
ქართული ოცნება “ნაციონალური მოძრაობის” სავარაუდო “სისტემური დანაშაულების” შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნას აანონსებს
2025 წლის 9 იანვარს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და “ქართული ოცნების” პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა, რომ პარლამენტი გაზაფხულის სესიის პირველ კვირაში გეგმავს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც გამოიძიებს 2003-2012 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს.
ბრიფინგზე მდინარაძემ გაიმეორა „ქართული ოცნების“ მიერ ხშირად გამოყენებული ნარატივი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების „სისხლიანი ცხრაწლეულის“ შესახებ. მან აღნიშნა, რომ კომისია გამოიძიებს „სისტემურ დანაშაულებს,“ მათ შორის: „პატიმრების წამებას,“ „პიროვნებების მკვლელობას, ძალადობას და პირადი ცხოვრების ხელყოფას,“ „კორუფციასა და ბიზნესზე ზეწოლას,“ „მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრებას,” და „[ენმ-ის მიერ] 2008 წლის ომის დაწყების [სავარაუდო] აღიარებას.“ მდინარაძემ დაამატა, რომ „სპეკულაციების გამოსარიცხად, იმთავითვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები.”
მდინარაძემ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ახალგაზრდებმა, ასაკიდან გამომდინარე, არ იციან ყოფილი ხელისუფლების სავარაუდო დანაშაულების შესახებ, ხოლო ზრდასრულებმა ისინი დაივიწყეს. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიის პარალელის გავლებით, მდინარაძემ განაცხადა, რომ “საზოგადოებას მუდმივად უნდა ახსოვდეს ავტორიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რათა მომავალში მათი გამეორება არ დაუშვას.” მისი თქმით, სწორედ ამ მიდგომით, “ნიურნბერგის პროცესითა და რეჟიმის დანაშაულების მუდმივი შეხსენებით,” შეძლო გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაემარცხებინა ნაციონალ-სოციალიზმი საზოგადოების ცნობიერებაში. “ეს არის გამოცდილება, რომელიც საქართველომაც უნდა გაიზიაროს და პრაქტიკაში დანერგოს,” აღნიშნა მან.
მდინარაძის თქმით, კომისია ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს, გამოიძახებს და გამოკითხავს ყოფილი რეჟიმის წარმომადგენლებს და სხვა პირებს, ვისაც შეიძლება ინფორმაცია ჰქონდეს სავარაუდო დანაშაულებზე. მისი შედეგები სექტემბერში პარლამენტს წარედგინება დამტკიცებისთვის, რის შემდეგაც ის გადაეცემა პროკურატურას “შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით.”
მდინარაძემ ასევე გაიმეორა მტკიცება, რომ საქართველოს „რადიკალური ოპოზიცია“ „დიფ სთეითის“ მიერ იმართება. მან დაამატა, რომ “საქართველოშიც ზუსტად იგივენაირად არის საჭირო რადიკალური ოპოზიციისგან განთავისუფლება, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს სჭირდება განთავისუფლება „დიფ სთეითისგან.”
„2012 წლიდან დღემდე, ეს პოლიტიკური ძალა ასრულებს მაოხრებელი გზირის ფუნქციას ქართულ პოლიტიკაში, ღიად უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გადამწყვეტ დაბრკოლებას უქმნის საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას,” განაცხადა მდინარაძემ.
მან ასევე დაამატა “ამ პოლიტიკური ძალის ბუნებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების თეორიულ შემთხვევაში, ის აუცილებლად ჩაიდენს იგივე სახის დანაშაულებს ახალი შემართებითა და ენერგიით, რაზეც მას მწვანე შუქს აუნთებენ იგივე ძალები, რომლებიც 2003-12 წლების ავტორიტარულ, სისხლიან რეჟიმს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ.”
“დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 2003-12 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციის და საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის. შესაბამისად, დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების უზრუნველსაყოფად”, აღნიშნა მდინარაძემ განცხადების ბოლოს.
ასევე წაიკითხეთ:
- 08/01/2025 – ქართული ოცნება გამოდის “დიფ სთეითისა”და „გლობალური ომის პარტიის” წინააღმდეგ, განავრცობს კონსპირაციულ თეორიებს
- 19/11/2024 – მდინარაძე საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე
- 14/09/2024 – ივანიშვილი გორში გარე ძალებს და „ნაციონალურ მოძრაობას“ 2008 წლის ომში ადანაშაულებს და „ოს ძმებსა და დებს“ ბოდიშს უხდის
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)