Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

1918: ჯარისკაცის წერილი დისციპლინის პრობლემის გამო

(“ერთობა”, 15 აგვისტო, 1918, N172)

ჯარისკაცთა წერილები

დისციპლინა.

რეგულიარული ჯარის შექმნა დღეს მიზანია ჩვენთვის, როგორც საშუალება კი, ამისთვის აუცილებელია ჯარში დისციპლინის შემოღება.

დისციპლინა შესაძლებლათ ხდის ჯარის გაწვრთნას, აახლოვებს ჯარისკაცებს ერთმანეთთან და მით ჰქმნის ერთ მთლიან ძალას. რასაკვირველია, მე ფიქრადაც არ მომსვლია ძველი დისციპლინის აღდგენის საჭიროება, მაგრამ მიზნისთვის პატივისცემა და ყოველივე მითვის საჭირო საქმის გაკეთება უსათუოდ სავალდებულო უნდა იყოს, როგორც ჯარისკაცისათვის, ისე აფიცრისთვის, თუ თითოეული სალდათი ჯარის დანიშნულებას პატივისცემით არ ეპყრობა და დაუყოვნებლივ არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, – ჯარიც ბრძოლის უნარს მოკლებულ ბრბოს სახეს ღებულობს. რუსეთის ჯარის დაშლა ამის უტყუარი მაგალითია.

თითოეულმა ჯარისკაცმა უნდა იცოდეს, რომ ღალატისთვის ის დასჯილი იქნება. ეს გარემოება არ მისცემს საშუალებას სხვებს გული აიცრუონ საქმეზე. უამისოთ ჯარი უძლური იქნება თუნდაც მეტი ნაწილი მისი შემადგენლობისა მამაცები იყვნენ. ამის მაგალითები იყო ფრონტზე, როცა რამოდენიმე მშიშარის გამოქცევის შემდეგ სხვებიც ინსტინქტურათ გამოჰყვენ უკან, სრულიად შეუგნებლათ, არც კი იცოდნენ, თუ რაზე გარბოდენ.

დისციპლინა თანდათანობით უნდა იქნას შემოღებული, რადგანაც უცბათ ძნელი შესაჩვევია დისციპლინას უკვე გადაჩვეული ხალხი.

ამასთან, საჭიროა თვითეული ჯარისკაცი დარწმუნებული იყოს, რომ ყველა მისებრ პირობებში მყოფი სწევს შრომას ერის საკეთილდღეოთ და ვერაფერი ნაცნობობა, პროტექცია და ფული ვერ დაარღვევს საყოველთაო კანონს. ამ გარანტიის საშუალებით შეიძლება აიტანოს კაცმა ის რამოდენიმეთ უფლებრივი განსაზღვრა, რასაც გულისხმობს დისციპლინა. დისციპლინის აღდგენის შესაძლებლობა დამოკიდებულია ჩვენი აფიცრობის შემადგენლობაზე და უნდა გულახდილათ ითქვას, ისინი არ დგანან თავის დანიშნულების სიმაღლეზე. აფიცრობის უმეტესობა ვერ იჩენს ჯარის შექმნისთვის საჭირო უნარს, რასაც აქვს თავისი მიზეზები. რომ კაცს მოსთხოვო თავის ენერგია საზოგადო საქმეს მოახმაროს, უპირველესად უნდა უზრუნველჰყო მატერიალურათ. თუ კი მას მატერიალურათ არ აკმაყოფილებს ერთი სამსახური, ის იძულებულია სხვა უკეთესი საშუალება გამონახოს თავის სარჩენათ ან ერთდროულად იმუშავოს ორ ადგილზე, რაც ხელს უშლის მუშაობის ნაყოფიერებას. ასეთ პირობებში არიან დღეს აფიცრები მატერიალურათ, მაგალითად, პოდპორუჩიკი ღებულობს თვეში 280-320 მანეთს, რაც ერთ კაცს პურის ფულათაც არ ეყოფა. ამას თან ერთვის მათი უუფლებობა და მათდამი უნდობლობა, რის შედეგიც ან სამსახურიდან თავის დანებებაა, ან საქმისადმი გულგრილობა. როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში მას აიძულებს ცხოვრების სიმწვავე. მცირე ჯამაგირებით დაკმაყოფილება ან საქმის არა მცოდნე, ან ზარმაცი კაცი, რომლებიც ამ საქმისთვის გამოუსადეგარი არიან.

ამიტომ აფიცრების სათანადო სიმაღლეზე დასაყენებლათ აუცილებლათ საჭიროა: 1) მათი ნივთიერათ უზრუნველყოფა და 2) მათი შემადგენლობის გაწმენდა საქმის არამცოდნე და არასაიმედო პირებისგან. გაწმენდილი შემადგენლობა მთავრობამ სრული ნდობით უნდა აღჭურვოს და შესაფერა უფლებებიც მისცეს, რათა მათი ხელქვეითები იძულებული იყვნენ მასზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულებიონ. დღევანდელი აფიცრების მდგომარეობა ჯარისკაცებში იმით არის აუტანელი, რომ აფიცერი გაუბედავათ ეპყრობა ჯარისკაცს. მან არ იცის, თუ როგორ მოეპყრას ჯარისკაცებს, რომ მათი ნდობა და მისდამი ხათრი დაიმსახუროს. ამიტომ ბევრი ჯარისკაცების მოყვარული სანდო და საქმის მცოდნე, მაგრამ ლაქუცობას მოკლებული პირები, დაუმსახურებელ სიძულვილს ღებულობენ ჯარისკაცებისაგან, იმ დროს როცა ლაქუცა და ტკბილი ლაპარაკის შემძლე მათში ნდობას იმსახურებს.

უნდა არსებობდეს კანონი, რომელშიც მარტივათ იქნება აღნუსხული თვითოეულის უფლება და მოვალეობა, ის პირები კი, რომლებიც გადაუხვევენ დაწესებულ კანონს, პასუხისგებაში უნდა იქნან მიცემული.

დღეს მთავრობა, აფიცრობა და ჯარისკაცობა ძლიერ დაშორებულია ერთმანეთისგან, რის მიზეზითაც ხშირად აფიცრობა თავის მოვალეობას ივიწყებს და კერძო მაყურებელს ემსგავსება. ეს უდიდესი ნაკლია სამხედრო საქმეში, რასაც ბოლო უნდა მოეღოს. აფიცრობა უნდა დაუახლოვდეს ჯ.-კაც. თანდათანობით უნდა შეაჩვიოს მოვალეობის შესრულებას და აუსრულებლობისათვის ანგარიშიც მოსთხოვოს. მთავრობამ კი თავის დამოუკიდებელ კანტროლის ქვეშ უნდა დააყენოს ჯარის ნაწილების უფროსები და მით მოსპოს მათში ნებსით თუ უნებლიეთ გამეფებული ინდეფერენტიზმი.

მხოლოდ ზემო აღნიშნული საშუალებებით შეგვიძლია შევქმნათ მაგარი სამხედრო ძალა, ურომლისოდაც ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

ჯარისკაცი მახარაძე

 

 

 

მსგავსი/Related

Back to top button