ახალი ამბები

მოძალადეთა ჯგუფი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს და ახალგაზრდულ ბანაკს თავს დაესხა

დაახლოებით 50-60 მოძალადე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს თავს დაესხა, ქვები და წითელი საღებავი ესროლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი 17 ივნისს, დაახლოებით, 11:00 საათზე მოხდა. ასევე, დღეს თავს დაესხნენ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც ბორჯომში ამავე ბანაკში ლექციის ჩასატარებლად მიემართებოდა. ინციდენტი დაახლოებით 9:00 საათზე მოხდა, როდესაც უცნობმა მამაკაცმა მას სახეში გაარტყა.

ბანაკის ორგანიზატორების თქმით, პოლიციას ადგილზე მისასვლელად თითქმის ერთი საათი დასჭირდა. ბოლო ინფორმაციით, ბანაკმა მუშაობა შეაჩერა, ხოლო მისი მონაწილეები სახლებში დაბრუნდნენ.

ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის ბანაკი სახელწოდებით „ლიბერალური განათლების აკადემია“ 15-16 წლის მოსწავლეებს აერთიანებს. ჯაფარიძე ლიბერალური ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ლიდერია.

თავდამსხმელებს შორის იყო ვატო შაქარიშვილი, წარსულში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი აქტიური წევრი, რომელმაც გასულ წელს „კონსერვატიული მოძრაობა – საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დააფუძნა და „ლიბერალების დიქტატის დასრულების“ პირობა დადო. შაქარიშვილს კავშირები აქვს სახელისუფლებო და პრო-რუსული მედიის ისეთ წარმომადგენლებთან, როგორებიც არიან გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი) და გიორგი ხაინდრავა. „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში, შაქარიშვილმა ირონიულად დაწერა ჯაფარიძეზე, რომ „ერთმა ქართველმა კაცმა“ სახეში გაარტყა პოლიტიკოსს „იმისთვის, რომ ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებო“.

ლიბერალური მიმართულების ახალგაზრდული მოძრაობები „ფრანკლინის კლუბი“, „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტი“, მოძრაობა „სირცხვილია“ და პარტია „დროა“ არაერთხელ გამხდარან მმართველი პარტიისა და მასთან დაკავშირებული მედიის წამქეზებლური რიტორიკის სამიზნე, ვინაიდან ხელისუფლება მათ მარტის საპროტესტო აქციების დროს ძალადობის წაქეზებაში ადანაშაულებდა. მმართველმა პარტიამ საქართველოს ევროპელი პარტნიორებიც გააკრიტიკა ამ ორგანიზაციების დაფინანსების გამო. ასეთი თავდასხმების სამიზნე პირადად ჯაფარიძეც გახდა.

გამოხმაურება

ჟურნალისტებთან საუბრისას, შაქარიშვილმა დაადასტურა, რომ თავდამსხმელები მისი მოძრაობის მხარდამჭერები იყვნენ, თუმცა უარყო ინფორმაცია ქვების სროლის შესახებ, განაცხადა რა, რომ „ყველაფერი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა“. მისივე თქმით, „ეს იყო აღელვებული საზოგადოება, ქართველი ხალხი… ჩვენი მოძრობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ მხარდამჭერები, რომლებიც არასოდეს შეეგუებიან იმას, რომ ამ ქვეყნის მტრებმა მოწამლონ ახალგაზრდები. ძალადობა არის ის რასაც ზურა გირჩი აკეთებს“.

პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ Twitter-ზე დაწერა: „ეს შეუძლებელი იქნებოდა „ქართული ოცნების“ აქტიური წაქეზების გარეშე, რომ აღარაფერი ვთქვათ მათი პროპაგანდის ეფექტზე. პრო-დასავლურ, ლიბერალურ დემოკრატიულ საზოგადოებას ფიზიკური საფრთხე ემუქრება საქართველოში, სახელმწიფოში, რომელიც რუსმა ოლიგარქმა მიიტაცა. პოლიციაც არ ჩქარობს მოსვლას და ეს არცაა გასაკვირი“.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა: „… პრორუსულმა ოცნებამ აამუშავა რუსული ძალადობის მანქანა და ამ წუთებში თავს დაესხა ბორჯომში „გირჩი მეტი თავისუფლების“ ახალგაზრდულ ბანაკს, სადაც ევროპულ პერსპექტივას და საქართველოს დეოკუპაციის საკითხებს განიხილავდნენ. ძალადობრივი ჯგუფი ემუქრება ბანაკში მყოფ ბავშვებს. გარდა ამისა, დღეს დილით ზურაბ ჯაფარიძეს დაესხნენ თავს. მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, კობახიძეს და ღარიბაშვილს, საქართველოს ვერ გადააქცევთ რუსეთად, ხელი აიღეთ ძალადობასა და სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებაზე! ხელები შორს ახალგაზრდების და საქართველოს მომავლისგან!“.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა: „მეტი არაფერია რუსეთი, თუ არა ძალადობა რელიგიის სახელით, ომი მშვიდობის სახელით და მკვლელობა სიცოცხლის სახელით“. შაქარიშვილის პოსტთან დაკავშირებით, მელიამ დაწერა „ფეისბუქზე“: „ის კი რაც აქ წერია, არის ძალადობა, არის დანაშაული, ამის გაკეთებაც, მოწონებაც, გაზიარებაც და წაქეზებაც!  ამას არც კაცობასთან, არც ქრისტიანობასთან, არც ეროვნულობასთან და არც ევროპულობასთან არაფერი აქვს საერთო!“

პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ „ეს ყველაფერი იმ დაუსჯელობის შედეგია, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახალისებს. ეს სცენარი უკვე ნანახი გვაქვს, ეს ყველაფერი – ქვის სროლა, ფიზიკური ანგარიშსწორება, თავდასხმები, წარსულში უკვე ვნახეთ და როგორც დასრულდა, ყველას კარგად გვახსოვს. ეს მოძალადე რეჟიმიც დასრულდება! მაგრამ მანამდე კიდევ ერთხელ და კატეგორიულად მოვუწოდებ სამართალდამცავ სტრუქტურებს, სასწრაფოდ მიიღონ ზომები და აღასრულონ კანონი, ყველა მოძალადე და დამნაშავე უნდა დაისაჯოს!”

„ლელოს“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა: „ეს ძალადობა პირდაპირ წახალისებულია „ქართული ოცნების” სპიკერების აგრესიული განცხადებებით მათი ოპონენტების მიმართ“.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ რუსულ პროპაგანდაზე მინიშნებით განაცხადა: „ზურა ჯაფარიძეზე პროპაგანდისტული ტალახი იმიტომ მიუშვეს, რომ შემდეგ ისევ პროპაგანდამ თქვას: ‘აღშფოთებული’ ხალხი ძალადობს. მოძალადე, რუსული პროპაგანდა უნდა გადავტეხოთ. ეს არის  ბრძოლის მთავარი შინაარსი“.

მმართველ პარტიას მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

სახალხო დამცველის განცხადება

სახალხო დამცველმა „კატეგორიულად“ დაგმო ორივე ინციდენტი და მოუწოდა სამართალდამცავებს „მყისიერი და ეფექტიანი რეაგირებისკენ“, რათა უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილ იქნეს ბანაკში მყოფი პირების, მათ შორის, არასრულწლოვნების უსაფრთხოება, გატარდეს კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და თითოეულ დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება ეფექტიანად წარიმართოს.

არასამთავრობოების განცხადება

70-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 17 ივნისს ზურაბ ჯაფარიძის, ახალგაზრდული ბანაკისა და თსუ სტუდენტების წინააღმდეგ ძალადობრივი თავდასხმების შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ დროის მცირე მონაკვეთში გამხორციელებული სამი თავდასხმა „აშკარად წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია“.

„ეს დანაშაულებრივი ქმედებები ეწინააღმდეგება ქართულ ღირებულებებს“, – ნათქვამია განცხადებაში. არასამთავრობოები ხაზს უსვამენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის დევნა რუსეთის, პუტინის რეჟიმის ხელწერაა. „სწორედ ოკუპანტი სახელმწიფო უსწორდება ოპონენტებს და ძალადობრივად ახშობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას“. ხელმომწერმა ორგანიზაციებმა მოუწოდეს სამართალდამცავ უწყებებს დაუყონებლივ აღკვეთონ სიძულვილის დანაშაულები და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავეები.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button