რესპუბლიკის ამბები

მთავრობის ჯარებმა ბანძაში წესრიგი აღადგინეს

1918 წლის 5 აპრილს, ამიერკავკასიის მთავრობის რაზმი ვალიკო ჯუღელის მეთაურობით დაბა ბანძასა და ძველ სენაკში აჯანყებულებს შეეტაკა და წესრიგის 6 აპრილისთვის წესრიგის აღდგენა მოახერხაო, იუწყება 1918 წლის 11 მაისის „ერთობა“.

გაზეთის ჯანყება დაბა ბანძაში დაწყებულა 29 მარტს, როცა ადგილობრივი მოსახლეობიდან გასაჭირით შეკრებილი ჯარისკაცები ოსმალეთის ფრონტზე უნდა გამგზავრებულიყვნენ. ამ დროს მოსულა კაცი – სავარაუდოდ ბოლშევიკი სოფელ აბედათიდან და მოუთხოვია ამ სოფლის ჯგუფთან ბანძელების შეერთება მდ. აბაშასთან. ამის მოწინააღმდეგეები კი დაუტყვევებია. შედეგად, მომხდარა აჯანყება და 30 მარტს აუღიათ დაბა ბანძა, 1 აპრილს კი ბოლშევიკების თაოსნობით ჩატარებულა მიტინგი, სადაც გამომსვლელს უთქვამს, ამიერკავკასიის სეიმი ბოლშევიკებმა აიღეს, მენშევიკები გაყარეს, სოხუმი და ბაქო ავიღეთ და იმედია, თქვენი მხარდაჭერით თბილისსაც ავიღებთო. აურჩევიათ ბოლშევიკური „გლეხთა საბჭო“, რომლის მმართველობაც 5 აპრილამდე გაგრძელდა.

ამ მოკლე ხანში ბოლშევიკებს მოსახლეობის განაწყენება მოუსწრიათ: თითო ოჯახს დააკისრეს კეცი ჭადის და ყველის მომზადება უფასოდ, ხოლო ვინც ბოლშევიკების შტაბში ნებართვას არ აიღებდა, ბაზარში არ უშვებდნენ.

4 აპრილს, როცა ვალიკო ჯუღელის რაზმის გამოსვლის ამბავი გავრცელდა, აჯანყებულები ნოქალაქევის ციხეში შეიკეტნენ. ჯუღელმა დაბა ბანძა უბრძოლველად აიღო, მისი რაზმის მეორე ნაწილმა კი 6 აპრილს ნოქალაქევის ციხეს ძველი სენაკიდან ზარბაზნები დაუშინა. შედეგად, აჯანყებულებმა უკან დაიხიეს. მათთან კიდევ ერთი შეტაკება მარტვილთან მოხდა, რის შემდეგაც აჯანყებულები დაიშალნენ.

შედეგად, 6 აპრილის ღამესვე აღდგა წესრიგი ბანძასა და სენაკში, ხოლო 10 აპრილისათვის აქედან გაწვეული ჯარისკაცები ფრონტისკენ გაემგზავრნენ, ზოგი სამტრედიისკენ, ზოგი კი ახალსენაკისკენ.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button