
PACE საქართველოს დელეგაციის წევრთა მანდატების რატიფიცირებას ახალი არჩევნებისა და ‘ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების’ პირობით დათანხმდა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ქართული დელეგაციის წევრთა მანდატების სრულად რატიფიცირების გადადების გადაწყვეტილება მიიღო, სანამ არ შესრულდება საქართველოს დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად წამოყენებული პირობები. PACE „დაჟინებით მოითხოვს“. რომ საქართველოს ხელისუფლებამ ასამბლეის მომდევნო სესიამდე ახალი არჩევნები დანიშნოს და გაათავისუფლოს „ყველა პოლიტიკური პატიმარი“. იმავდროულად, საქართველოს დელეგაციას PACE-ში რამდენიმე უფლება ჩამოერთვა. რეზოლუცია დღეს, 29 იანვარს, 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ იქნა მიღებული. ასამბლეის 7-მა წევრმა თავი შეიკავა.
PACE საქართველოს დელეგაციის წევრთა უფლებამოსილებების საკითხს აპრილში დაგეგმილ სესიაზე ხელახლა განიხილავს, რა დროსაც გაითვალისწინებს იმ პროგრესს, რომელიც პირობების შესრულებაში იქნება მიღწეული.
რა პირობები დააყენა PACE-მ?
„2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დარბევა, ეწინააღმდეგება საქართველოს წევრობის ვალდებულებებსა და ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებულ ვალდებულებებს“, – ნათქვამია რეზოლუციაში. საქართველოს დელეგაციის წევრთა მანდატები PACE-ს 2025 წლის ზამთრის პლენარული სესიის გახსნის დღეს არსებითი საფუძვლებით გასაჩივრდა. მაგრამ „დიალოგის შენარჩუნებისადმი საკუთარი ღიაობის დასადასტურებელად“, PACE-მ მანდატების რატიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა გარკვეული პირობებით.
PACE მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „სასწრაფოდ აღმოფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს რეალურად დემოკრატიული ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მომდევნო თვეებში“. სიტყვა „საპარლამენტო“ამ წინადადებას „სიცხადისთვის“ ზეპირი შესწორებით დაემატა პლენარულ სხდომაზე, განაცხადა ეერიკ-ნილეს კროსმა (ესტონეთი, ALDE), რომელმაც შესწორება წარადგინა.
ასამბლეა ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „გადადგას გადაუდებელი და ქმედითი ნაბიჯები“ ევროინტეგრაციის პროცესის განახლებისთვის. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია.
PACE ასევე მოითხოვს, რომ „დაუყონებლივ დასრულდეს პოლიციის სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევა“ და ეფექტურად იქნას გამოძიებული ყველა ასეთი შემთხვევა. ამასთან, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს „სასამართლო პროცესის ბოროტად გამოყენება მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების შეკავების ან შურისძიების საშუალებად“.
ასამბლეის რეზოლუცია ასევე დაჟინებით მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი“ აპრილში ასამბლეის მომდევნო სესიამდე. საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის ბრალდებით. ბევრი მათგანი კვლავ წინასწარ პატიმრობაშია და თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქართველოს ხელისუფლებისთვის წაყენებული პირობები ასევე მოიცავს სადავო კანონმდებლობის, მათ შორის უცხოელი აგენტების შესახებ კანონის გაუქმებას. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველომ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან და გააგრძელოს ასამბლეის მონიტორინგის პროცედურაში სრულფაასოვანი მონაწილეობა.
ქართული დელეგაციისთვის გარკვეული უფლებების შეჩერება
„ამავდროულად, პოლიციის სისასტიკისა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევების დაგმობის ნიშნად, რასაც აქამდე ხელისუფლების რეაქცია არ მოყოლია“, ასამბლეა იღებს გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქართული დელეგაციის წევრების ზოგიერთი უფლება.
საქართველოს დელეგაციის წევრებს აღარ ექნებათ უფლება იყვნენ PACE-ს რამდენიმე კომიტეტის, მათ შორის არჩევნების სადამკვირვებლო კომიტეტის წევრები. ისინი ასევე ვერ დაინიშნებიან მომხსენებლენად და არც ასამბლეის პრეზიდენტობის, კომიტეტის ან ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ან ვიცე-თავმჯდომარეობის კანდიდატობის უფლება ექნებათ. ამასთან, შეჩერებულია მათი უფლება წარმოადგინონ ასამბლეა ევროპის საბჭოს ორგანოებში, ასევე უფლება წარმოადგინონ ასამბლეა პერიოდულად ევროპის საბჭოს ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების ან საპარლამენტთაშორისო ასამბლეების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, შეხვედრებსა და კონფერენციებზე.
ჩავარდნილი ცვლილებები
ასამბლეას შეეძლო ან უპირობოდ მოეხდინა მანდატების რატიფიცირება, ან საერთოდ არ გაეკეთებინა ეს. რეზოლუციის პროექტში ცვლილებები ორივე ვარიანტზე გუშინ საღამოს წარადგინეს.
ქართული დელეგაცია მანდატების უპირობო რატიფიცირებას ითხოვდა. განმარტებით ბარათში ისინი აცხადებდნენ, რომ საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ისინი ასევე მოითხოვდნენ რეზოლუციიდან იმ პუნქტის ამოღებას, რომელიც ასამბლეაში მათ ზოგიერთ უფლებას აჩერებს და სურდათ მისი ჩანაცვლება მომხდარიყო მსუბუქი მოწოდებებით, რათა საქართველოს გაეგრძელებინა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, გაეძლიერებინა თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან და გაეგრძელებინა მონაწილეობა PACE-ს მონიტორინგის პროცესში. გარდა ამისა, მათ სურდათ რეზოლუციიდან იმ პუნქტის ამოღება, რომელიც ითვალისწინებდა მათი მანდატების გადახედვას ასამბლეის მომდევნო სესიაზე. მათი შესწორებების თანაავტორი რამდენიმე დეპუტატი იყო, მათ შორის უნგრეთიდან, ბულგარეთიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან. ყველა ეს ცვლილება ჩავარდა.
კიდევ ერთი წარუმატებელი შესწორება იყო ინიციატივა, რომ უბრალოდ არ მომხდარიყო მანდატების რატიფიცირება. ეს ინიციატივა თერთმეტ დეპუტატს ეკუთვნოდა EC/DA-დან, SOC-დან და ALDE-ს ჯგუფებიდან PACE-ში.
PACE-ს ზამთრის სესია სტრასბურგში 27-31 იანვარს იმართება. საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, რომლის დელეგაციის წევრთა მანდატების რატიფიცირებას პრობლემები შეექმნა.
ქვემოთ მოცემულია რეზოლუციის სრული ტექსტი:
რეზოლუცია
- საპარლამენტო ასამბლეა იხსენებს, რომ 1999 წლის 27 იანვარს ევროპის საბჭოში გაწევრიანებით საქართველო დათანხმდა ასამბლეის 209-ე (1999) მოსაზრებაში გაწერილი რამდენიმე კონკრეტული ვალდებულების პატივისცემასა და ევროპის საბჭოს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას: პლურალისტური დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებთან შესაბამისობას, ასევე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემას;
- თავის 2561-ე (2024) რეზოლუციაში სახელწოდებით „დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში“, ასამბლეამ უკვე გამოხატა ღრმა შეშფოთება საქართველოში განგრძობადი და სწრაფი დემოკრატიული უკუსვლის გამო. აღნიშნა რა რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიასა და საგარეო კურსზე დე ფაქტო რეფედერენდუმი იქნებოდა, ასამბლეამ გაიმეორა თავისი მზადყოფნა საქართველოში ყველა ძალასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობისა და დიალოგისთვის „რათა შეეცვალა ბოლოდროინდელი უკუსვლა და გაეძლიარებინა საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წევრობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება“.
- ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ადასტურებს ასამბლეის შეშფოთებას. ასამბლეის არჩევნებზე სადამკვირვებლო დელეგაციის მიგნებები „გამოხატავს შეშფოთებას არჩევნების შედეგების სისწორის თაობაზე, კერძოდ, ასახავს თუ არა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას. გარდა ამისა, არსებობს სერიოზული ეჭვები იმის თაობაზე, უზრუნველყო თუ არა საარჩევნო გარემომ სათანადო პირობები სამართლიანი არჩევნებისთვის, რაც ამომრჩევლებს საშუალებას მისცემდა გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი, დაშინებისა და ზედმეტი ზეწოლის გარეშე. ამას მიუთითებს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პასუხი, რომლებმაც ღრმა უნდობლობა გამოხატეს როგორც შედეგების, ისე ინსტიტუტების მიმართ და კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ არჩევნების შედეგებს.” არჩევნების შემდგომ საქართველოში მასშტაბურმა დემონსტრაციებმა იფეთქა. ოპოზიციური პარტიები ბიოკოტს უცხადებენ პარლამენტს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.
- ქუჩის დემონსტრაციები კიდევ უფრო მასშტაბური გახდა მას შემდეგ, რაც გაკეთდა განცხადება, რომ ხელისუფლება წყვეტს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ეწინააღმდეგება მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებებს, სოციალური კრიზისი გამოიწვია, როდესაც სრულად დაინგრა ქართული საზოგადოების ნდობა ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ, რომელთა ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამან შესაძლოა ასევე გავლენა იქონიოს იმ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაზე, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასთან გამკლავებაში დაეხმარებოდა.
- ასამბლეა გმობს პოლიციის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევებს, მათ შორის დემონსტრანტების წინააღმდეგ სისასტიკეს, რაც შეკრების თავისუფლების დარღვევაა. აღნიშნული ხდება ქვეყანაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების გაუარესების, დემოკრატიული გარანტიების ჩამოშლის, სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შემცირებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზების ფონზე, რაც არჩევნებამდე დიდ ხნით ადრე დაიწყო. ასამბლეა ასევე გმობს მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენებას დემონსტრანტების, მათ შორის ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, შეკავებისა და შურისძიების მიზნით, რაზეც ხელისუფლებას ჯერ რეაგირება არ მოუხდენია.
- ამ მხრივ, ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რომლებსაც ვენეციის კომისია გააკეთებს ასამბლეის პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე თავის გადაუდებელ მოსაზრებაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონის შესახებ. ასევე, ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არსებული ფორმით, დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაღვევისთვის პასუხისმგებლობა, დაასრულოს არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაცია, რაზეც ასევე ისაუბრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა საქართველოში 2025 წლის იანვარში განხორციელებული ვიზიტის დროს.
- ასამბლეის მოსაზრებით, საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოყვანა და ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი ნაბიჯების გადადგმით:
7.1. საქართველოს ხელისუფლების მკაფიო ერთგულება ევროპის საბჭოს ღირებულებებისა და სტანდარტების მიმართ, და შემდგომი ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის უმრავლესობის ევროპული მისწრაფების გათვალისწინებით;
7.2. ევროპის საბჭოსთან ურთიერთობის გაძლიერება, სადაც საქართველოს ოფიციალურ პირებთან ერთად დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრი ჩაერთვება;
7.3 ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი საქართველოში ყველა დაინტერესებული მხარისა და სოციალური აქტორის, მათ შორის ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების, ჩართულობით, რათა დაუყონებლივ მოგვარდეს საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული ხარვეზები და პრობლემები.
7.4. იმ სამართალდამცველთა პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივ დარბევაში, ცემაში, არასათანადო მოპყრობაში, წამებასა და თვითნებურ დაკავებებში მონაწილეობდნენ;
7.5. ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება.
8. ამ მხრივ, ასამბლეა იხსენებს თბილისში 2024 წლის დეკემბერში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტს, რომლის შემდგომ რიგი ინიციატივები იქნა წამოწყებული.
9. ასამბლეა ასევე იხსენებს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელთა ვიზიტს საქართველოში 2025 წლის იანვარში, როდესაც ისინი შეხვდნენ ქართული ინსტიტუტების, ასევე პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
10. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დარბევა, ეწინააღმდეგება საქართველოს წევრობის ვალდებულებებსა და ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებულ ვალდებულებებს. ამიტომ, ასამბლეას ესაჭიროება ხელისუფლების მკაფიო გარანტიები, რომ ისინი ჭეშმარიტად მზად არიან შეცვალონ დემოკრატიული უკუსვლა და შეასრულონ თავიანთი წევრობის ვალდებულებები.
11. ამ მოსაზრებების გათვალისწინებით და როგორც დიალოგის შენარჩუნებისადმი საკუთარი ღიაობის დამადასტურებელი სიგნალი, ასამბლეა, 2025 წლის აპრილის სესიაზე საქართველოს დელეგაციის მანდატების ხელახალ განხილვმადე და ქვეყანაში ვითარების ხელახლა შეფასებამდე, იღებს გადაწყვეტილებას სესიის ამ სხდომაზე მოახდინოს ქართული დელეგაციის მანდატების რატიფიცირება და ამავდროულად, დაჟინებით მოითხოვოს საქართველოს ხელისუფლებისგან:
11.1. დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე და სოციალური აქტორი, მათ შორის მმართველი უმრავლესობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, რათა სასწრაფოდ აღმოიფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს რეალურად დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩატარებას მომდევნო თვეებში;
11.2. გადადგას დაუყოვნებელი და ქმედითი ნაბიჯები, რათა საქართველომ შეძლოს ხალხის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად განაახლოს ევროინტეგრაციის პროცესი და აქტიურად დააჩქაროს საჭირო რეფორმები;
11.3. დაუყონებლივ შეწყვიტოს პოლიციის სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევა, ეფექტურად გამოიძიოს ეს პრაქტიკა და შეწყვიტოს სასამართლო პროცესის ბოროტად გამოყენება მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების შეკავების ან შურისძიების საშუალებად, ასევე სრულად სცეს პატივი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას;
11.4. გააძლიეროს თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან და კეთილსინდისიერად ჩაერთოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ ინიცირებულ პროცესში;
11.5. დაუყოვნებლივ განიხილოს ასამბლეის შეშფოთება და რეკომენდაციები, რომლებიც გამოხატულია რეზოლუციაში 2438 (2022) და რეზოლუციაში 2561 (2024), მათ შორის რეკომენდაცია გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და შეშფოთება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონთან დაკავშირებით, რაც ვენეციის კომისიის გადაუდებელი მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა გადაიჭრას;
11.6. გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი ასამბლეის 2025 წლის აპრილის სესიამდე;
11.7. განაგრძოს ასამბლეის მონიტორინგის პროცედურებში სრულფასოვანი ჩართულობა;
12. ამავდროულად, პოლიციის სისასტიკისა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევების გმობის აშკარა ნიშნად, რასაც აქამდე ხელისუფლების რეაქცია არ მოყოლია, ასამბლეა იღებს გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქართული დელეგაციის წევრებს შემდეგი უფლებები:
12.1. უფლება იყვნენ შემდეგი კომიტეტების სრულუფლებიანი წევრი ან შემცვლელი: პოლიტიკური საკითხთა და დემოკრატიის კომიტეტი, მონიტორინგის კომიტეტი, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის კომიტეტი, და რეგლამენტის, იმუნიტეტებისა და ინსტიტუციურ საქმეთა კომიტეტი
12.2. უფლება იყვნენ არჩევნების სადამკვირვებლო კომისიის წევრები;
12.3. მომხსენებლად დანიშვნის უფლება;უფლება;
12.4. იყვნენ ასამბლეის პრეზიდენტობის, კომიტეტის ან ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ან ვიცე-თავმჯდომარეობის კანდიდატი;
12.5. უფლება წარმოადგინოს ასამბლეა ევროპის საბჭოს ორგანოებში ბიუროს გადაწყვეტილებით, და უფლება წარმოადგინოს ასამბლეა პერიოდულად (ბიუროს ან კომიტეტის გადაწყვეტილებით) ევროპის საბჭოს ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების ან საპარლამენტთაშორისო ასამბლეების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, შეხვედრებზე, კონფერენციებზე.
13. ასამბლეა ასევე იღებს გადაწყვეტილებას, მონიტორინგის კომიტეტის ფარგლებში, საქართველოსთან დაკავშირებულ თავის ქმედებებში, საქართველოს არასაპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერების გზები შეისწავლოს.
14. ასამბლეას ექნება შესაძლებლობა კვლავ გადახედოს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებებს, მათ შორის ზემოაღნიშნული უფლებების შეჩერებას, 2025 წლის აპრილის სესიაზე, მე-11 პუნქტში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, მისი რეგლამენტის მე-9 წესით გათვალისწინებული პირობებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)