
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ოპოზიციას ჯაშუშობაში ადანაშაულებს და ქართული ოცნების საგამოძიებო კომისიის ინიციატივას ემხრობა
2024 წლის ივლისში დაარსებულმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ “ერთიანი ნეიტრალური საქართველო,” რომელიც თავისი პრო-სახელისუფლებო და ანტიდასავლური პოზიციითაა ცნობილი, მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ინიციატივას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სავარაუდო დანაშაულების გამოსაძიებლად საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ და მისი მანდატის შემდგომი გაფართოების ინიციატივით გამოვიდა. მოძრაობამ განაცხადა, რომ მხოლოდ 2003-2012 წლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის გამოძიება “არასაკმარისი პირობაა იმ პრობლემის საბოლოოდ აღმოსაფხვრელად, რომლის წინაშე ქართული სახელმწიფო დღემდე დგას.” მოძრაობა მოითხოვს, რომ გამოძიება ჩატარდეს ოთხი პოლიტიკური პარტიის მიმართ, რომლებიც, როგორც მოძრაობა ამტკიცებს, “საქართველოში მოქმედ ჯაშუშურ ქსელს” წარმოადგენს.
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ თავის განცხადებაში მხარი დაუჭირა კომისიის გაცხადებულ მიზანს, “რომელიც რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შეისწავლის და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას შეაფასებს.” მოძრაობა აცხადებს, რომ ამ სავარაუდო დარღვევების გადაჭრა გადამწყვეტია და ამტკიცებს, რომ “ამ პრინციპის დაცვის გარეშე, საქართველო ვერასოდეს შედგება, როგორც სრულფასოვანი დემოკრატიული სახელმწიფო, გამართული პოლიტიკური სისტემით.”
ერთიანი ნეიტრალური საქართველოს “ფეოსბუქის” პოსტი სერიოზულ ბრალდებებს უყენებს ოპოზიციურ პარტიებს და მათ “ჯაშუშური ქსელის” მართვაში ადანაშაულებს. მოძრაობის თქმით, ეს ქსელი , რომელიც ოთხი რადიკალური ოპოზიციური პარტიითაა წარმოდგენილი, ქვეყანას ამყოფებს “მუდმივი რყევების რეჟიმში,” აკნინებს “სახელმწიფო აღქმასა” და ხელს უწყობს “ქვეყანაში ჯაშუშობის ლეგალიზებას.” ჯგუფმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური საჩივრის შეტანას გეგმავს კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნულ საქმიანობებზე არიან პასუხისმგებელნი.
მოძრაობა “ჯაშუშობაში” ადანაშაულებს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და ოპოზიციის ლიდერებს, რომელთა შორის არიან ნიკა გვარამია, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, ძლიერი საქართველოს ლიდერი და გიორგი გახარია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი. მოძრაობამ აღნიშნა, რომ “ჯაშუშების ადგილი არის არა პოლიტიკაში, არამედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში,” რაც “სამართლის უზენაესობის უპირობო მოთხოვნაა.”
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს გზა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევისა და ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისკენ დამოკიდებულია პოლიტიკური ლანდშაფტის ე.წ “ჯაშუშებისგან გაწმენდაზე.” განცხადებაში ნათქვამია, რომ “პოლარიზაციის დაძლევა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება, გრძელვადიან რეჟიმში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა სრულად გათავისუფლდება ჯაშუშებისგან და მასში მხოლოდ ეროვნული, საკუთარი ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალები იქნებიან წარმოდგენილი.”
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მოძრაობა ოპოზიციის წინააღმდეგ გამოდის. მსგავსი განცხადებები მან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს წინაც გააკეთა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების დევნის ინიციატივითაც გამოვიდა. მოძრაობამ 2024 წლის 15 ოქტომბრის განცხადებაში აღნიშნა: „ამჯერად მაინც უნდა მოვახერხოთ პრობლემის და ბოროტების სათავემდე მისვლა და მისი ამოძირკვა. პრობლემის სათავე კი, როგორც აღინიშნა, სწორედ ის თითოეული რიგითი ამომრჩეველია, რომელიც ამ დროის განმავლობაში ასულდგმულებს და სიცოცხლეს უნარჩუნებს საზოგადოების მეტასტაზს, კრებსით ნაციონალურ მოძრაობას.”
მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველო, რომელიც ხშირად „ქართული ოცნების“ ნარატივებს ახმოვანებს, 2024 წლის 10 ივლისს დაარსდა . მისი დამფუძნებლები არიან ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი, ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები საქართველოსთვის“ წევრები; ვატო შაქარიშვილი, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის ყოფილი წევრი; ბიძინა გიორგობიანი, საქართველოს უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი და სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი; შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ნიკოლაიშვილი, ყოფილი დეპუტატი პეტრე მამრაძე.
ასევე წაიკითხეთ:
- 05/07/2023 – მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი: „ლგბტ პრაიდი საქართველოში არასოდეს ჩატარდება“
- 17/06/2023 – მოძალადეთა ჯგუფი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს და ახალგაზრდულ ბანაკს თავს დაესხა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)