skip to content
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს სტუმრობენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს საკითხებში თანამომხსენებლების კლოდ კერნის (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელას (პორტუგალია, SOC) შემადგენლობით, საქართველოს ფაქტების დამდგენი მისიით 14-16  იანვარს ესტუმრა. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მიერ ვალდებულებების შესრულების შეფასება, განაცხადა ევროპის საბჭომ, კერძოდ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არსებული პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეს და წევრებს, ასევე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციის ლიდერებს და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ პირებს.

შეხვედრა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრებთან

15 იანვარს მომხსენებლები „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპაუშვილს შეხვდნენ. ეს უკანასკნელი წერს: „შეხვედრისას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესები განვიხილეთ. საუბარი შეეხო პარლამენტის საქმიანობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას“. პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს ოპოზიციის ტაქტიკა გავაცანი, რომელიც პარლამენტის ბოიკოტს ითვალისწინებს და ყოველი არჩევნების შემდეგ ოპოზიციისათვის პოლიტიკური ბრძოლის იარაღს წარმოადგენს“. მისივე თქმით, „საუბარი, ასევე, შეეხო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე პროტესტს“. „საქართველოს ხელისუფლება დიდ სამუშაოს ატარებს, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური, არსებითი ნაბიჯები დროულად იქნეს გადადგმული და საქართველომ უახლოეს წლებში შეძლოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წარმატებით დასრულება“, – წერს პაპუაშვილი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატები, მათ შორის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი, გივი მიქანაძე და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია.

შეხვედრა ოპოზიციასთან

შეხვედრა სამ ოპოზიციურ კოალიციასთან – „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ – 16 იანვარს გაიმართა. „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიზიტი არ ემსახურებოდა „დე-ფაქტო ხელისუფლების ლეგიტიმაციას“.  მან აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის უპირველესი მიზანი იყო საქართველოში ადამიანის უფლებათა ფართოდ გავრცელებული დარღვევების, მათ შორის არასათანადო მოპყრობის, წამებისა და რეპრესიების შესახებ ბრალდებებზე ინფორმაციის შეგროვება.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ განხილულ საკითხებს შორის იყო არჩევნების შემდგომი მოვლენები, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და წამების ფაქტები. ასევე საუბარი შეეხო პოლიციელებისა და ე.წ. „ტიტუშკების“ დაუსჯელობის თემას. ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება და ესაა დაკავებულთა გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება.

პოლიტიკური კრიზისის სიმძიმეზე „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა გაამახვილა ყურადღება. „ვფიქრობ, დღეს ყველა, ვინც კარგად იცნობს საქართველოში შექმნილ ვითარებას არა მხოლოდ ახლა, არამედ ბოლო თვეების მანძილზე ახლოდან აკვირდება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, აცნობიერებს, რომ ასეთი გამოწვევის წინაზე ფაქტობრივად, ეს ქვეყანა არასდროს ყოფილა ბოლო წლების მანძილზე. ასევე, აცნობიერებს იმასაც, რომ ახალი არჩევნების გარეშე, ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა“, – განაცხადა სამადაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საკუთარ სახლში ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას ეწვია. გახარიას წინა დღეს ბათუმში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საავადმყოფოში ცხვირის მოტეხილობითა და ტვინის შერყევით მოათავსეს. პარტიის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, „შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები და  ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა იყო“. შეხვედრის შესახებ დამატებითი დეტალები არც ერთ მხარეს არ გაუვრცელებია.

შეხვედრა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ოფიციალურ პრესრელიზში ნათქვამია: „შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს“. ამავე პრესრელიზის თანახმად, კობახიძე დელეგაციას „დეტალურად ესაუბრა მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და პროცესის მართვის მიზნით სახელმწიფო უწყებების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე“.

„მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო სისტემის საბოტაჟის მცდელობაზე და განაცხადა, რომ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების მიზანმიმართული დასუსტების მცდელობას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ანდრო ჭიჭინაძისა და ზვიად ცეცხლაძის მონახულება ციხეში

დელეგაციამ ციხეში ასევე მოინახულა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და აქტივისტი ზვიად ცეცხლაძე. ისინი პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. ორივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ორგანიზების გამო.

ვიზიტი გენერალურ პროკურატურაში

PACE-ს წარმომადგენლები 16 იანვარს საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს შეხვდნენ. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი ბადაშვილი, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი ამირან გულუაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ. პროკურატურის ოფიციალური განცხადების თანახმად, გაბიტაშვილმა დელეგაციის წევრებს „ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა და საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ“.

მასალა განახლდა 17 იანვარს, 12:10 საათზე და დაემატა ინფორმაცია ასამბლეის მომხსენებლების გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შესახებ.


X-ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შესახებ დებატებს 17-31 იანვრის სესიაზე გამართავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button