skip to content
ახალი ამბები

კალასი და კოსი „ქართულ ოცნებას“: „გაათავისუფლეთ ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული“

„ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ნაჩქარევად შეტანილი ცვლილებების საპასუხოდ, ევროკავშირის  უმაღლესმა წარმომადგენელმა/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში კომისარმა მარტა კოსმა განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „დემოკრატიულ სტანდარტებს უფრო მეტად შორდება“ და მოუწოდეს მას „გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული“.

7 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში კალასმა და კოსმა აღნიშნეს, რომ ცვლილებების დაჩქარებული მიღება საქართველოს საზოგადოებაზე სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს და „არსებითად გამოუთხრის ძირს გამოხატვის თავისუფლების და შეკრების თავისუფლების უფლებებს, ისევე როგორც მედიის თავისუფლებას“.

„ეს მოვლენები საქართველოს დემოკრატიული განვითარების სერიოზულ რეგრესს ასახავს და არ ამართლებს არანაირ მოლოდინს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კალასი და კოსი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას შეაჩეროს ეს ზომები, :თავი შეიკავოს დაძაბულობის შემდგომი გაზრდისგან და დაელოდოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დასკვნას, სახალხო დამცველის მოთხოვნის შესაბამისად“.

„საქართველოს ხელისუფლებამ განსხვავებული აზრის ჩასახშობად დაშინების ტაქტიკასა და ძალადობას მიმართა. მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თავიანთი ფუნდამენტური უფლებების განხორციელების გამო დევნის სამიზნე გახდნენ“, – აცხადებენ ისინი.

განცხადებაში ასევე ნახსენებია დაკავებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და ნათქვამია, რომ მისი საქმე „კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება ჟურნალისტებს და ყველას, ვინც აზრს თავისუფლად გამოხატავს“.  „ამჟამად მოშიმშილე მზია ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა. ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული. მოვუწოდებთ ხელისუფლებას უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ნდობისა და დიალოგის აღსადგენად არც ერთი ვარიანტი არ უნდა გამოირიცხოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ბოლო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიშის რეკომენდაციები სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას“, – აცხადებენ კალასი და კოსი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button