skip to content
ახალი ამბები

საქართველო ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის 2024 წლის ანგარიშში

ევროპის საბჭოს ჟურნალისტიკის დაცვისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ 2024 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა სათაურით „პრესის თავისუფლება ევროპაში: სიტუაციის შემობრუნების დროა“, რომელიც პრესის თავისუფლების შემაფერხებელ ძირითად საკითხებს აფასებს. ანგარიშში საუბარია მუქარისა და დაშინების, დაკავების, შემზღუდველი კანონმდებლობის, არამართლზომიერი სასამართლო სარჩელების, მედიის მიტაცებისა და საზოგადოებრივ მედიაზე თავდასხმების შემთხვევებზე. რამდენიმე კონტექსტში დოკუმენტი საქართველოსაც მოიხსენიებს.  

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წელს პლატფორმის პარტნიორებმა ევროპაში  სერიოზული დანაშაულის ან მედიის თავისუფლებაზე თავდასხმების შესახებ 285 გაფრთხილება გამოსცეს, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე (289) ოდნავ ნაკლებია. თუმცა, დოკუმენტის თანახმად, გაიზარდა საფრთხეების, ზეწოლის და ჟურნალისტების წინაშე არსებული შეზღუდვების მრავალფეროვნება.

რაც შეეხება მედიის მუშაობის წინააღმდეგ არამართლზომიერ ადმინისტრაციულ ზომებს, ანგარიშში ნახსენებია რამდენიმე რუსი ჟურნალისტის საქმეები, რომელთაც გაურკვეველი მიზეზების გამო საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს. ზოგიერთი მათგანი ამტკიცებდა, რომ შესვლაზე უარის თქმა მათ წარსულ ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდა.

უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ რამდენიმე ანტი-პუტინისტური მედიის წარმომადგენლებს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრა, რის თაობაზეც ეს მედია საშუალებები არაერთხელ წერდნენ.

საქართველო, ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, დაფინანსების მექანიზმებით მედიაზე ზეწოლის მაგალითადაა მოხსენიებული. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საზოგადოებრივი მედიისთვის ადეკვატურ დაფინანსებაზე უარის თქმა „ხშირად საფრთხეს უქმნის საინფორმაციო სააგენტოების მუშაობას და ასუსტებს მათ უნარს ჩაერთონ რთულ და საგამოძიებო ჟურნალისტიკაში“.

2023 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტი შეეცადა, რომ ცვლილებები შეეტანა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესში, რაც მშპ-ს არანაკლებ 0.14%-იანი დაფინანსების ნაცვლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ყოველწლიურად დამტკიცების სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. ამ ნაბიჯმა წინააღმდეგობა გამოიწვია, რადგან გაჩნდა წუხილები, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საკუთარი ბიუჯეტის დასაბუთების მოთხოვნა მის დამოუკიდებლობას საფრთხეს შეუქმნიდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულ იქნა „წინასწარი შეფასების, საზოგადოებრივ მაუწყებელთან კონსულტაციისა და დაინტერესებულ მხარეებთან და ექსპერტებთან ღია საჯარო დებატების გარეშე“.

თუმცა, ანგარიშში არ არის ნათქვამი, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ პირველი მოსმენით იქნა მიღებული. საბოლოოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭომ გაიარა კონსულტაცია და დაფინანსების სისტემა შემდეგნაირად შეიცვალა: 2026 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება განისაზღვრება საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობის 64-ზე გამრავლებით.

ანგარიშში საქართველო ასევე ნახსენებია პოლიციის მიერ მედიის მუშაობაში ხელის შეშლის კონტექსტში, თუმცა რაიმე კონკრეტულ შემთხვევებზე საუბარი არ არის.

ქართულ მედიაგარემოში 2023 წლის პოზიტიურ მოვლენად ანგარიშში ნახსენებია ივნისში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button