skip to content
ახალი ამბები

სპეციალური საგამოძიებო სამსახური: 52 მომიტინგეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 17 იანვარს განაცხადა, რომ 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, თბილისში საპროტესტო აქციების 52 მონაწილეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. სამსახურმა განაცხადა, რომ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე მიმდინარეობს.  

28 ნოემბრის შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება გამოაცხადა, საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებიც უკვე 50 დღეზე მეტია შეუჩერებლად გრძელდება. მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს ბევრ ადამიანს, მათ შორის ჟურნალისტებს, პოლიცია და ე.წ. „ტიტუშკები“ ძალადობრივად გაუსწორდნენ.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობით ან იარაღის გამოყენებით) და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით).

სამსახურის თქმით, გამოძიება „აქტიურ რეჟიმში“ მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც გამოკითხულია 343 პირი, მათ შორის 49 ჟურნალისტი. თუმცა, ამ დრომდე არც ერთი დამნაშავე არ დასჯილა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში ასევე საუბარია 7 დეკემბერს,  თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე. ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს დაზარალებულების სტატუსი მიენიჭათ. სამსახურის თქმით, ამ კონკრეტულ საქმეზე 52 პირი გამოიკითხა.

საქართველოს ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ იმის გამო, რომ პოლიციის ძალადობისა და სისასტიკის სავარაუდო შემთხვევები დაუსჯელი დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ათობით მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავეს და დასაჯეს როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის ბრალდებით, მოქალაქეების ცემის, დაშავებისა და მათზე განხორციელებული თავდასხმების გამო პასუხისგებაში არც ერთი პოლიციელი ან ე.წ. „ტიტუშკა“ არ მიუციათ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button