Placeholder canvas
ახალი ამბები

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ 5 სექტემბერს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

კომისიის სხდომაზე ნატოს მოკავშირეებმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება დაგმეს. ისინი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების კონტექსტში საქართველოს მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას მიესალმნენ.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციაზე, მათ შორის, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი „ცდილობს გააღრმავოს დაშორიშორება ადგილზე საზოგადოებებს შორის“ და რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება „არ არის გამონაკლისი, ეს არის ყველაზე მძიმე გამოვლინება იმისა, თუ რას ნიშნავს განგრძობითი ოკუპაცია“.

„ის, რომ ჩვენთან არ არის მასშტაბური კონფრონტაცია… არ ნიშნავს, რომ პრობლემა არის ნაკლები მნიშვნელობის. ამიტომ, საქართველოს კონფლიქტის მოგვარების საკითხი აუცილებლად უნდა იყოს ძალიან მაღლა საერთაშორისო დღის წესრიგში, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორების კომუნიკაციაში რუსეთთან“, – განუცხადა სახელმწიფო მინისტრმა Civil.ge-ს.

ნატო-საქართველოს კომისია ალიანსსა და საქართველოს შორის პოლიტიკური კონსულტაციების და პრაქტიკული თანამშრომლობის ფორუმია. ბოლო შეხვედრა ნატო-საქართველოს კომისიის ათი წლისთავს დაემთხვა. კომისია პირველად 2008 წლის 15 სექტემბერს შეიკრიბა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button