ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას დადებითად აფასებს

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 29 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის არსებული მაჩვენებლები, რომელიც „საქსტატის“ მონაცემებს ეყრდნობა, ადასტურებს, რომ მთავრობა „სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს“.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წლის მაისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7.5% შეადგინა. გასული წლის მაისში ეს მაჩვენებელი 5.3% იყო.

„ეს არის იმის დადასტურება, რომ ის რეფორმები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ და რომელიც ჩვენ დავაანონსეთ ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ეკონომიკური ზრდის ტემპები იქნება აუცილებლად დაჩქარებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დამტკიცებული სამწლიანი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის შესახებაც ისაუბრა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, რომ 42.25 მილიონი აშშ დოლარი „ეკონომიკური რეფორმების პროგრამისთვის“ გამოიყენოს.

ბახტაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მთავრობის ხარჯები მშპ-თან მიმართებით 4.5%-დან 3.9%-მდე ეტაპობრივად შემცირდება, რის შედეგადაც, ბახტაძის თქმით, ორ წელიწადში 200-250 მილიონი ლარი დაიზოგება. პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ეს თანხა სოციალურ პროგრამებს მოხმარდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button