მამუკა მდინარაძე: საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებაზე კონსენსუსი მიღწეულია
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 11 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებაზე კონსენსუსი მიღწეულია.
მისი თქმით, მაუწყებლის ბიუჯეტი მომდევნო ორი წლის განმავლობაში იგივე დარჩება. 2026 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის წლიური ბიუჯეტი „დამოკიდებული იქნება საქართველოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე“ და იქნება ამ ადამიანების რაოდენობის ნამრავლი 64-ზე.
„კონსულტაციების შედეგად ჩვენ მივედით კონკრეტულ გადაწყვეტამდე – მომდევნო ორი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი იქნება იგივე, რაც იყო მიმდინარე წელს. ეს მათ საშუალებას მისცემს, დაასრულონ ძალიან კარგი პროექტი – ახალი შენობა, მთლიანი ინფრასტრუქტურა, მოახდინონ მისი სრული აღჭურვა. ორი წლის შემდეგ, 2026 წლის პირველ იანვარს ამოქმედდება წესი, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება დამოკიდებული იქნება საქართველოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ ადამიანების რაოდენობის ნამრავლი 64-ზე. დღევანდელი მოცემულობით თუ ავიღებთ წინა წლის დასაქმებულთა რაოდენობას, ეს მთლიანად ფარავს მიმდინარე საოპერაციო ხარჯებს“, – განაცხადა მდინარაძემ.
15 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის შეცვლას ითვალისწინებს. დღეს მოქმედი კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით ხდება და მას არ უწევს ამ ბიუჯეტის დასაბუთება. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დეპუტატებს ყოველწლიურად მოუწევთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის დამტკიცება. საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელობა შიშობს, რომ ეს ცვლილება ძირს გამოუთხრის მაუწყებლის დამოუკიდებლობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)