ახალი ამბები

მთავრობის ინიციატივით, მაღალი თანამდებობის პირები სახელმწიფო დაცვით ვეღარ ისარგებლებენ

საქართველოს მთავრობა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოდის, რაც მაღალი თანამდებობის პირებისთვის სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცვის უზრუნველყოფის გაუქმებას ითვალისწინებს.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ მომზადებული კანონპროექტით, უქმდება სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცვის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ყოფილი მეთაურებისთვის და მათ სახელმწიფო დაცვა უფლებამოსილების გასვლიდან მხოლოდ ერთი წლის ვადით შეუნარჩუნდებათ. იგივე წესი ვრცელდება პრემიერ-მინისტრებზე და პარლამენტის თავმჯდომარეებზე.

ამავე დროს, ინიცირებულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ მთავრობამ, შესაძლოა, გადაწყვიტოს სახელმწიფო დაცვის გახანგრძლივება, „თუ უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება“.

კანონმდებლობის მოქმედი რედაქციით, „საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილას, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში“.

28 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცვლილებების ინიცირებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა 7 სექტემბერს განაცხადა, რომ ინიცირებული ცვლილება პრეზიდენტის უფლებამოსილებისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის როლის „შემცირებას და მნიშვნელოვანწილად დაკნინებას“ ისახავს მიზნად.

მას მიაჩნია, რომ კანონპროექტის საარჩევნო კამპანიის დროს ინიცირება არის „სიგნალი“ მოქმედი და მომავალი პრეზიდენტისადმი, რომ „მისი უსაფრთხოება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციების განხორციელების პროცესში, იქნება მომავალში დამოკიდებული მთავრობის გადაწყვეტილებაზე და კეთილ ნებაზე“.

ინიციატივა ასევე გააკრიტიკა ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა ხათუნა გოგორიშვილმაც და განაცხადა, რომ ქართული ოცნება ოფიციალურ პირებს გზავნილს უგზავნის, რომ მათი კეთილდღეობა დამოკიდებულია მათ პირად ურთიერთობებზე ქართულ ოცნებასთან.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ინიციატივა თანაბრად ეხება პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button