ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი მედიას ხვდება და ამბობს, რომ პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ „აგენტების“ კანონპროექტში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 10 მაისს როგორც სახელისუფლებო, ისე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან „უცხოელი აგენტების“ შესახებ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტი და საქართველოში არსებული ვითარება განიხილა. მწვავე შეხვედრის დროს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დასავლეთის ხმამაღალი კრიტიკისა და კანონპროექტის წინააღმდეგ უწყვეტი აქციების მიუხედავად, კანონპროექტი მესამე მოსმენით იქნება მიღებილი, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მზადაა ცვლილებები შეიტანოს კანონპროექტში, თუ პარტნიორები კონკრეტულ შენიშვნებს წარმოადგენენ პრეზიდენტის ვეტოს პროცედურის ფარგლებში.

ხანგრძლივი შეხვედრის განმავლობაში, რომელიც პრემიერ-მინისტრის 20-წუთიანი მონოლოგით დაიწყო, ირაკლი კობახიძე კრიტიკულად განწყობილი მედიის ჟურნალისტებს ადანაშაულებდა „დეზინფორმაციის გავრცელებასა“ და „სპეკულაციაში“, რომ ხელისუფლებამ საქართველოს. ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი შეცვალა და რუსეთისკენ გადაიხარა. მან უარყო ეს ბრალდებები და განაცხადა, რომ ხელისუფლებას სურს დასავლეთთან დაახლოება; იმავდროულად, მან მოუწოდა აშშ-ს უვიზო მიმოსვლის გახსნისკენ, პირდაპირი ფრენების დაწყებისა და თავისუფალი ვაჭრობის დამყარებისკენ, ხოლო ევროკავშირს –  საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისკენ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი ძალადობის კომენტირებისას პრემიერ-მინისტრმა ოპოზიცია დაადანაშაულა და ამის მაგალითად პარლამენტში კანონპროექტის განხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის მიერ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძისთვის მუშტის ჩარტყმა მოიყვანა. მან ასევე დაადანაშაულა ოპოზიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების, ქართველი ფეხბურთელებისა და სახელისუფლებო არხების ჟურნალისტების შევიწროებაში.

პრემიერ-მინისტრის მონოლოგის დროს კრიტიკული მედია საშუალებების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს. „ტვ პირველის“ წამყვანმა ეკა მიშველაძემ პირველმა გამოხატა ღიად უკმაყოფილება იმის გამო, რომ პრემიერმა ჟურნალისტები ბრიფინგზე მოიწვია და მათი კითხვების მოსმენის ნაცვლად, „პროპაგანდისტული“ გამოსვლა დაიწყო. მან დარბაზი კითხვა-პასუხის სესიის დაწყებამდე დატოვა. ოთახი ასევე დატოვეს ნინო ჟიჟილაშვილმა (ტელეკომპანია „ფორმულა“) და დეა მამისეიშვილმა (ტელეკომპანია „მთავარი“). მათ შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ მათი კითხვებისთვის გამოყოფილი დრო შეამცირეს მაშინ, როცა ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი კრიტიკულ მედიასთან ინტერვიუს დათანხმდა.

სახელისუფლებო არხების კითხვები ეხებოდა, თუ როგორ შეინარჩუნებს საქართველო თავის სუვერენიტეტს ამ ცვალებად გლობალურ გარემოში, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ კანონის მიღება, როგორ შეუძლია საქართველოს თავი დაიცვას დასავლური დაფინანსებით მხარდაჭერილი და ორკესტრირებული „მაიდანიზაციისგან“ და როგორ გაგრძელდება დასავლეთთან ურთიერთობა კანონის მიღების შემდეგ, მიუხედავად მათი კრიტიკისა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო შეძლებს საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია თავის ისტორიაში და რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღება სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რადგან ეს კანონი ცხადყოფს, თუ საიდან ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში და თუ ეს საჯაროდ იქნება ცნობილი, ყოველთვის, როცა ეს ორგანიზაციები შეეცდებიან „რევოლუციის დაწყებას“, ამ ქმედებების შეჩერებაზე პასუხისმგებლობას დონორი ორგანიზაცია აიღებს. პრემიერის აზრით, ეს არის ის, რაც საქართველოს „მშვიდობასა და სტაბილურობას“ მოუტანს. რაც შეეხება „მაიდანიზაციის“ მცდელობებს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს საკმარისი რესურსი ამისთვის და რომ საქართველო არ არის იანუკოვიჩის უკრაინა ან 2003 წლის საქართველო, რომ ასეთი რევოლუციური მოძრაობები განვითარდეს.

რაც შეეხება დასავლეთთან ურთიერთობასა და დასავლელი პარტნიორების მწვავე კრიტიკას, პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ განაცხადა, რომ კრიტიკა უსაფუძვლო და ბუნდოვანია, კონკრეტული პასუხების გარეშე, თუ რა არ მოსწონს დასავლეთს კანონპროექტში. მან აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნები უსამართლოდ ექცევიან საქართველოს იმით, რომ მათაც იგივე კანონები აქვთ, თუმცა ამ კანონების გამო საქართველოს აკრიტიკებენ და რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის და კონსულტაციებისთვის ამ კანონის გასაუმჯობესებლად, რასაც პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ მოელიან. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვეტოს შემდეგ ევროპულ ქვეყნებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს – „რომლებიც ვეტოს კანონპროექტებს უწერენ ზურაბიშვილს“ – მოუწევთ განმარტება, რატომ თვლიან კანონის ამა თუ იმ მუხლს არაკონსტიტუციურად და რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მზადაა, იმუშაოს რაც შესაცვლელია იმის შეცვლაზე, მას შემდეგ, რაც „კონსტრუქციულ კრიტიკას“ მოისმენს.

რაც შეეხება კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, მათი კითხვები ეხებოდა თბილისის ქუჩებში ძალადობის მრავალრიცხოვან შემთხვევებს, რომელთა უმეტესობაც არ არის გამოძიებული, ასევე კანონის მძიმე შედეგებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობისთვის. ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებმა ისარგებლეს შემთხვევით და სიტყვით მიმართეს სახელისუფლებო არხების აუდიტორიას, რომლებიც შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას აწარმოებდნენ და აღნიშნეს, რომ ეს სახელისუფლებო არხები შესაძლოა მაყურებელს არ ეუბნებოდნენ სრულ სიმართლეს ან არ აჩვენებენ სრულ სურათს, თუ რა ხდება სინამდვილეში. ტელეკომპანია „ფორმულას“ წარმომადგენელმა ნინო ჟიჟილაშვილმა აუდიტორიას შეახსენა დასავლეთის ქვეყნების ოფიციალური პირების განცხადებები, სადაც მკაფიოდაა ნათქვამი, რომ თუ საქართველო კანონს მიიღებს, ის დაკარგავს ევროკავშირში ინტეგრაციის ყველა სარგებელს – ვიზალიბერალიზაციას, კანდიდატის სტატუსს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას – რისთვისაც საქართველოს აქამდე მიუღწევია.

დისკუსიები პრემიერ-მინისტრსა და კრიტიკული ტელეარხების წამყვანებს შორის არაერთხელ გამწვავდა. პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს არაერთხელ შეახსენა, რომ მისთვის მიმართვისას ახსოვდეთ „ინტელექტი, IQ, ზრდილობა, კულტურა“ და რამდენჯერმე დამამცირებელი კომენტარები გააკეთა იმ მედიაზე, რომელსაც ეს ჟურნალისტები წარმოადგენდნენ. მან უთხრა წამყვანებს, რომ ისინი გარკვეული პოლიტიკოსების წარმომადგენლები არიან („მთავარი“ – გვარამია; ტვ „პირველი“ – ხაზარაძე; „ფორმულა“ – კეზერაშვილი) და როგორ გაბედეს მისი და „ქართული ოცნების“ კრიტიკა, მაშინ როცა თავად უნდა რცხვენოდეთ, რომ ასეთი პოლიტიკოსების წარმომადგენლები არიან. არაერთი დამამცირებელი კომენტარი გაისმა ცალკეული ჟურნალისტების მისამართითაც, რა დროსაც პრემიერ-მინისტრმა უთხრა მათ, რომ არ შეუძლია გააკრიტიკოს მათი IQ ან ინტელექტი, რადგან მათ ის არ აქვთ და რომ ისინი არ წარმოადგენენ ნამდვილი ქართველი ქალის სახეს, რადგან ისინი არ არიან ზრდილობიანები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button