skip to content
ახალი ამბები

შსს საარჩევნო ინციდენტის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშს ეხმიანება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საპარლამენტო არჩევნების შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ანგარიშს გამოეხმაურა, რომელშიც სიღნაღის რაიონში მდებარე ბოდბეს საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტზე იყო საუბარი. PACE-ს სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, 40-კაციანმა ჯგუფმა, სავარაუდოდ, განზრახ დააზიანა საარჩევნო უბნის გარეთ გაჩერებული მისიის მანქანა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ჯგუფმა განზრახ გახვრიტა საბურავი და უკვე დაზიანებულ მანქანაზე ძველი ავტომობილის განზრახ შეჯახებით  სცადა ეს ავარიად წარმოეჩინა.

თავის ანგარიშში PACE-მ განაცხადა, რომ „მიუღებელი ინციდენტი მოხდა სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში მდებარე საარჩევნო უბანზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გუნდის დაკვირვებისას. საარჩევნო უბნის გარეთ გაჩერებული გუნდის მანქანა განზრახ დააზიანა 40-კაციანმა ჯგუფმა“.

შსს-ში აცხადებენ, რომ ინციდენტში მონაწილე პირების გამოსავლენად ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესული შეტყობინების მიღებისთანავე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მოხდენის მიზნით ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. „მომხდარის გამომწვევი მიზეზის დასადგენად სამართალდამცველების მიერ მოხდა მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება, შეტყობინების ინიციატორთან გასაუბრების შემდეგ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დაზიანებული მანქანის მძღოლმა განუმარტა, რომ მისთვის დაუდგენელმა ავტომობილმა სავარაუდოდ, საავტომობილო გზაზე მოძრაობისას დაუზიანა მის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება და ითხოვა მომხდარი ფაქტის ოფიციალურად დაფიქსირება. თუმცა, სამართალდამცველების კითხვაზე, ხომ არ ჰქონდა მძღოლს ვარაუდი, რომ ავტომობილი შესაძლოა ვინმეს განზრახ დაეზიანებინა, „მას არ გამოუთქვამს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ავტომობილი შესაძლოა განზრახ ყოფილიყო დაზიანებული“.

უწყების ცნობით, „მომხდარ შემთხვევაზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამართალდამრღვევი მძღოლის დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მოხდენის მიზნით“.

არაერთმა დამკვირვებელმა, მათ შორის PACE-დან და ოდირიდან, აღნიშნა, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან უჩვეულო აქტივობას ჰქონდა ადგილი. PACE-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ დამკვირვებლებმა შენიშნეს საარჩევნო უბნების გარეთ გაჩერებული მიკროავტობუსები, სადაც უამრავი ადამიანი იჯდა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ „მმართველი პარტიის წარმომადგენლები ცდილობდნენ გაეკონტროლებინათ საარჩევნო უბნებზე მიმდინარე აქტივობა“, რა დროსაც PACE-ს დამკვირვებლებისა და სხვა აკრედიტებული დამკვირვებლების საუბარშიც კი ერეოდნენ და ინგლისურიდან ქართულად თარგმნას ითხოვდნენ.

ანგარიშის თანახმად, PACE-ს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ ბევრი ე.წ. „მოქალაქე დამკვირვებელი“, რომელთაგანაც ზოგი აგრესიული იყო და არ სურდა დამკვირვებლებთან საუბარი, ვერ დაასახელა ორგანიზაცია, რომლებსაც ისინი წარმოადგენდნენ და უჭირდათ ამ „ორგანიზაციების“ სახელების ამოკითხვა თავიანთი სამკერდე ნიშნებიდან. ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნულმა პირებმა აღიარეს, რომ ამ „ორგანიზაციებისთვის“ მხოლოდ საარჩევნოდ მუშაობდნენ და როგორც გაირკვა, ისინი, ფაქტობრივად, მმართველ პარტიასთან იყვნენ დაკავშირებული.

ეუთო/ოდირის დამკვირვებლებმა ასევე გაუსვეს ხაზი ამომრჩევლებზე ზეწოლის შემთხვევებს და ბევრ საარჩევნო უბნებზე გადატვირთულობას. მათ ასევე აღნიშნეს „საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებად რეგისტრირებულ პირთა ყოფნა, რომლებიც მოქმედებდნენ კანდიდატების, ძირითადად მმართველის პარტიის სახელით“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button