკუმენტი 5 სექტემბერს კომისიის ბოლო სხდომაზე განიხილეს და მათ კენჭი უყარეს. ევროპული საქართველოს მომზადებულ დოკუმენტს კომისიის 9 წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 4-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. „ქართული ოცნების“ დასკვნის პროექტს კი, მხარი კომისიის 4-მა წევრმა დაუჭირა, 9 კი წინააღმდეგი იყო.

ოპოზიციის ხელმძღვანელობით დროებითი კომისიის შექმნის თაობაზე გადაწყვეტილება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 1 ივნისს დილით მას შემდეგ გაახმოვანა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში ორი ეჭვმიტანილი გაამართლა. ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაამყარა სარალიძის ოჯახის ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურამ დანაშაულის რიგი დეტალები დამალა, რასაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ევროპული საქართველოს დასკვნასა და რეკომენდაციებში შს სამინისტროდან, პროკურატურიდან და სასამართლოდან მიწოდებული მასალების მიხედვით, დეტალურად არის ასახული გასული წლის 1 დეკემბერს, თბილისის 51-ე საშუალო სკოლაში მოსწავლეებს შორის დაწყებული კონფლიქტი და შემდგომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირება, რასაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა მოჰყვა.

„საქმის მასალების შესწავლის, ასევე, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისიამ მრავალი მნიშვნელოვანი დარღვევა დაადგინა, რაც ცხადყოფს გამოძიების ტენდენციურად წარმართვის განზრახვას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან“, – ნათქვამია ევროპული საქართველოს მიერ მომზადებულ დასკვნაში.

დასკვნა ასევე შეიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს მთავარი პროკურატურის მიმართ, საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, ერთ-ერთი მთავარი მოწმის, არასრულწლოვანი მ.კ.-ს მიმართ გარდაცვლილი დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მ.კ. უშუალო შემხებლობაში იყო დავით სარალიძესთან დაწყებული ჩხუბის დროს.

„მტკიცებულებათა ერთობლიობით – ექვსი მოწმის პირდაპირი ჩვენებით, აშკარად იკვეთება მ.კ.-ს ქმედებებში დანაშაულის ნიშნები“, – ნათქვმია დასკვნაში. კომისია ასევე რეკომენდაციით მიმართავს, დაიწყოს საქმის ძიება მ.კ.-ს მიმართ გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის ჩვენებების არაერთგზის შეცვლის გამო.

დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში საუბარია საქმის გამოძიების პროცესში აღმოჩენილ „გადაცდომებზე“, რომელიც საქმეში იმ დროს მთავარი პროკურატურის თანამშრომლის მირზა სუბელიანის „გამოჩენის შემდეგ გამოიკვეთა“. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 51-ე სკოლის საპირფარეშოში მოზარდების დაპირსპირების დროს მირზა სუბელიანის შვილი ა.ს-ც იმყოფებოდა, რომელმაც მოგვიანებით დახმარება საკუთარ დეიდაშვილს მ.კ.-ს სთხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ მირზა სუბელიანმა, რომელსაც პროკურატურაში მაღალი პოსტი ეკავა, 4 დეკემბერს თანამდებობა დატოვა, კომისიამ, არსებული მტკიცებულებით, მიიჩნია, რომ საქმეში მისი ჩართვის შემდეგ, „გამოძიება წარიმართა ტენდენციურად“. ასევე, მირზა სუბელიანმა კომისიას გამოკითხვის დროს მთელი რიგი ფაქტები არ გაუმხილა. ყოველივედან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ უნდა ჩატარდეს გამოძიება მირზა სუბელიანის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების (332-ე მუხლი), გამოსაკითხ პირზე და მოწმეზე ზემოქმედების (372-ე მუხლი) ან გამოძიებისთვის ხელის შეშლის (364-ე მუხლი) შესაძლო ფაქტების დასადგენად.

ამ დროისთვის, მიზრა სუბელიანი მოწმეზე ზემოქმედების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ევროპული საქართველო თავის რეკომენდაციაში საქმესთან დაკავშირებით მათ მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვს.

კომისიას ასევე პასუხისმგებლობას აკისრებს საქმეში ჩართულ გამომძიებლებს, პროკურორებს, ხოლო სამსახურეობრივ გულგრილობის ნიშნების გამო გამოძიების დაწყებას ითხოვს ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის მიმართ, რომელმაც თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა, რომლითაც ერთ-ერთი მოზარდის დავით სარალიძის მკვლელი არ გამოიკვეთა, რასაც მისი მამის ზაზა სარალიძისა და შემდგომში საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

პარტია ევროპულ საქართველოს 17-წევრიან კომისიაში 9 დეპუტატი ჰყავს, ხოლო ქართულ ოცნებას – 6. კომისიის ორი დანარჩენი წევრია ადა მარშანია პატრიოტთა ალიანსიდან და დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი. მეოთხე საპარლამენტო პარტიამ – ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

განსხვავებულია დროებით საგამოძიებო კომისიაში შემავალი ქართული ოცნების წევრების მიერ 5 სექტემბერს მომზადებული დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქმის გამოძიების პროცესში დაგვიანებით ან საერთოდ არ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, ამას „საქმის გამოძიების საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია“.

„კომისიამ დაადგინა, რომ მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლას რომელიმე უწყების მხრიდან ან პოლიტიკური მოტივებით ადგილი არ ჰქონია“, – ნათქვამია ქართული ოცნების მიერ მომზადებულ დოკუმენტში და იქვე აღნიშნულია, რომ გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, საგამოძიებო და საგანმანათლებლო სფეროში საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები.

კომისიაში შემავალი მმართველი გუნდის წევრები ასევე მიიჩნევენ, რომ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა ან დაგვიანებით ჩატარება რომელიმე თანამდებობის პირის მხრიდან სამოხელეო დანაშაულის ჩადენად „არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად შეფასდეს“.

„დასკვნის გაკეთება, რომ გამოძიებაზე ვინმემ გავლენა მოახდინა, სამომავლოდ საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ საგამოძიებო კომისიის რეპუტაციას, არამედ საგამოძიებო სისტემას და ქვეყანაში ობიექტური და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელებას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

გარკვეულ თანხვედრაშია კომისიის ოპოზიციური და მმართველი გუნდის წევრების რეკომენდაციები საქმეში მთავარი მოწმის მ.კ-სთან მიმართებით. კომისიაში შემავალი ქართული ოცნების წევრები დოკუმენტში აღნიშნავენ, რომ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, კომისიას დავით სარალიძის მკვლელობაში მ.კ.-ს როლი „გარკვეულ კითხვებს უჩენს“, თუმცა დასკვნაში ნათქვამია, რომ კონკრეტული პირის მკვლელობაში მონაწილეობის ფაქტის დადგენა ან სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება „სცდება საგამოძიებო კომისიის მანდატს“.

მმართველი გუნდის დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით კომისიისთვის „შესაძლო ცრუ ახსნა-განმარტებების მიცემის ნაწილში“ დამატებითი კითხვები გაჩნდა, რის გამოც შს სამინისტროს და პროკურატურას მიმართავენ რეკომენდაციით „სამართლებრივი შეაფსება მისცენ“ აღნიშნულ ფაქტს.

კომისიის ბოლო სხდომაზე ევროპული საქართველოს მიერ მომზადებულ დოკუმენტში გარკვეული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ რეკომენდაციების ჩაწერამ მმართველი გუნდის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია.

კომისიის წევრის, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ევროპული საქართველოს დასკვნა „ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“ და „მართლმსაჯულების სფეროში იჭრება“. „ეს არის პირდაპირი ზეწოლა, პირდაპირი ჩარევა სასამართლოზე და ეს არის, რაც არასოდეს არ უნდა დაწეროს საკანონმდებლო ორგანომ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ევროპულმა საქართველომ შს სამინისტროს და მთავარ პროკურატურას რეკომენდაციების შესასრულებლად და პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად, დასკვნის მიღებიდან ერთი თვის ვადა დაუწესა.

კომისიის დასკვნები საქმის მასალებს, ასევე 79 მოწმის ჩვენებებს ეფუძნება. მათ შორის არიან ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქართული ოცნების დასკვნას „სამარცხვინო“ უწოდა და განაცხადა, რომ ქართული ოცნების „მაღალჩინოსნები პირდაპირ ხელს უშლიან ჩემი შვილის მკვლელის გამოაშკარავებას“. მისი თქმით, იგი 10 სექტემბერს საპროტესტო აქციებს განაახლებს.

დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტის დადგენილებით 6 ივნისს შეიქმნა, სადაც უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიცია ევროპულმა საქართველომ მოიპოვა. კომისიის მუშაობის ფარგლებში, სულ 79 პირი გამოიკითხა, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირები, შს მინისტრი გიორგი გახარია და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. გამოკითხულთა შორის იყო 31 არასრულწლოვანი, 2 მსჯავრდებული და 5 ბრალდებული.

მოზარდებს შორის სისხლიანი დაპირისპირება ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მოხდა. არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button